სომხეთში ქალის მკვლელობისთვის დაკავებული რუსი ჯარისკაცის ადგილსამყოფელი უცნობია

2018-12-14 17:57:31
154

სომხეთში ქალის მკვლელობისთვის დაკავებული რუსი ჯარისკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. სომხეთის იუსტიციის უწყებამ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ შირაქის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცი წინა დღეს დააკავეს, მაგრამ არ დაუზუსტებია, სომხეთის ციხეში იმყოფება ის თუ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ არ უპასუხა "რადიო თავისუფლების" შეკითხვას, რა ბრალდება აქვს წაყენებული ეჭვმიტანილს. სომხეთის ხელისუფლებმა 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ ჯარისკაცი, რომლის ვინაობას არ ამხელენ, ეჭვმიტანილია 57 წლის ქალის, ჯულიეტა ღუკასიანის ცემაში. ღუკასიანი საავადმყოფოში მიყვანამდე, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ადრე რუსეთის საელჩომ ერევანში უარყო მედიის ცნობა, რომ ქალი რუსმა ჯარისკაცმა სცემა. ადამიანის უფლებათა ერევნელმა დამცველმა, არტურ საკუნცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში ეჭვმიტანილის შესაძლო ყოფნა ეწინააღმდეგება რუსეთ-სომხეთის შეთანხმებას, რომლის მიხედვით, რუსი ჯარისკაცები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ სომხეთის ტერიტორიაზე, უნდა გადაეცენ გასასამართლებლად სომხურ მხარეს. საკუნცის თქმით, ვითარება ემსგავსება 2015 წლის ინციდენტს, როცა რუსმა ჯარისკაცმა გიუმრის ბაზიდან, მოსკოვის უმთავრესი საყრდენი პუნქტიდან სამხრეთ კავკასიაში, სომხური ოჯახის შვიდი წევრი დახოცა. რიგითი ვალერი პერმიაკოვი რუსეთის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ პროცესამდე და პროცესის შემდეგ დაკავებული, სანამ 2016 წელს მას სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიდნენ. ბევრმა სომეხმა შეშფოთება გამოხატა ამ მკვლელობის გაშუქების გამო რუსეთის მედიაში. მოგვიანებით პერმიაკოვი რუსეთში გადაიყვანეს სასჯელის მოსახდელად. ამ ინციდენტს პროტესტი მოჰყვა სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის წინააღმდეგ.