ატოცის ტერიტორიაზე მონიტორინგი „High-Lifted“ კამერების სისტემის განთავსებით გაძლიერდა

2018-12-17 12:37:38
755

საქართველოში ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.  იგეგმება თუ არა ცვლილებები მისიის ფორმატში? მიიღო თუ არა მან მომავალი საქმიანობისთვის დამატებითი დირექტივები? - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს „აქცენტი“ ესაუბრა.

– იგეგმება თუ არა ცვლილებები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფორმატში?

– მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. მისია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს 2008 წლის 6–პუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად. პერსონალის რაოდენობაც (სადღეისოდ 319 თანამშრომელი) იგივე რჩება. 

– რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან ერთად, მიიღეთ კონკრეტული დირექტივებიც. კერძოდ, როგორც ოფიციალურ განცხადებაში იყო აღნიშნული,  „მისია მონიტორინგისა და ანგარიშგებისას სხვა საკითხებთან ერთად, გააძლიერებს ანალიტიკურ საქმიანობასა და ყურადღების გამახვილებას რიგ სფეროებზე, მათ შორის  - უმცირესობათა საკითხებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე“. შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვიამბოთ ამის შესახებ?

–მანდატის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რამდენიმე მცირე ცვლილება განხორციელდა, გამოიყო თემატური სფეროები, რომელზეც მისიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს. მაგალითად, მისიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს რეგიონში ჰიბრიდულ საფრთხეებს. ნაკლებ სავარაუდოა, ამ ცვლილებების შესახებ ქართულ საზოგადოებას ეცნობოს, რადგან ეს არის შიდა საორგანიზაციო ზომები, რომლის მიზანი მისიის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებაა.

რაც შეეხება უმცირესობათა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ფაქტობრივად, მისია უკვე უწევს მონიტორინგს ამ საკითხებს თავისი მანდატის შესაბამისად, უბრალოდ ეხლა უფრო მეტი რესურსი გამოიყოფა ამ მიმართულებით. 

თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის გამო საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, მათ შორის უმცირესობათა ჯგუფებს აკრძალული აქვთ, მოინახულონ მნიშვნელოვანი კულტურული ადგილები, რომელიც მდებარეობს ამ ხაზის „სხვა“ მხარეს.  ეს საკითხი და მისი შედეგები რეგულარულად განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე. ინფორმაცია, რომელსაც მისია ადგილზე მინიტორინგის შედეგად მოიპოვებს, გამოყენებულია ამ დიკუსიებზე მხარეების ინფორმირებისთვის. 

ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა  ჩვენი მონიტორინგის ხარისხი გავაუმჯობესოთ.

მისია უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოში იმყოფება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ახალი, მითითებული ცვლილებების შესაბამისად და ამასთანავე, დავრჩეთ  ჩვენი მანდატის ერთგული.

–6 დეკემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მისივე თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, ისინი სოფელში დაახლოებით 2 კვირაა, არ გამოჩენილან. რას იტყოდით აღნიშნულთან დაკავშირებით?

–ფაქტობრივად, ეს ინფორმაცია არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის შესახებ ყველა დეტალს ვერ განვასაჯაროებთ, შეგვიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ატოცის ტერიტორიაზე მონიტორინგი ეფექტური გზით გავაძლიერეთ, როგორიცაა, მაგალითად, „High-Lifted“ კამერების სისტემის განთავსება. გარდა ამისა, ჩვენ ვახდენთ დაძაბულობის გამწვავების პრევენციას მისიის ხელთ არსებული ინსტუმენტებით, მათ შორის - ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით.

–შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ „High-Lifted“ კამერების სისტემის შესახებ? სულ რამდენი ასეთი კამერაა განთავსებული და კონკრეტულად რომელ ადგილებში?

– მისია „High-Lifted“ კამერის სისტემას (HLCS) 2017 წლიდან იყენებს. იგი აუმჯობესებს მისიის მონიტორინგის შესაძლებლობას.  HLCS  მაღლა აწეული კამერის სისტემაა (ის დამონტაჟებულია აეროსტატზე/საჰაერო ბურთზე) და შეიძლება, განლაგდეს სხვადასხვა ადგილებში.  მისია მას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან საჭიროების შესაბამისად იყენებს. მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ გავამხელთ.

–როგორც დავით ქაცარავამ განაცხადა, 6 დეკემბერს ის დაუკავშირდა მისიას და ითხოვა, მონიტორები ჩასულიყვნენ ატოცში. „გუშინ ჩვენ მათ ცხელ ხაზზეც შევეხმიანეთ და აქ მათი ჩამოსვლა მოვითხოვეთ.  მივიღეთ პასუხი, რომ „ცხელი ხაზი მხოლოდ 9–დან 6–სთ–მდე მუშაობს, მოგვწერეთ მეილზე, რა ხდებაო“. რა რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი?

– კერძო პირებს ცხელ ხაზზე დაკავშირება არ შეუძლიათ. იგი მხოლოდ ცხელი ხაზის ოპერატორების საშუალებით ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმია. იგი კვირაში 7 დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

მოქალაქეებს მისიის საველე ოფისებთან სატელეფონო კავშირის დამყარება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სურს, ჩვენი ყურადღების ფოკუსირება კონკრეტულ საკითხებზე მოვახდინოთ. რამდენიმე ჩვენმა საველე ოფისმა მათი მონიტორინგის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას სპეციალური ნომრები მიაწოდა. ეს ნომრები აქტიურია მხოლოდ დღის განმავლობაში.

 

მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ცხელი ხაზი. ეს კომუნიკაციის დამატებითი არხია, რათა ქართველ მოსახლეობას ჩვენი მუშობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს სურთ, პირველ რიგში, შესაბამის ქართულ სტრუქტურებს მიმართონ.

მისია ვარაუდობს, რომ ბატონმა ქაცარავამ ამ სატელეფონო ნომერზე დარეკა, რომელსაც არანაირი ოფიციალური კავშირი არ აქვს ცხელ ხაზთან. ცხელ ხაზთან დაკავაშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ აქ:  https://eumm.eu, ხოლო მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია – ბმულზე https://eumm.eu/data/file/5666/The_EUMM_Monitor_Issue_____December________ENG.eBVExcNZkf.pdf .

 

/მარი ჩუბინიძე