„დასავლეთში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ დიდი პრობლემის წინაშე დგას – მომავალი არ აქვს“

2018-12-04 16:47:51
1299

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 15 დეკემბრამდე განუსაზღვრა. ოპოზიციის მოთხოვნის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა შედგეს. რა გზას მიმართავს ოპოზიცია 15 დეკემბრის შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გაერთიანებაში თავმოყრილი პოლიტიკური სუბიექტები ირწმუნებიან, რომ პროცესები კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართება. ამასთან, „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციურ ჯგუფებთან მოლაპარაკებებს იწყებს. მართალია, ყველა ოპოზიციური პარტია 3 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნის მიმართ ისინი სოლიდარულები არიან.

რა შანსები აქვს ოპოზიციას, აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს დათმობაზე, თუნდაც არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში?

„ჩვენ პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით. ხელისუფლება კი ცდილობს, ყველაფერი მისი და „ნაციონალურ მოძრაობის“ დაპირისპირების პრიზმაში დაგვანახოს, მაგრამ სინამდვილეში, პროპორციული არჩევნები მთელი ოპოზიციური ელიტის (თუ ამას ელიტა ჰქვია), სამოქალაქო საზოგადოების და ვფიქრობ, მოსახლეობის მოთხოვნაცაა. ხელისუფლების მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით ხელის აქნევით ლაპარაკი პრაქტიკული თვალსაზრისით შესაძლოა, შედეგის მომტანი იყოს, რომ 2020 წლამდე როგორღაც მიათრიონ საკითხის გახილვა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ: შესაძლოა, ძალაუფლების დაკარგვადაც დაუჯდეთ“,– ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, ის არა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას, არამედ მათ პარალელურ სვლებს გულისხმობს:

„პატრიოტთა ალიანსის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება წარმოუდგენელია, მაგრამ ასეთი მოცემულობა შეიქმნა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველას დაასწრო. „ქართული ოცნებისგან“ ნაჩუქარი, 3–ჯერ გაზრდილი ელექტორატი როგორმე უნდა შეინარჩუნოს, შესაბამისად, პოლიტკიკური პროცესი არ უნდა გააცივონ, დინამიკა უნდა აჩვენოს, მუდმივ წნეხში უნდა ჰყავდეთ ხელისუფლება. ამას სჭირდებოდა მთავარი გზავნილები და მათ იპოვეს წერტილი: ფაქტობრივად, საავტორო უფლებები აიღეს პროდუქტზე [ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით], რაც მთლად მათი არ არის“.

როგორც ანალიტიკოსი ფიქრობს, არჩევნებმა მმართველი გუნდში დეგრადაციის პროცესი დააჩქარა:

„ქართულ ოცნებას“ რა აწყობს, მგონი თავადაც არ აქვთ გააზრებული, რადგან დეგრადაციის პროცესი გრძელდება. ამ არჩევნებმა დეგრადაციის პროცესი კი არ შეაჩერა, დააჩქარა. მიუხედავად განცხადებებისა, რეალურად, დასავლეთშიც, ბიზნესშიც სერიოზულად ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ დიდი პრობლემის წინაშე დგას – მომავალი არ აქვს. ამის ძალიან ბევრი სიმპტომი ვიცი, უბრალოდ ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ. ვფიქრობ,  საქართველოში ბიზნესი ძალიან სკეპტიკურად უყურებს „ქართული ოცნების“ მომავალს და მზად არის, ინვესტიცია ოპოზიციაში განახორციელოს. ამ ქვეყანაში ბიზნესმენები ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველაზე კარგად გრძნობენ ცვლილებების დასაწყისს. ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ მთელი თავისი პოლიტიკური კაპიტალის ნარჩენი დახარჯეს ამ არჩევნებზე. მეორეხარისხოვან პროდუქტში 100–მაგი ფასი გადაიხადეს და მოიგეს არა პოლიტიკური კვალიფიკაციის ხარჯზე, არაედ იმის ხარჯზე, რომ– რესურსები მათ ხელში იყო და ფსონებს მუდმივად აორმაგებდნენ. ასე ცუდ მოთამაშეს მოსდის.შესაბამისად, ამ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პრობლემები კი არ შეუმცირდა, თითქმის მივიდა შეუქცევადი პროცესების წერტილში. მისი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არაა,  – პრაქტიკულად, ყველა. და ვინაა მათი პარტნიორი? ლიდერებიც კი არ ჰყავთ,  ადამიანები, ერომლებსაც სისტემური ცვლილებების თავი აქვთ“.

ხუხაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი უდავოდ ძალის ცენტრია, მაგრამ ლიდერი აღარაა.

„ლიდერი რა არის? ადამიანი, რომელსაც მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარები აქვს და შესაბამისად მოქმედებს. თუ საჭიროა სისტემური ცვლილებები, რეფორმები, ამ მიმართულებით მიდის. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს უნარები მას დაკარგული აქვს: ვნახეთ მისი ორი ინტერვიუ და ამ ქვეყანაზე არ იყო, სხვა ქვეყანაში ცხოვერობდა, რითად კიდევ უფრო გააბრაზა საზოგადოება და ცეცხლზე ნავთი დაასხა, მაგრამ ერთ თვეში ვნახეთ რადიკალურად შეცვლილი. ბოლო ინტერვიუ მაქვს მხედველობაში. ანუ რეალობამ ის მიწაზე დაანარცხა. მე არ ვამბობ, რომ ის ლიდერობას ვერ დაიბრუნებს, მაგრამ დღევანდელი გაგებით თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ არ უყურებენ მას როგორც ლიდერს. უყურებენ როგორც რესურსების ცენტრს, საიდანაც რაღაც უნდა მიიღონ – მოწყალება, ფული და ა.შ. ეს საარჩევნო პროცესშიც ჩანდა და დღესაც ჩანს სხვადასხვა ტიპის განცხადებებში. ასეთი მოცემულობა გვაქვს. მე, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ბიძინა ივანიშვილი შევიდეს ფორზმაში, აღიდგინოს ლიდერის ის თვისებები, რომლებიც მას ადრე უდავოდ ჰქონდა, სანამ თავის ირგვლივ ამ უბედურებას დაატრიალებდა, რასაც ტონობით ვაზელინი ჰქვია და მეტი არაფერი. იქ ხომ საღი აზრი აღარ ტრიალებდა. ვაზელინით გაზეპილ ოთახში უწევდა არსებობა. უნდა გამოვიდეს ამ ოთახიდან და რეალობას გაუსწოროს თვალი“,– ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, წარსულში ივანიშვილს მისთვის მიუღებელი სიმართლის მოსმენის უნარი ჰქონდა.

„სანამ ჩვენ ერთად ვიყავით, ეს უნარი ნამდვილად ჰქონდა. ჩვენს შორის ვერტიკალური ურთიერთობა არასდროს ყოფილა. თავს არ ვიქებ, მაგრამ ესეთი დამოკიდებულება „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ იშვიათი იყო, რადგან ვაზელინის სუნი მაშინაც მკვეთრად ტრიალებდა. ის ხვდებოდა, რომ სჭირდებოდა ადამიანები, რომლებსაც ექნებოდათ ალტერნატიული აზრი, მოისმენდა და რაღაცნაირად შეაჯამებდა. დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ყველა ცდილობს, მიხვდეს, რა ესიამოვნება ბიძინა ივანიშვილს, რომ ის გააკეთონ. აბსოლუტურად პარაზიტული, უფუნქციო სისტემა შეიკრა, სადაც ინტრიგების, მამაძაღლობების, თავის შენახვის მეტი არავის არაფრის კეთება აღარ უნდა. ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. სახლობანას თამაშობენ და ყველაფერი ბიძინას ეტენება. ეს არის პარაზიტული სამყარო, რომელიც როგორც კი მოშორდება ბიძინა ივანიშვილს, კვდომის რეჟიმში გადავა. დამისახელებთ თუნდაც ერთს, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების უნარი აქვს? უნარი  – არა, მაგრამ ამბიცია კი აქვთ“,– დასძენს ხუხაშვილი.