სალომე ზურაბიშვილი: “ახლა რუსეთთან თანამშრომლობის დრო არ არის”

2018-11-29 20:20:29
587

სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, არ თვლი, რომ ახლა ხელსაყრელი დროა რუსეთთან თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან BBC-ს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"არა მგონია, სანამ რუსეთი ასე იქცევა, იმის გათვალისწინებით, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, სადაც ხალხს იტაცებენ და თავად ეს ხაზიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში იწევს, სულ უფრო ახლოს თბილისთან… იმის გათვალისწინებით, როგორ იქცევა ამჟამად რუსეთი უკრაინის მიმართ, არ ვთვლი, რომ ჩვენ უკვე ახლა შეგვიძლია, გადავიდეთ თანამშრომლობაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, "საქართველოს პროევროპული პოზიცია აქვს და თუ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, მაშინ, რა თქმა უნდა საქართველო განზე არ დარჩება".

საქართველოს არაერთგზის დაუდანაშაულებია რუსეთი ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანთა გატაცებაში. რუსეთი ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს, საქართველო კი – მისი ტერიტორიის ნაწილად. რუსეთის გარდა, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას გაერო-ს წევრი მხოლოდ 5 ქვეყანა აღიარებს.

თავის მხრივ, რუსეთის ურთიერთობები უკრაინასთან მკვეთრად დაიძაბა 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გასულ შაბათ-კვირას კი ამას ყირიმის ზღვისპირეთში უკრაინულ გემებზე თავდასხმაც დაემატა.

"მკვეთრ ცვლილებებს არ ველი"

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს დილით II ტურში მიცემული ხმების 100%-ვეს დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 59,52%-ით გაიმარჯვა.

ფორმალურად ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად ითვლება, თუმცა მას მმართველი პარტია უჭერს მხარს. მისმა მეტოქემ - გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებას “ძალა ერთობაშია” წარმოადგენს (რომლის შემადგენლობაშიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც შედის), ხმათა 40,48% მიიღო.

ხუთშაბათს დილით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

«ჩვენ კანდიდატის [ზურაბიშვილის] გამარჯვების შესახებ ინფორმაციასა და ფაქტს ცნობად ვიღებთ. ვამჯობინებთ, დაველოდოთ პირველ ოფიციალურ განცხადებებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების შესახებ რაღაც შეფასებებს».

სხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა კი ქართული არჩევნების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება მაინც გააჟღერეს.

"არ ველი მკვეთრ ცვლილებებს რუსეთის მიმართულებით, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა. - თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ სივრცე დიალოგისთვის, მინიმუმ, არ შემცირდება".

ოდნავ უფრო ოპტიმისტურად გაიჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებამ:

"იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შედეგები შესაძლებლობას შექმნის, გავაგრძელოთ მუშაობა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისა და ნორმალიზების მიმართულებით".