კალაძე – „რ2“–ზე: „მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, არც ერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ ამ ტელევიზიას“

2018-12-12 12:02:17
1896

თბილისის მერი კახა კალაძე „ყველა სახელმწიფო უწყებას მოუწოდებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს არც ერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ“.

კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  „რუსთავი 2“-ის მიერ საბავშვო ბაღებში კვების ტენდერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ ეთერით სიცრუე გაჟღერდა:

„მინდა, შევეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის სიცრუეებს. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ, რომ არ მოგვიწიოს პასუხის გაცემა სიცრუის მანქანებზე. მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არც ერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ ამ ტელევიზიას. ამ სიცრუეს საზოგადოება ისმენს და ბევრს შემდეგ ეს მართალი ჰგონია. ამიტომ ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება. ყველა ტყუილზე უნდა იყოს ნათქვამი სიმართლე, რაც ხდება და როგორც არის. „რუსთავი 2“–ის სიუჟეტი გავიდა 6 დეკემბერს, რომლის თანახმად, 66 000 ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია და რატომ აწვდიან ამ სიცრუეს მოსახლეობას. ეს არის ტყუილი. სიუჟეტი გავიდა 6 დეკემბერს და ტენდერი კვებაზე გამოცხადდა 4 დეკემბერს და თუ არ ვცდები დღეს მთავრდება. დღეს გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია ამ ტენდერში. [...] მოვუწოდებ "რუსთავი 2“-ს თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“.