მესაფლავეთა მიერ მარტვილში აღმოჩენილი მონეტები სავარაუდოდ, მე-7 და მე-10 საუკუნეებისაა

2018-12-11 17:20:15
338

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის განცხადებით, სოფელ ბანძაში მესაფლავეთა მიერ აღმოჩენილი მონეტები სავარაუდოდ, მე-7 და მე-10 საუკუნეებისაა. 

"მონეტები სხვადასხვა საუკუნით თარიღდება და სავარაუდოდ, ადგილობრივი ტაძრის საგანძური იყო", – განუცხადა "რდიო თავისუფლებას" გივი ელიავამ. 

მუზეუმის დირექტორი ვარაუდობს, რომ ეს არის ტაძრის საგანძური, რომელიც მღვდელმა ანტონ კეკელიამ გადამალა, როცა საბჭოთა პერიოდში ბანძის ტაძარს დანგრევის საფრთხე დაემუქრა.

გივი ელიავა ამბობს, რომ არსებული ცნობების თანახმად, საგანძურს ანტონ კეკელია ქველმოქმედებისთვის იყენებდა. მონეტები ნაპოვნია სწორედ საგვარეულო სასაფლაოზე, სადაც საფლავს თხრიდნენ ანტონ კეკელიას გარდაცვლილი შვილიშვილის დასაკრძალად.

ინფორმაცია, რომ სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა აღმოაჩინეს თიხის ქოთანი ოქროს და ვერცხლის მონეტებით, 10 დეკემბერს გავრცელდა. მესაფლავეებმა ნივთების ნაწილი საფლავის მფლობელ ოჯახს გადასცეს, ნაწილი კი გასაყიდად ქუთაისში წაიღეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო ნივთის ფარულად დაუფლების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სრულად ამოიღეს მპოვნელების მიერ თანხის სანაცვლოდ ქუთაისში ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რომლებიც ოჯახისთვის გადაცემულ მონეტებთან ერთად დაცულია ნივთმტკიცებების სპეციალურ ოთახში. შს სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა ექსპერტიზით გადაწყდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღების და შეფასების საკითხი.