ვიდეო ▶ ატოცში ოკუპანტები გააქტიურდნენ: "თუ აქ ხაზების გავლებას დაიწყებთ, ჩვენი, უიარაღო ხალხის მოკვლა მოგიწევთ!“

2018-12-05 17:51:46
901

რუსი ოკუპანტები ატოცში დაბრუნდნენ. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები აცხადებენ, ფორმიან პირებს თან მავთულხლართების გასავლებად საჭირო ინვენტარი აქვთ მიტანილი. ამასთან, მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის დავით ქაცარავას ცნობით, ოკუპანტები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში 150– მეტრის მანძილზე შემოვიდნენ და გადაადგილდებიან. აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეო–მასალაც არსებობს.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩემგან 10–იოდ მეტრში, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად  ტერიტორიაზე, დგანან ოკუპანტები და ამზადებენ პროვოკაციას, რასაც მავთულხლარების გავლება ჰქვია, რომელიც ჩვენ დაახლოებით 3 კვირის წინ  – 7 ნოემბერს შევაჩერეთ. საგუშაგო სავსეა ოკუპანტებით, ადამიანები, რომლებიც უზრუნვეყოფენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ვიმეორებ, ისინი გადმოსულები არიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აქ არ არის ის სიტუაცია, რომელსაც ალბათ მიჩვეულები ხართ, როდესაც თქვენ ყოველდფღიურად ხედავდით 2–3 ოკუპანტს. ისინი გადმოსულები არიან, იარაღმომართულები დგანან და ეს ძალიან ცუდი მინიშნებაა. ეს არჩევნების შემდგომი პერიოდია. ოკუპანტები გააქტიურდნენ. ჩვენგან არანაირი აგრესია, პროვოკაცია არ არის. ჩვენ მხოლოდ ვაფიქსირებთ“,– აცხადებს ქაცარავა.

ქაცარავა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ადგილზე ამ დროისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ არის წარმოდგენილი:

„მიკვირს, რატომ არ არის აქ ევროკავშირის სადამკვირველო მისია, რატომ არ აფიქსირებენ ამ ფაქტს?“

ქაცარავამ ოკუპანტებს ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა:

„იცოდეთ, რომ თუ აქ ხაზების გავლებას დაიწყებთ, ჩვენი, უიარაღო ხალხის მოკვლა მოგიწევთ. არ ვიცი, ოსები ხართ თუ რუსები. თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ, თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ! ჩვენ აქ ახლა 6–7 კაცი ვართ, კიდევ მოვლენ და ყველა ჩვენგანის კამერების, მსოფლიოს თვალწინ მოკვლა მოგიწევთ. მოგიწევთ იმ ადამიანების მოკვლა, რომლებიც საკუთარ მიწას თქვენგან დაიცავენ. თუ დააპირებთ, რომ ერთი ბოძი მაინც დადგათ, მოგიწევთ, გვესროლოთ. ამისთვის მზად ვართ. იარაღის გარეშე ვიქნებით, გვესროლეთ. იარაღის გარეშე იმიტომ კი არ ვართ, რომ მისი გამოყენება არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ მართლები ვართ. ეს ჩვენი მიწაა და უიარაღო 100–ჯერ უფრო ძლიერი ვარ“.  


ანტისაოკუპაციო მოძრაობის  „ძალა ერთობაშიას“  წევრები სოფელ ატოცის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის პროცესი დაახლოებით 3 კვირის წინ დაიწყეს. გადაწყვეტილება სოფელთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ბარიერების ინტენსიური გამაგრების პროცესმა განაპირობა. ამ დროისთვის ოკუპანტებს 148 ბოძი აქვთ დამონტაჟებული.   

„აქ 149–ე ბოძრს არ დავადგმევინებთ. როგორც კი ოკუპანტები გამოჩნდებიან, გავაკეთებთ იმხელა ჯაჭვს, რასაც ვეყოფით. ეს პროვოკაცია მზადდება ერგნეთის შეხვედრისთვის, რომელიც ოსების მოთხოვნით 11–12 დეკემბერს ჩატარდება, სადაც ცენტრალური საკითხი ბორდერიზაციის შეფერხება იქნება. ოკუპანტები ამზადებენ საფუძველს, რომ მოხდეს დაპირისპირება, პროვოკაცია, შემდეგ ჩვენს მთავრობას ეტყვიან, „მოაშორეთ ეს ვიღაცეები მაქედან, თორემ მოხდება სისხლისღვრა“. და ჩვენს მთავრობას იძულებულს გახდიან, რომ აქედან პანჩურებით გაგვყარონ, მაგრამ ჩვენს თავს არ გავაყრევინებთ“,– ამბობს ქაცარავა.


 

სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმე პირის, სავარაუდოდ, რუსი სამხედროების, ან მათ მიერ დაქირევებული მუშების ფოტოკამერით დაფიქსირება შეძლეს.