„საერთაშორისო გამჭვირვალეობა“ „იმედს“ უნდობლობას უცხადებს

2018-11-30 15:38:45
757

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო“ ტელეკომპანია „იმედს“ უნდობლობას უცხადებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, არხის ეთერში გასული ინტერვიუ არასწორ კონტექსტში იყო გამოყენებული და ეს პირველი შემთხვევა არ არის. საქმე საარჩევნოდ ე.წ. პირადობის დამადასტურებელი „ყალბი“ დოკუმენტების გამოყენებას და ამ თემაზე მომზადებულ რეპორტაჟს ეხება.   

„ჩვენ პრეტენზია გვაქვს ტელეკომპანია "იმედთან", რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ისე ამახინჯებს ჩვენს კომენტარებს, რომ სრულიად განსხვავებული რეპორტაჟი გამოდის. ამოღებულია გარკვეული ეპიზოდები – წინადადებებს რეალურად სხვა გაგრძელება ჰქონდა, რაც განსხვავებულ სურათს ქმნიდა. ამითომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, „იმედს“ კომენტარს აღარ მივცემთ. თუ მათ ჩვენი მოსაზრება აინტერესებთ, მიგვიწვიონ პირდაპირ ეთერში, რომ საზოგადოებაც ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რაც ჩვენ რეალურად ვთქვით“,– განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავს, ტელეკომპანიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლოს.