„II ტურის ასეთმა შედეგმა გამაკვირვა, თუმცა ისიც კი «სრული გამარჯვებისგან» ძალიან შორსაა“

2018-11-30 15:09:22
598

კარნეგის მშვიდობის ფონდის მკვლევარი (ვაშინგტონი) პოლ სტრონსკი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ მათ «წინა არჩევნებისგან განსხვავებული – შემაშფოთებელი ტონი ჰქონდათ».

«ინფორმირებული ვარ იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებს, ძალადობას, მუქარას, მოსყიდვას და საარჩევნო უბნებზე პარტმუშაკების ყოფნას უკავშირდება. ეს ბრალდებები გამოსაძიებელია და ზუსტი მიზეზები რამდენიმე კვირაში გვეცოდინება. შესაბამისად, ახლა გადაჭრით ვერ ვიტყვი, კეთდებოდა თუ არა ეს ყველაფერი რეალურად სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. თუმცა იმ ფონზე, რომ პირველ ტურაქტივობა დაბალი იყო, ხოლო კანდიდატებშედეგებს შორის სხვაობა - ძალიან მცირე, ცოტა გამაოცა მეორე ტურში ამომრჩველთა ასეთმა მაღალმა აქტივობამ და ზურაბიშვილის ესოდენ დამაჯერებლად გამარჯვებამ» - განუცხადა «აქცენტს» სტრონსკიმ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ მათ „საბოლოოდ დაამარცხეს «ნაციონალური მოძრაობა», სტრონსკის აზრით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველების 1/3 მხარს ოპოზიციას უჭერს და ბევრი ქართველი უკმაყოფილოა სტატუს-ქვოთი, ეს კი სრული გამარჯვებისგან ძალიან შორსაა“.

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, კანდიდატთა სავარაუდო არათანაბარი პირობების, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენებისა და სხვა მსგავსი მიზეზების გარდა, ოპოზიციონერ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის წაგება შესაძლოა, განეპირობებინა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის აქტიურ ძალისხმევა, კამპანიაში ჩაბმულიყო:

«ამან ალბათ, უკუეფექტი იქონია და მეტი „ანტინაციონალური“ ამომრჩეველი გააჩინა, ისევე, როგორც ეს უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა».

რაც შეეხება დადებით მხარეებს, სტრონსკი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც პრეზიდენტად ქალი აირჩია:

«ეს კარგი მაგალითია მეზობელი სახელმწიფოებისთვის. ეს არის შესანიშნავი მიღწევა, განსაკუთრებით - ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიულია. აშშ–ში კი მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. ეს აჩვენებს, რომ საქართველო მის ევროპულ სწრაფვაში მტკიცეა».