„ღირსების“ მკვლელობები კავკასიაში

2018-12-07 17:21:00
403

უფლებადაცვითმა პროექტმა „სამართლებრივი ინიციატივა“ 33–გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა „ჩრდილოეთ კავკასიაში ქალთა მკვლელობები „ღირსების მოტივით“. დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე მომზადებულ დოკუმენტში საუბარია უპირველესად, ნათესავების მიერ ქალთა მკვლელობებზე, რომელიც „ოჯახის ღირსების რეაბილიტაციას“ ისახავს მიზნად. მსგავს შემთხვევებში ქალები „მორალისა და სქესთაშორისი ურთიერთობების“ სფეროში ადგილობრივი ადათ–წესების დარღვევაში არიან ეჭმიტანილები.

გაერო–ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევების მსხვერპლად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 5 000 ქალი იქცევა. მსგავსი მკვლელობები ყველაზე ხშირად გვხვდება ირანში, პაკისტანში და პალესტინურ ტერიტორიებზე. რუსეთს კი მსგავს მოხსენებებში არ ახსენებდნენ, თუმცა ამჯერად უფლებადამცველების ყურადღების ქვეშ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკებიც მოექცა.

როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, 2008–დან 2017 წლის ჩათვლით მათ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიებზე ჩადენილი 33 მასგავსი მკვლელობის შესახებ გააჩნიათ მონაცემები, თუმცა რეალურად მსგავსი შემთხვევები სავარაუდოდ, ბევრად მეტია. საუბარია, კერძოდ, 36 მსხვერპლ ქალზე და 3 მამაკაცზე. აქედან 22 მკვლელობა დაღესტანშია ჩადენილი, 9 – ჩეჩნეთში, 2– ინგუშეთში, თუმცა სასამართლომდე მხოლოდ 14 საქმე მივიდა და მათგან ერთში ბრალდებული გაამართლეს.

მსგავსი დანაშაულების მსხვერპლნი უმთავრესად ახალგაზრდა, დაუოჯახებელი ან გაშორებული ქალბატონები ხდებიან. უფრო იშვიათად – შეუღლებული ქალები 20–დან 30 წლამდე ასაკში. მკვლელებად იქცევიან მამები, ძმები, ქმრები, მამინაცვლები და ბიძაშვილ–მამიდაშვილები.

„მის შესახებ ჭორები დადიოდა. ერთხელ მისი ძმის თანდასწრებითაც ითქვა რაღაც და დასცინეს. გამწარდა და მოკლა“,– ციტირებს „სამართლებრივი ინიციატივა“ 2014 წელს ბიძაშვილის მიერ დაღესტანში მოკლული 25 წლის ქალის ერთ–ერთ თანასოფლელს.

როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, მსგავსი შემთხვევების უმრავლესობა იმალება. ხალხი მათ შესახებ თითქმის არ საუბრობს, ხოლო სამართალდამცველები ცდილობენ, ან რეაგირების გარეშე დატოვონ, ან მკვლელს სხვა მოტივი მოუძებნონ.

მოხსენების ავტორების დაკვირვებით, „ღირსების მკვლელობებს“ საფუძვლად უდევს არა შარიათის ნორმები და ადგილობრივი წეს–ჩვეულებები, არამედ, „პირადი და საგვარეულო ამბიციების თვითნებური მხარდაჭერა, რომელსაც ჭორები, ცილისწამება, საზოგადოებრივი აზრის წნეხი აღვივებს“.

„სამართლებრივი ინიციატივა“ მსგავს დანაშაულებს იმას უკავშირებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში „უწყვეტად არის დაკავშირებული ერთმანეთთან ქალის ღირსების, ოჯახისა და გვარის ცნებები და სწორედ ქალს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პირადი და კოლექტიური „ღირსების“  შენარჩუნებაზე“. მამას მსგავსი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება: „ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, მიზეზებს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, იქნებ მამა მართალი იყო. ის ხომ მამაა“– განუცხადა კვლევის ავტორებს მამის მიერ 2015 წელს დაღესტანში მოკლული 15 წლის გოგოს თანასოფლელმა.


რას ფიქრობენ მოხსენებაზე ჩრდილოეთ კავკასიაში

 

დაღესტნის ლიდერის ადმინისტრაციის საინფორმაციო პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ზუბაირუ ზუბაირუევი აცხადებს, რომ „სამართალებრივი ინიციატივის“ ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს, რადგან „ხშირ შემთხვევაში მომხსენებლები ტყუიან“. ზუბაირუევის თქმით, ხდება თუ არა მსგავსი რამ დაღესტანში, მან არ იცის, ზოგადად „მსგავსი შემთხვევების შესახებ სმენია“, და თვლის, რომ „თუ ეს ხდება, დაუშვებელია“.

ჩეჩნეთის ლიდერის პრეს–მდივანმა ალვი ქარიმოვმა განაცხადა, რომ „ე.წ. მოხსენეების დასკვნები აშკარად გაზვიადებულია. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მსგავსი არაფერი ხდება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ ე.წ. ამორალური ქალები ჩეჩნეთში არ არიან“. (ამ განცხადების დროს იგი პირადი ინიციატივით გეების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნათესავები მათ თავად გაუშვებენ იმ მისამართზე, საიდანაც აღარ ბრუნდებიან“).

ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის საგარეო კავშირების, ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის მინისტრმა ჯამბულათ უმაროვმა კი მოხსენებას „რეგიონის იმიჯის შელახვისა და ჩრდილოეთ კავკასიელთა გამოქვაბულის საზოგადოებად წარმოჩენის თავხედური მცდელობა“ უწოდა.

ინგუშეთის ლიდერის მრჩეველი არტიომ პერეხრისტი უმაროვს დაეთანხმა: „ჩამოდით მაგასში, გროზნოში და თავად ნახეთ, რომ აქ სრულიად ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ და ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის და არა გამოქვაბულის კანონებით“.


საქართველო, „ღირსების საქმე“ და ხანუმ ჯეირანოვა

 

ხანუმ ჯეირანოვა 2014 წლის სექტემბერში დაიღუპა. მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მოტივად სახელდება მოვლენები, რომელთაც წინა დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, როგორც უფლებადამცველები, რიგი მოწმეები, ასევე ჯეირანოვას მამა და ქმარი აცხადებენ, ჯეირანოვა ქმრის ნათესავებსმა სოფლის დასანახად ცემეს. შეურაცხყოფის მომსწრენი გახდნენ ჯეირანოვას შვილები, რომლებიც სკოლიდან ბრუნდებოდნენ.

როგორც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის “საფარი” სპეციალისტი მარი კურტანიძე განმარტავს, როდესაც ჯეირანოვას “არაადამიანურად მოექცნენ”, პოლიციელებმა იმავე დღეს იცოდნენ ამის შესახებ, თუმცა სახელწმიფომ იგი “დაუქვემდებარა განმეორებით ძალადობას”.

“მაშინ, როდესაც იმ დღესვე პოლიციამ ნახა, [ძალადობის განმეორების] რისკი არ შეუფასებია, არ განუმარტავთ თავისი უფლებები, არ გადაუყვანიათ თავშესაფარში”, ამბობს კურტანიძე. მისი თქმით, ჩვენებები კონცენტრირდებოდა ჯეირანოვას პირად ცხოვრებაზე, და იყო მითითებული, რომ იგი “იმსახურებდა სიკვდილს; ასე ჩამორეცხა ოჯახს [სირცხვილი]” და ა.შ.

მისი შეფასებით, მთავარი გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ჯეირანოვაზე იძალადეს, იყო “კულტურული ნორმები და გენდერული სტერეოტიპები, რაც ფესვგადგმულია საზოგადოებაში და განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც მოხდა”.

„სახელმწიფო არათუ ცდილობდა კულტურულ ნორმებს შეწინააღმდეგებოდა, არამედ თვითონ იყო ის, ვინც დისკრიმინაციულად მოქმედებდა”,– ასკვნის კურტანიძე საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ.

“ვფიქრობთ, რომ იკვეთება დისრკიმინაციული დამოკიდებულება იმ გამომძიებლების მხრიდანაც, რომლებიც ამ ოქმებს ადგენდნენ” — აცხადებენ “საფარიში”.

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, არც ვინმეა პასუხისგებაში მიცემული. ჯეირანოვას ქმარი უშედეგოდ ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც მისი განცხადებით, ხანუმი ქმრის ღალატში დაადანაშაულეს,  სოფელში ჩამოატარეს და სცემეს.  გასანოვმა ერთ–ერთი მათგანი იარაღით ფეხის არეში დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასანოვი 2016 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა შეიწყალა.