ისევ ლუგარის ლაბორატორია: რა წერია უცხოელი ექსპერტის დასკვნაში

2018-12-14 14:22:58
140

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია შეამოწმეს და დასკვნაში ასახეს, რომ აქ მხოლოდ მშვიდობიანი კვლევები მიმდინარეობს.


„გასულ კვირას ჟენევაში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე ქვეყნებმა და ექსპერტთა ჯგუფებმა საქართველოში ვიზიტის შედეგები წარადგინეს. ისინი ლაბორატორიაში დაახლოებით, 3 კვირის წინ იმყოფებოდნენ. ჩამოსული იყო 17 ქვეყნის ექსპერტი, დამკვირვებლები ევროკავშირიდან, თვითონ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის სამდივნოსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ლონდონის კოლეჯის ექსპერტი. მათ თავიანთი დასკვნები ცალ-ცალკე წარადგინეს. რაც მთავარია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასკვნა არის მარტივი: ჩვენ იქ მხოლოდ და მხოლოდ პროფილაქტიკურ მიზნებს ვასრულებთ. არავითარი ინსინუაცია იმის შესახებ, რომ ლაბორატორიაში რაღაც ისეთი ხდება, რომელიც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციით ლაბორატორიის მუშაობის წესებს ეწინააღმდეგება, არ შეესაბამება სიმართლეს. მთელ მსოფლიოში განსაზღვრულ ლაბორატორიის მუშაობის ყველა წესს ვაკმაყოფილებთ და ჩვენი კვლევა არის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის“, - აღნიშნა მან.

პაატა იმნაძის თქმით, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, როცა რუსეთის მხრიდან ბრალდებები დაიწყო.

„თუმცა საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული ეს შემოწმება კონკრეტულად, რუსეთის ბრალდებებს არ უკავშირდება. ჩვენ ეს დაახლოებით, 1 წლის წინ გვქონდა დაგეგმილი. მოწვეული იყო ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც, თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა ჩამოსვლაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის: ლუგარის სახელობის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის თავდასხმის სამიზნე. რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა, მან BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტები წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს.