ზუსტად 24 წლის წინ რუსეთ–ჩეჩნეთის პირველი ომი დაიწყო

2018-12-12 17:34:58
505

ზუსტად 24 წლის წინ რუსეთ–ჩეჩნეთის პირველი ომი დაიწყო. 1994 წლის 11 დეკემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რუსული ჯარი შევიდა და ოფიციალურად დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „საკონსტიტუციო წესრიგის დამყარება“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, გენერალი პაველ გრაჩოვი მხოლოდ ერთი სადესანტო პოლკის გამოყენებით გროზნოს 2 საათში აღებას აანონსებდა, თუმცა რუსული ტანკები გეროზნოს ქუჩები ასანთის კოლოფებივით დაიწვა, არმიამ კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ჩეჩნების წინაშე ფიასკო განიცადა.

1996 წლის აგვისტოში ხასავიურტის შეთანხმებას მოეწერა ხელი და დემორალიზებულმა რუსულმა არმიამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა დატოვა, რათა შემდეგ 1999 წელს დაბრუნებულიყო.

1994 წლის დეკემბერში რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო გადაწყვეტილება „სეპარატისტულ“ ჩეჩნეთში ჯარის გაგზავნის შესახებ. მის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეულმა გენერალმა გრაჩოვმა კი ელცინს პირობა მისცა, რომ გროზნოს მხოლოდ ერთი სადესანტო პოლკის ძალებით ორიოდ საათში აიღებდა.

ომის პირველ მსვერპლად ინგუშეთის ჯანდაცვის მინისტრი ქამერლან გორჩხანოვი იქცა. მან გროზნოსკენ მიმავალი ტანკების კოლონას გზა საკუთარი მანქანით გადაუღობა, აპროტესტებდა რა სამხედრო კამპანიას. გორჩხანოვის მოწოდებამ, ჰუმანიზმი გამოეჩინათ, სამხედროების მხრიდან გაგება ვერ ჰპოვა, მის მანქანას ტანკებით გადაუარეს, მინისტრი სასტიკად სცემეს და მომაკვდავი გზის პირას მიატოვეს.

ომის პირველივე საათებიდან რუსული არმია სახალხო წინააღმდეგობას წააწყდა. ჩეჩენი ახალგაზრდები ქუჩაში დაგდებულ იარაღს და დუდაევის სამხედრო ქვედანაყოფებს უერთდებოდნენ. ახალგაზრდა მომღერალი იმამ ალიმ სულთანოვი მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა და სიმღერით ამხნევებდა „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის წმინდა ომში“ მიმავალ ახალგაზრდობას. მიუხედავად მრავალჯერადი უპირატესობისა და აღჭურვილობისა, რუსულმა არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა, მოუქნელი რუსული ტანკები კი გროზნოს ქუჩებში ასანთის კოლოფებივით იწვოდა. როგორც პაველ გრაჩოვმა განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტ ელცინთან ერთად საახალწლო საღამოს ყველა ტელეარხი უჩვენებდა, ნორჩი წვევამდელები „ღომილიანი სახით“ იღუპებოდნენ. გროზნოს მოსახლეობა ევაკუირებული იყო, თუმცა ბევრი სახლებში დარჩა, ვინაიდან ბოლო წუთამდე არ სჯეროდათ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვასა და ეროვნული ნიშნით დახვრეტას განახორციელებდა. დაბნეულობა, ძარცვები, ძალის გადამეტება – ამ ყველაფერმა რუსული შეიარაღებული ძალების რეალური სახე და მდგომარეობა აჩვენა. ათობით უცხოელმა ჟურნალისტმა, რომელიც ომის მსვლელობას აშუქებდა, უმოწყალოდ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და გამუდმებით წერდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ადვოკატი ზაურბეკ სადახანოვი, რომელიც ომის დაწყების დროისთვის 16 წლისაც არ იყო, იხსენებს:

„ის დღე ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთის მორიგმა პოლიტიკურმა რეჟიმმა თავისი სამხედრო დამნაშავეები ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აქტის განსახორციელებლად გამოგზავნა და, რა თქმა უნდა, ამ დღეს ვერც ერთი ჩეჩენი ვერასოდეს დაივიწყებს. ხედავდნენ რა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, ადამიანები აცნობიერებდნენ, რომ რუსული არმია მკვლელობებისთვის, დაბომბვებისთვის, ჩეჩნების პირისა და მიწისგან აღგვისთვის შემოვიდა. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხზე პოზიციას არავინ არავის ეკითხებოდა. განურჩევლად ყველას ხოცავდნენ“.

ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დევნილებისთვის გაკეთებული დერეფნის გავლისას დაიღუპა, ვინაიდან რუსმა სამხედროებმა, ყველა შეთანხმების დარღვევით, სამშვიდობო დერეფანზე შეიარაღებული შეტევა განახორციელეს. სწორედ ასე დაიღუპნენ ზაურბეკის ბიძა და ბიძაშვილი.

„1995 წელს, თებერვალში დასახლებულ პუნქტ პრიგორიდნის მიდამოებში გროზნოდან მომავალი დევნილების კოლონა დაცხრილეს, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სქესის, ეროვნების, ასაკის ადამიანები. იქ ბიძაჩემი და ჩემი ბიძაშვილიც დაიღუპნენ. მოგვიანებით, აპრილში თუ მაისში პრიგოროდნის მიდამოებში ორი დიდი სამარხი ამოთხარეს და ყველა, ვინც ვარაუდობდა, რომ მათი ახლობლები ამ ორმოებში იყვნენ ჩაყრილები, ნაწილ–ნაწილ აგროვებდა სხეულის ფრაგმენტებს. ჩვენი ოჯახის წევრებმაც ასევე გააკეთეს და მოვახერხეთ მათი დაკრძალვა“.

ჩეჩნეთის პირველმა ომმა ხალხებს შორის მტრობა დათესა, 10–ობით ათასი ადამიანი დაიღუპა და უგზო–უკვალოდ დაიკარგა, არადა ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1990 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა რეგიონული ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა:

„აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენის ჩაყლაპვასაც შეძლებთო“. შემდგომში მას ამ განცხადების გახსენება აღარ უყვარდა. 1991 წლის ოქტომბრის საყოველთაო არჩევნების შედეგად ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეში სამხედრო მფრინავი ჯოხარ დუდაევი მოვიდა. იმავე წლის 1 ნოემბერს მან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. კრემლმა, რომელსაც პუტჩი ახლადგადატანილი ჰქონდა, ეს ფაქტი უყურადღებოდ დატოვა. შემდეგ იყო ბელოვეჟის შეთანხმებები, ბერლინის კედლის მსხვრევა, საბჭოთა კავშირის დაშლა და ევროპიდან რუსეთში რუსული სამხედრო ნაწილების იძულებითი დაბრუნება.