ვიდეო ▶ ისევ ატოცი: „დღეს ყველაზე ცხელი ხაზი ატოცში გადის“

2018-12-06 12:58:13
238

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები ატოცში 24–საათიან მორიგეობას განაგრძობენ. როგორც მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, ოკუპანტების გუშინდელი აქტიურობისა და მზადების შემდეგ რუსი სამხედროები თვალთახედვის არეში არ გამოჩენილან. მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

„გაგიკვირდებათ და, პირველად ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც ჩვენ აქ ვიმყოფებით, უკუპანტები სათვალთვალო კოშკურაზე არ გამოჩდნენ. მათ უბრალოდ გამოიარეს. ამ დროისთვის სიმშვიდის სტატუსი გვაქვს, თუმცა რთულია, სიმშვიდე დაარქვა მას, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება. ამ დროისთვის აბსოლუტური სიჩუმეა. გუშინ „ძალა ერთობაშიამ“ თავისი მწირი ძალების მობილიზება მოახდინა. ჩამოვიყვანეთ ჩვენი ძირითადი ძალები. ამ დროისთვის ისინი სოფელში იმყოფებიან და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის შემთხვევაში ისინი 10 წუთში გაჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან. აქ 148 ბოძია, რომლის შემდეგაც ოკუპანტები გაჩერდნენ და არ მივცემთ უფლებას, რომ მათ პროცესი გააგრძელონ“,– განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მისიის ცხელ ხაზზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს განუცხადეს, რომ ცხელი ხაზი მხოლოდ დილის 09:00–სან, საღამოს 18:00 საათამდე მუშაობს, თუმცა მისიის წარმომადგენლები ადგილზე გვიან ღამით ჩავიდნენ და ამჟამადაც ადგილზე იმყოფებიან.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აქ დაახლოებით 2 კვირაა არ გამოჩენილან. ვგულისხმობ საოკუპაციო ხაზს, თორემ ბუნებრივია, ისინი რეგიონში მოძრაობენ, მისიას ასრულებენ, მაგრამ დღეს ყველაზე ცხელი წერტილი ატოცში გადის. ატოცში, სადაც ჩვენ ერთად შევაჩერეთ საოკუპაციო მანქანა.

გუშინ ჩვენ მათ ცხელ ხაზზეც შევეხმიანეთ და აქ მათი ჩამოსვლა მოვითხოვეთ. მართალია, მივიღეთ პასუხი, რომ „ცხელი ხაზი მხოლოდ 9–იდან 6–საათამდე მუშაობს, მოგვწერეთ მეილზე, რა ხდებაო“. ჩვენ ვუთხარით, რომ „კარგით, ხვალ დილით გაიგებთ, რა ხდება“. გუშინ, გვიან ღამე ევროკავშირის მისიის მანქანები აქ იყვნენ, ჩამოვიდნენ და ახლაც, დილიდან აქ არიან“,– ამბობს ქაცარავა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, მთელი ერთი თვის განმავლობაში, რაც „ძალა ერთობაშია“ მეთვალყურეობას აწარმოებს, სამართალდამცველები ადგილზე მუდმივად იმყოფება:

„კითხულობენ, „სად არის პოლიცია?“ პოლიცია მუდმივად აქ არის. მათ ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით, რომ კიდევ უფრო უარესად არ არის საქმე, ვიდრე ახლაა“.

„ძალა ერთობაშია“ მეთვალყურეობის პროცესის შეწყვეტას არ გეგმავს:

„აქედან საკუთარი ნებით არ წავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მიკროსკოპული წარმატება, რასაც ჰქვია მცოცავი ანექსიის შეჩერება, განვავითაროთ. მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით რუსებს. როგორც კი დავინახავთ ოკუპანტებს, საინჟინრო მანქანებს, 149–ე ბოძის ადგილას დავდგებით და მათ არ მივცემთ არანაირ შანს, გააგრძელონ მცოცავი ოკუპაცია“.

ცნობისთვის: მოძრაობამ ადგილზე მეთვაყურეობის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის დაწყების შემდეგ მიიღეს. და ერთი თვეა, ისინი ადგილზე მუდმივად იმყოფებიან. ოკუპანტებმა 148 ბოძის დამონტაჟება მოასწრეს. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ერთი თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, თუმცა ფორმიანი შეიარაღებული პირები გუშინ ისევ გამოჩნდნენ და ადგილზე სპეცტექნიკაც მიიყვანეს.  დეტალები იზილეთ: ვიდეო ▶ ატოცში ოკუპანტები გააქტიურდნენ: "თუ აქ ხაზების გავლებას დაიწყებთ, ჩვენი, უიარაღო ხალხის მოკვლა მოგიწევთ!“