არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში: „მაუწყებელთა პოლარიზაციამ პიკს მიაღწია, ხოლო ონლაინ–მედიაში იგი სულ უფრო და უფრო მცირდება”

2018-12-13 15:17:52
114

რიგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში „მაუწყებელთა პოლარიზაციამ პიკს მიაღწია, ხოლო ონლაინ მედიაში იგი სულ უფრო და უფრო მცირდება”.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, წლების მანძილზე სადისკუსიო გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა მაუწყებელთა პოლარიზაცია  ‐  ტელესივრცე ორპოლუსიანი ხდებოდა, მაუწყებლთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი  ‐ ოპოზიციისადმი. 2018 წელს ამ პოლარიზაციამ პიკს მიაღწია.

„2016, 2017 წლებში მიკერძოება ამა თუ იმ კანდიდატის პოზიტიურად გაშუქებაში გამოიხატებოდა,    2018 წელს კი მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიური გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით  ‐  „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“.   სამი წლის მანძილზე „რუსთავი 2“ მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ღიად ჩაერთო    „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში.    ამის საპირისპიროდ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. 2016, 2017 წლებში „იმედის“ მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოალურ დამოკიდებულებში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული. 

„იმედის“ მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017‐2018 წლებში. არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას.

თუ 2016 წელს არხზე არ გამოვლენილა მიკერძოების მნიშვნელოვანი ტენდენცია, 2017‐2018 წლებში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო და ოპოზიციის კანდიდატის ნეგატიურმა გაშუქებამ იმატა. ასევე ეთერიდან გაქრა ტოქშოუები, რომლებშიც კანდიდატებს მწვავე კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა. საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. 2016 წელთან შედარებით, 2017‐2018 წლებში, არხი მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, თუმცა მოვლენების სიღრმისეული გაშუქება პრობლემად დარჩა. ამ პოლარიზებულ გარემოში მიუკერძოებელი სივრცის დაკავებას ცდილობს „ტვ პირველი“. მის ეთერში არ შეიმჩნეოდა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ტენდენციურად გაშუქება“, – ნათქვამია ანგარიშში.

მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, გაუარესების ტენდენცია ჩანს ტელეეთერში სადისკუსიო სივრცის შექმნის თვალსაზრისითაც.

„2016 წელს ბევრად მეტი გადაცემა ეთმობოდა კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს შორის დებატებს, შესაბამისად, აუდიტორიისთვის მათი ხედვების შესახებ ინფორმაცია მეტად უზრუნველყოფილი იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში კი არხების უმეტესობას მოსახლეობისთვის დებატები არც შეუთავაზებია“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, ზოგადად სიღრმისეული გაშუქება მიმდინარე ამბების და ტოქშოუებში საკითხების ანალიზის დაბალი ხარისხი ქართული ტელემედიის გამოწვევად რჩება.

„მაუწყებლების უმრავლესობას უჭირს თემების მოძიება, პრობლემების იდენტიფიცირება, გამოკვლევა და საკუთარი დღის წესრიგის შეთავაზება აუდიტორიისთვის. სადისკუსიო გადაცემებში საკითხები ზედაპირულად განიხილება, რაც ხელს უშლის მაყურებელს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გააანალიზოს კანდიდატთა ხედვები და კენჭისყრის დღეს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

2016‐2018 წლებში დადებითი ტენდენცია შეიმჩნეოდა სიძულვილის ენის შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში. ჩანს, რომ მაუწყებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ გამხდარიყვნენ ამგვარი გამოხატვის გამავრცელებლები. უფრო მეტიც, 2018 წელს საინფორმაციო გამოშვებებში აკრიტიკებდნენ იმ საჯარო პირებს, ვინც სიძულვილის ენას იყენებდა. აშკარა სიძულვილის ენა არა,  მაგრამ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ნამდვილად ახლდა თან 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებას. ამ მხრივ გამორჩეული იყო „რუსთავი 2‐ის“ გადაცემა „კვირის აქცენტები“, რომლის ერთ‐ერთი წამყვანი არანორმატიულ ლექსიკასაც იყენებდა. როგორც სიძულვილის ენა, ისე შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მოუგვარებელ პრობლემად დარჩა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, რომელიც სამივე წლის მანძილზე „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება პოლარიზაცია, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამწლიანი მონიტორინგი ნათლად აჩვენებს, როგორ    ძლიერდებოდა მაუწყებლების პოლარიზაცია.

„2018 წელს პოლარიზაციამ ფაქტობრივად პიკს მიაღწია, „იმედი“ და „რუსთავი 2“ საარჩევნო კამპანიების მთავარი ფიგურანტები გახდნენ. ამ ფონზე კი საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც „იმედის“ ფლანგზე აღმოჩნდა და ამჯერადაც ვერ შეძლო კანონით დაკისრებული მიუკერძოებელი და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სარედაქციო პოლიტიკის შექმნა. 

ქართულ მედიასივრცეში არსებობს კიდევ ერთი მაუწყებელი მკვეთრად გამოხატული მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით ‐ „ობიექტივი“, რომელიც  მონიტორინგის ყველა პერიოდში პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა იყო. ამ პარტიის წევრები არიან ტელევიზიის დამფუძნებლებიც. შესაბამისად ისინი პოზიტიურად იყვნენ წარმოჩენილნი როგორც საინფორმაციო გადაცემაში, ასევე ტოქშოუებში. პარტიის წევრები ხან სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ გადაცემებში, ხან კი თავად იყვნენ წამყვანები.

ამ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა „ტვ პირველი“ და აჭარის ტელევიზია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ქართულ ონლაინ მედიას, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ონლაინ მედიაში პოლარიზაცია სულ უფრო და უფრო მცირდება:

„ 2016 წლის მონიტორინგის რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, შერჩეული ვებსაიტების ნახევარზე მეტში მეტ‐ნაკლებად ჭარბობდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებისას. ამავდროულად, 2016 წლის მონიტორინგისთვის შერჩეული ვებსაიტების ნახევარში მეტ‐ნაკლებად ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები „ქართული ოცნების“ გაშუქებისას. თუმცა, ამ ვებ–საიტების დიდ ნაწილში არ შეინიშნებოდა ჟურნალისტთა მხრიდან ცალსახად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ და აღნიშნული დადებითი და უარყოფითი ტონის მაჩვენებლები ძირითადად მხოლოდ რაოდენობრივი ანალიზის შედეგად ვლინდებოდა. მაგალითად, ზოგი საინფორმაციო სააგენტოსა თუ პორტალის ცალკეულ სტატიებში არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა პოლიტიკური ძალების მიმართ, თუმცა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, აღნიშნული ტენდენციები შესამჩნევად ვლინდებოდა რაოდენობრივ მონაცემებში“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წლის მონიტორინგის პერიოდში კი ორი გამონაკლისი ვებსაიტის გარდა, reportiori.ge და marshalpress.ge, მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ გამოცემაში აღარ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.

„აღნიშნულ ორ ვებსაიტზე კი 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ცხადად შეინიშნებოდა ერთი მხრივუაღრესად დადებითი განწყობა სალომე ზურაბიშვილის, ხოლო, მეორე მხრივ, უკიდურესად უარყოფითი განწყობა გრიგოლ ვაშაძის მიმართ“, –ნათქვამია კვლევაში.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, ონლაინ მედიაში ყოველწლიურად მცირდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია ონლაინ მედიის გამოწვევებზე:

ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. შესაბამისი მითითების გარეშე გამოქვეყნებული სტატიები ხშირად გვხვდებოდა მონიტორინგის სამივე წლის განმავლობაში ასევე, მწვავე გამოწვევას წარმოადგენს საკითხების ზედაპირული გაშუქება და კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა. ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი უმეტესად ყურადღებას უთმობს მხოლოდ პოლიტიკოსთა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა განცხადებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას. იშვიათად გვხვდება ჟურნალისტთა მხრიდან ექსკლუზიური თემების მოძიება, ფაქტების გადამოწმება, დამატებითი ინფორმაციის წყაროებთან დაკავშირება და ა.შ“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოვლინდა ონლაინ მედიის მხრიდან საკითხების ზედაპირული გაშუქება:

„საკითხების ზედაპირული გაშუქება ვლინდება საარჩევნო პერიოდშიც, როდესაც ვებსაიტების დიდი ნაწილი უმეტესად უკომენტაროდ და შესაბამისი ანალიზის გარეშე აშუქებს საარჩევნო სუბიექტთა ყოველდღიურ საქმიანობასა და წინასაარჩევნო დაპირებებს და ნაკლებ ყურადღებას უთმობს კანდიდატთა საარჩევნო პროგრამების სიღმისეულ ანალიზს. მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართული ონლაინ მედია ახერხებს მკითხველის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების შესახებ. თუმცა, სასურველია, რომ მეტი ყურადღება ეთმობოდეს საკითხების სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს“.

ცნობისთვის: 

მედიამონიტორინგი “გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევა მოიცავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო თოქშოუების მონიტორინგი;
  • ინტერნიუს-საქართველო –  რადიოების მონიტორინგი;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) – ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი.