„რუსეთთან ერთი–ერთზე არ უნდა დავრჩეთ“

2018-11-30 17:47:00
203

BBC-ს რუსულმა სამსახურმა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

„აქცენტი“ ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

–საქართველოს პრეზიდენტს პირველად ექნება ესოდენ შეზღუდული უფლებამოსილებები. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ დეკორატიული ფიგურა იქნებით?

–ერთის მხრივ, მართლაც, ახალი კონსიტუციით, პრეზიდენტს ნაკლები აღმასრულებელი ძალაუფლება ექნება, მაგრამ ის მაინც პრეზიდენტია, პირდაპირი წესით არჩეული მოსახლეობის მიერ და როგორც თავადაც ნახეთ, დიდი უპირატესობით.

და ეს პრეზიდენტი არჩეულია 6 წლით, იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველო განიცდის ძალზე მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, საბოლოო გადასვლას დემოკრატიაზე და ევროპულ გზაზე.

ამდენად, ვფიქრობ, პრეზიდენტი გავლენიანი იქნება ამ მიმართულებით: უპირველესად, მოსახლეობის მხარდაჭერით მთავრობის დასარწმუნებლად იმაში, რომ აუცილებელია გარკვეული ცვლილებები; ასევე ხალხისათვის იმ ცვლილებების ჩვენებაში, რომელიც საზოგადოებაში უნდა მოხდეს.

ჩვენ ვმოძრაობთ ამ მიმართულებით, ჩვენ ჩავატარეთ ძალიან დემოკრატიული არჩევნები. იყო ძალიან ხისტი კამპანია, მაგრამ ძალიან დემოკრატიული, მშვიდობიანი არჩევნები. და ამომრჩევლის აქტივობა აჩვენებს, რომ ჩვენ პოლიტიკურად ძალიან აქტიური მოსახლეობა გვყავს, რომელმაც იცის, რა სურს და აირჩია ევროპა.

–როგორც პრეზიდენტს, რისი გაკეთება შეგიძლიათ ცვლილებების მისაღწევად?

–არსებობს ორი მიმართულება, რომელშიც პრეზიდენტს შეუძლია, ძალიან აქტიური იყოს: პირველი – ეს საერთაშორისო პოლიტიკაა და ეს გაწერილია კონსტიტუციაში. ეს 6 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომელსაც გეზი ევროპისკენ, ევროკავშირისა და NATO–სკენ აქვს აღებული.

ამ დროის განმავლობაში მათ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ან სრული ინტეგრირება მოვახერხოთ. და მე ვიქნები ყველაზე აქტიური პრეზიდენტი ამ მიმართულებით. მემახსოვრება, რომ სწორედ ქალბატონმა ვიკე–ფრეიბერგამ (ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წ.წ.) მიიყვანა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO–ში. ეს ჩემი მიზანიც არის.

და, რაღა თქმა უნდა, უნდა ვაქციოთ საქართველო უფრო შემჩნევადად მსოფლიო რუქაზე ბევრ ასპექტში, უპირველესად, კულტურულ სიბრტყეში. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რას წარმოადგენს საქართველო, – ბევრ ქვეყანაში ხომ ადამიანებმა ამის შესახებ არაფერი იციან; მათ რუქაზე უნახავთ საქართველო, თუმცა რეალურად არ გვიცნობენ.

გარდა ამისა, ბევრი საქმეა ქვეყნის შიგნითაც. ჩვენ გვაქვს ევროასოციაცია, მზადდება კანონმდებლობა და გვესაჭიროება მენტალობის შეცვლა იმავე მიმართულებით.

მე გავიზარდე ევროპაში, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ვიყავი საფრანგეთის დიპლომატი. მე ვიცი, რა არის ევროპული საზოგადოება, ვიცი, როგორ უნდა ვიაროთ მისი მიმართულებით, როგორ გავაერთიანოთ ხალხი.

ჩვენ უნდა გავცდეთ პოსტ-პოსტსაბჭოთა მენტალობის ფარგლებს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო 25 წლის განმავლობაში მაინც იყო წარმოდგენილი ქვეყანაში.

და ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ მოსახლეობის გაერთიანების მიმართულებით, რადგან თუ ქვეყნის შიგნით არ გავერთიანდებით, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციას. ეს შესაძლოა, სადღესიოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და საერთო მიზანი იყოს ქართველი ხალხისათვის.

–თვლით თუ არა, რომ საქართველოს მართლაც შეუძლია უახლოეს მომავალში NATO-ში გაწევრიანება? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხანდახან ალიანსი საქართვეოს რუსეთის საჩქმეტად იყენებს?

– არა, მე არ ვთვლი, რომ NATO საქართველოს იყენებს. მიმაჩნია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სხვა შემთხვევაში ახლა საქართველოს პრეზიდენტი არ ვიქნებოდი. ჩვენს პერიოდში დრო ძალიან სწრაფად მიდის.

მახსოვს პრეცედენტები, როდესაც ადამიანები ამის მიღწევას ცდილობდნენ. საფრანგეთის დიპლომატი ვიყავი, როდესაც 2004 წელს ევროკავშირის გაფართოებაზე ვმუშაობდით და ბევრს მაშინ ეს შეუძლებლად მიაჩნდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია.

ჩვენ ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ, ნაბიჯ–ნაბიჯ ვიაროთ წინ და თან ვუხსნიდეთ ქართველ ხალხს, რა მნიშვნელობა ექნება ევროკავშირისკენ სვლას მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ეს ის არის, რაც მათ სურთ. ჩვენ კი ეს უნდა უზრუნველვყოთ.

–რამდენჯერმე ახსენეთ რუსეთი. ვინ არის თქვენთვის ვლადიმირ პუტინი?

–ჰმ! როდესაც მის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, ეს შესაძლოა, სხვა ვლადიმირ პუტინი იყო – არა ისეთი, როგორიც დღეს არის, რადგან მაშინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანას დასთანხმდა.

არა მგონია, მსგავსი რამ ახლაც შემძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგივე დიპლომატიური უნარები გამაჩნია. ვფიქრობ, ამჟამად, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ რუსეთი დამოუკიდებლად თვლის ფაქტობრივად ოკუპირებულ ორ ტერიტორიას, რუსეთთან დიალოგის ყოველგვარი შესაძლებლობის ბლოკირებას ახდენს.

რაღაც მსგავსისთვის ჩვენ სამომავლოდ გვჭირდება ზუსტად ისეთივე კონფიგურაცია, როგორიც იმ დროს იყო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, კერძოდ – გვქონდეს მხარდაჭერა და უკიდურესად მჭიდროდ ვმუშაობდეთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.

ამჟამინდელ კონფიგურაციაში და რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, მარტონი ვერ დავრჩებით, სწორედ ამიტომ გვჭირდება პარტნიორებთან მაქსიმალური სიახლოვე, მათი ყოფნა ჩვენს გვერდით და ზურგსუკან. 

–მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე კონფლიქტი ვერ გადაწყდება.

–ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი მომავალში, მაგრამ არ გავაკეთოთ ეს მარტომ, ეს საერთო დიალოგის ნაწილი უნდა იყოს. თუ ეს მოხდება, ეს უნდა გაიმართოს ჩვენი პარტნიორების თაოსნობითა და მხარდაჭერით.

მოლაპარაკებების დროს, რომელსაც რუსეთთან ვმართავდი, ყოველი სესიის წინ და შემდეგ კონსულტაციებს გავდიოდი ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ამერიკის საელჩოსთან. მოლაპარაკებათა მეორე მხარემ ამის შესახებ იცოდა და ეს მისთვის მისაღები იყო.

და ეს საქართველოს მკაფიო პოზიციაა: ჩვენ ვერ გაგვაბითურებენ და მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელსაც გააბითურებენ.

–[...] მისცემთ თუ არა სააკაშვილს მოქალაქეობას, თუ იგი ამ თხოვნოთ მოგმართავთ?

–ეჭვი მეპარება, რადგან, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს საკითხები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ეს მოქალაქეობის საკითხი არ არის, ეს უპირველესად, სამართლის აღსრულების თემაა.

არსებობს აშკარა პრობლემა იმ განცხადებებთან დაკავშირებითაც, რომლითაც იგი ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვიდა, მოუწოდა რა პოლიციასა და სამხედროებს, დაეკავებინათ ვინმეს მხარე. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. სადღეისოდ ის არის უცხოელი, რომელიც ამ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოწოდებებით გამოდის.

რაც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება, ეს სწორედ კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობაა. ხმები, რომელიც ხალხმა არჩვენებზე მოგვცა, ეს არის ხმები სტაბილურობის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. სწორედ ამისთვის ვარ მე აქ.

–ზოგიერთი თვლის, რომ ეს არჩევნები იყო არა თქვენსა და ვაშაძეს, არამედ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. ეს სიმართლეს შეესაბამება?

–ეს ერთიცაა და მეორეც. ეს არის, ერთის მხრივ, არჩევანი ევროპელ და საბჭოთა დიპლომატს შორის, ასევე არჩევანი წარსულს – სააკაშვილსა და ადამიანებისადმი სისასტიკით გამორჩეულ მის რეჟიმსა და, მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელსაც სათავეში ივანიშვილი უდგას.

შესაძლოა, საზოგადოება ამჟამად ბევრ იმედგაცრუებას განიცდის, მაგრამ სხვა თუ არაფერი, იყო სტაბილურობის 6 წელი – ეს ის არის, რაც ქვეყანას სჭირდება. რადგან ამის გარეშე ვერ გავხდებით ევროპის ნაწილი, რაც ქართველების 80%–ზე მეტს სურს.

–რა იქნება ყველაზე რთული თქვენთვის, როგორც პრეზიდენტისთვის მომდევნო 6 წლის განმავლობაში?

–ყველაზე რთული ჩემთვის პირველი რამდენიმე კვირა და თვე იქნება, რომლის განმავლობაშიც ხისტი საარჩევნო კამპანიის შემდეგ გაერთიანება უნდა შევძლოთ. [...] ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ, დავმშვიდდეთ და დავიწყოთ გაერთიანების პროცესი, რომელიც ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ეს მარტივი არ იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ უნდა მივმართოთ ჩემს ოპონენტსაც, რომელსაც არჩევნების შედეგები ამ დრომდე არ უღიარებია. ეს პროცესი იქნება ნელი, თუმცა მე მას მთელს ჩემს თავს მივუძღვნი.

–როგორ ფირქრობთ, მოახერხებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას? ბევრს მასში ახლაც შეაქვს ეჭვი.

–ეს სახალისოა, რადგან ბევრს ამაში ეჭვი ჯერ კიდევ მანამდე შეჰქონდა, სანამ „ქართული ოცნება“ მხარს დამიჭერდა. ადამიანები ამბობდნენ: „მას არასოდეს დაუჭერენ მხარს, რადგან მეტისმეტად დამოუკიდებელი, მმართველი პარტიისთვის მეტისმეტად ხისტიაო“. და მოულოდნელად მეტისმეტად დამოკიდებული გავხდი. ვფიქრობ, დამოუკიდებელი ვიყავი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში და ხალხი, რომელიც საფრანგეთში მიცნობდა, ამას დაადასტურებს.

მე დამოუკიდებელი ვიყავი, როდესაც სააკაშვილმა საგარე საქმეთა მინისტრად დამნიშნა. როდესაც შეწყვიტეს ჩემი პრინციპების პატივისცემა, ჩვენი გზები გაიყარა. ეს დამოუკიდებლობის ის დონეა, რომლის შენარჩუნებასაც ვგეგმავ.

მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რადგან ვთვლი, რომ გვჭირდება მშვიდი ქვეყანა, რომელშიც მუშაობენ მთავრობა და პარლამენტი. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ურთიერთქმედების შესაძლებლობა. მაგრამ თუ ვინმე ჩემი პრინციპების ეჭვქვეშ დაყენებას დაიწყებს, მე ჩემს პრინციპებს დავიცავ.

–ხომ არ თვლით, რომ ხალხი, ცოტა არ იყოს, გადაიღალა დაპირებებისგან, რომელიც დასავლეთისგან ესმის? საქართველომ NATO-ში გაწევრიანების სურვილი 15-ზე მეტი წლის წინ გამოთქვა. გაიჟღერა უამრავმა დაპირებამ, თუმცა რეალურად ცოტა რამ თუ გაკეთდა.

–ამას ვერ დავეთანხმები. საქართველომ, უპირველესად, მიიღო, მართალია, არა NATO-სგან, მაგრამ ასოცირების შესახებ შეთანხმება. და ჩვენ ამის შედეგებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვგრძნობთ. და მათ იციან, რომ მიუხედავად იმისა, რომ NATO-ში არ ვართ, არ გააჩნია ალტერნატივა უსაფრთხოების იმ დონეს, რომლის უზრუნველყოფაც NATO-ს შეუძლია.

 და ის, რასაც სადღეისოდ უკრაინაში ვხედავთ, მხოლოდ უბიძგებს ქართველ ხალხს აზრისაკენ, რომ საჭიროა მეტი და არა ნაკლები NATO. ამდენად, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობა იმ ევროპელებს განეკუთვნება, რომლებიც ევროპით არ არიან იმედგაცრუებულები. პირიქით, მათ ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ შეუძლიათ, ევროპას დაუახლოვდნენ. ვფიქრობ, ჩემთვის მოცემული ხმები ამას მოწმობს.

–როგორ აპირებთ ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნებას? რუსეთი ხომ თქვენი მეზობელია.

–ეს ბალანსი არ არის. ვიცი, ჩემს შესახებ მცდარად ამბობდნენ, თითქოს ბალანსირება მსურს... ეს ფეიქ–ნიუსია, რადგან რუსეთთან ურთიერთქმედების შესახებ არასოდეს არაფერი მითქვამს.

არ ვთვლი, რომ სანამ რუსეთი ასე იქცევა საოკუპაციო ხაზზე, სადაც ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს და სანამ ეს ხაზი, ეს მუდმივი საფრთხე ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, თბილისთან სულ უფრო ახლოს მოიწევს, ასევე იმის გათვალისწინებით, როგორ იქცევა სადღეისოდ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არა მგონია, დღეს თანამშრომლობაზე გადასვლა შევძლოთ.

არ ვთვლი, რომ აქ რაიმე ბალანსი არსებობს. ჩვენ ვართ დასავლეთი, ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვართ პროევროპელები. თუ დასავლეთი, ევროპა ან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები რაღაც ფრომით რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, ჩვენც იქვე ახლოს ვიქნებით, თვალს მივადევნებთ ამ პროცესს, რათა ჩვენს პრინციპებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემდნენ.