როგორ ყალიბდებოდა უკრაინის ახალი - ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია

2018-12-17 13:30:22
391

გასულ შაბათს იევში უკრაინის ახალი, ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის პირველი ლიტურგია ჩატარდა. უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია 15 დეკემბრის გამაერთიანებელ კრებაზე ჩამოყალიბდა. მის წინამძღოლად კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის “კადრი” - მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო) აირჩიეს. როგორ ყალიბდებოდა ახალი, ერთიანი ეკლესია?

ეკლესიის დამოუკიდებლობა უკრაინამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად მოითხოვა

1990 წელს, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი პიმენი (დენისენკო) გარდაიცვალა, მის სავარაუდო შემცვლელად პატრიარქი ფილარეტი (დენისენკო) განიხილებოდა. ეს უკანასკნელი დაინიშნა კიდეც თანამოსაყდრედ, თუმცა არჩევნები მიტროპოლიტებთან ალექსისთან (რომელიც საბოლოოდ პატრიარქი ალექსი II გახდა) და ვლადიმირთან (მოგვიანებით უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში) წააგო.

ფილარეტი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში ჩამოყალიბებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად იქნა არჩეული. უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ითხოვა, თუმცა მოგვიანებით ეპისკოპოსების დიდმა ნაწილმა შესაბამის მოთხოვნაზე საკუთარი ხელმოწერები უკან გაიწვია.

1992 წელს სასულიერო პირებისა და ეპარქიების ნაწილმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ მომენტიდან უკრაინაში არსებობდა სხვა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებული მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ორი არაღიარებული მსხვილი სტრუქტურა – უკვე მოქმედი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია (თავის ისტორიას 1919 წლიდან ითვლის, წინამძღოლი – მიტროპოლიტი მაკარი მალეტიჩი) და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (წინამძღოლი – პატრიარქი ფილარეტი).

ავტოკეფალიის იდეას უკრაინის დამოუკიდებლობის მომენტიდან უბრუნდებოდნენ

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას ემხრობოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი კრავჩუკი, კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან აქტიური მოლაპარაკებები კი მესამე პრეზიდენტის – იუშჩენკოს დროს დაიწყო. მისი წვლილი გამაერთიანებელ კრებაზე ცალკე აღნიშნა მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ. საკუთარ წვლილზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ დიალოგი “პრეზიდენტობის პირველი დღეებიდანვე” დაიწყო. 2016 წლის ივნისში უკრაინის უმაღლესმა რადამ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიმართა თხოვნით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. მაისში ხალხისადმი შესაბამისი მიმართვით გამოვიდნენ ექს-პრეზიდენტები კრავჩუკი, კუჩმა და იუშჩენკო.

თუმცა ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფილარეტმა განაცხადა, რომ ეკლესიის წინაძღოლის არჩევის საკითხით პოროშენკო მხოლოდ წელს დაკავდა. “ამას არჩევნებთან კავშირი არ აქვს, რადგან პოროშენკოს, როგორც ჭეშმარიტ მორწმუნეს, ესმის, რომ უკრაინული ეკლესიის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს”, — განაცხადა ფილარეტმა.

ვინ არის ეპიფანე (პიმენკო)

ეპიფანე 39 წლისაა. კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურება მან 2003 წელს დაიწყო. 2007 წელს ბერად აღიკვეცა და დაიწყო აღმავლობის ხანა მის სასულიერო კარიერაში. 2013 წელს იგი პერეიასლავ-ხმელნიცკისა და ბელოცერკოვსკის მიტროპოლიტად ხელდასხეს.

მიტროპოლიტი გახლდათ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდივანი, ფილარეტის მოადგილე და სავარაუდო მემკვიდრე, პასუხისმგებელი იყო განათლებაზე — იყო კიევის სასულიერო სკოლების რექტორი.

ამიერიდან მისი ოფიციალური ტიტულია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი”.

ეპიფანეს არჩევა გასულ შაბათს გამართულ კრებაზე შესაძლოა, ჩაშლილიყო,- წერს Украинская правда”. მისივე ცნობით, თავიდან ის ერთადერთ კანდიდატად ვერ დასახელდა. შემდეგ მისმა კონკურენტმა მიხეილმა (ზინკევიჩი) მეტისმეტად ბევრი ხმა მიიღო მეორე ტურში. გამოცემის წყაროს ცნობით, მიხეილის მიერ ამდენი ხმის მიღების შემდეგ ფილარეტი ადგა და განაცხადა, რომ კრებას დატოვებდა. კონფლიქტისთვის თავის არიდების მიზნით პრეზიდენტმა პოროშენკომ დაარწმუნა მიხეილი, კანდიდატურა მოეხსნა.

ეპიფანე ეკლესიის წინამძღოლად სიცოცხლის ბოლომდეა არჩეული. 6 იანვარს სტამბოლში მან კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან ტომოსი – ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ აქტი უნდა მიიღოს.

ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი ძალზე პოლიტიზირებულად რჩება

პეტრე პოროშენკომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინინჭებას ვლადიმირ პუტინისთვის "ათასწლეულის გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა. "ეს არის ეკლესია რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული ჯარისთვის ლოცვის გარეშე, რადგან რუსეთის ხელისუფლება და ჯარი უკრაინელებს ხოცავენ", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ეპარქიების უმრავლესობა სადღეისოდ კვლავ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში რჩება, ამდენად სასულიერო პირებსა და მრევლს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შიში აქვთ. გამაერთიანებელი კრების წინ ეპისკოპოსები უკრაინის უშიშროების სამსახურის მხრიდან ზეწოლას უჩიოდნენ. მიუხედავად ამისა, კრებაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ორმა იერარქმა მიიღო მონაწილეობა.