მინისტრის მოადგილე – ჰააგას: „ქართველი ხალხი წამებისა და მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენას და დასჯას ელის“

2018-12-06 17:59:36
244

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება, ქართველი ხალხი ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობისგან ელოდება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის დანაშაულებში ბრალის მქონე პირების გამოვლენასა და დასჯას. 

„დარწმუნებული ვართ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება გახდება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ლორთქიფანიძემ ღონისძიების მონაწილეებს 123 ქვეყნის დელეგაციის წევრებს რომის სტატუტის 20 წლისთავი მიულოცა და იმ მოლოდინებზე ესაუბრა, რაც საქართველოს ჰააგის სასამართლოსგან აქვს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო არის ქმედითი იარაღი საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა საერთაშორისო ორგანოებისაგან გამოარჩევს და განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს ის, რომ აქვს კონკრეტული, სამართლებრივი ბერკეტი მართლმსაჯულების განსახორციელებლად, შეუძლია პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო დანაშაულებების მსხვერპლთ და ეს მხარდაჭერა არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით.

გოჩა ლორთქიფანიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს, როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების აღმასრულებელი ორგანოს, ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომ მისი უფლებამოსილება გავრცელდეს არა მარტო რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებზე, არამედ ყველა ქვეყანაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების რწმენა ემყარება რწმენას, რომ დანაშაული, ჩადენილი მსხვერპლზე ბევრად ძლიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს მოქალაქეების მხრიდან, დაუსჯელი არ დარჩება.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.