არჩევნები დასრულდა: რა გველის წინ?

2018-11-29 17:12:37
744

საქართველოში უკიდურესად დაძაბული და დამღლელი საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. შედეგები ყველასთვის ცნობილია, ამიტომაც აღარ გავიმეორებ.

რა თქმა უნდა, ყველაფერში და ყოველთვის შეიძლება, მოიძებნოს რაღაც კარგი. ამჟამინდელ წინასაარჩევნო კამპანიაშიც კი, რომელიც შავი პიარის, ურთიერთსიძულვილის პროპაგანდის, ამომრჩეველზე უპრეცედენტო ზეწოლისა და მოსყიდვის ნამდვილ ტრიუმფად იქცა. და ეს პოზიტივი შემდეგში მდგომარეობს:

დღეიდან საბოლოოდ დაკარგა აზრი ტრადიციულად ქცეულმა საუბრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საერთო სახალხო სიძულვილზე, იმაზე, რომ „საზოგადოება „ნაციონალების“ დანაკუწებაზე ოცნებობს“,  „მცირერიცხოვან მარგინალურ სექტაზე“, იმაზე, რომ „ისინი რადარებზე არ იძებნებიან“ და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე ღრმად გუშინდელი დღეა.

დიახ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ჯერ კიდევ სახეზეა აგრესიული „ანტიმიშიზმის“ მნიშვნელოვანი წილი, რომელიც იქცა კიდეც ერთ–ერთ ფაქტორად, რომელმაც ვაშაძის გამარჯვებას ხელი შეუშალა, თუმცა ამ ფაქტორის გავლენა გაცილებით ნაკლებია. ბოლოს და ბოლოს განსაკუთრებული ფულის, ადმინისტრაციული რესურსის არმქონე პარტიამ, სახელმწიფო მანქანის მთელი ძალისხმევის მიუხედავად, მოსახლეობის ხმათა 40% მიიღო – მორჩა, დაივიწყეთ საუბრები რადარებიდან გამქრალ მარგინალებზე!

„ქართულ ოცნებასა“ და მის მხარდამჭერებს მაინც მოუწევთ, აღიარონ ეს ფაქტი და შეწყვიტონ მუდმივი კრუსუნი იძულებით „კოჰაბიტაციაზე“. რა თქმა უნდა, მოგიწევთ „კოჰაბიტირება“ პარტიასთან, რომელსაც მოსახლეობის 40%–მა დაუჭირა მხარი – წყალქვეშა ნავიდან სად გაიქცევით?  ამით მომხდარის ყველა პოზიტიური მხარე იწურება.

მოკლედ, იმის შესახებ, რა გველის სამომავლოდ და რას შეცვლის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა. არაფერი გველის. არაფერი შეიცვლება, ყველაფერი ისევე იქნება, როგორც მანამდე. იგი გააპრეზიდენტეს არა იმიტომ, რომ მისი დახმარებით რაღაც საშინელების ჩადენა სურთ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი იყო მილიარდერის მორიგი ხუშტური.

ეს დაახლოებით იგივე ოპერიდანაა, რომლიდანაც პინგვინები კერძო ზოოპარკში და მთელი ქვეყნის გავლით ხეების თრევა – „მე ასე მსურს და მორჩა“.

რას ვიზამთ, – მას ნამდვილად გააჩნია მიზეზები თავდაჯერებულობისთვის: „ფორბსის“ ვერსიით, – მთელი 5,3 მილიარდი მიზეზი! ახლა სხვა საკითხი: რა უნდა ქნას ოპოზიციამ? რა უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“?

როგორც ჩანს, პარტიაში ერთიანი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან უკვე მოუწოდა მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ, საპროტესტო აქციებისკენ და ფაქტობრივად, ახალი რევოლუციისკენ.

რა თქმა უნდა, მოვლენათა განვითარების ვარიანტი ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე სულელური, რისი გაკეთებაც ახლა შეიძლება, – ეს რევოლუციის მოწყობის მცდელობაა და იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები ამას აცნობიერებენ – განსხვავებით მიშასგან, რომელიც ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას სოციალურ ქსელებში განთავსებულ კომენტარებს ეყრდნობა.

რევოლუცია დანასავითაა. გახსოვთ, როგორ ამბობდნენ საბჭოთა კავშირში –  „დანა არ გახსნა, მაგრამ თუ გახსენი, დაარტყი“.

სჯობს, საერთოდ არ დაიწყო რევოლუცია, ვიდრე დაიწყო და შუა გზაში გაჩერდე. სჯობს, საერთოდ არაფერი მოიმოქმედო, ვიდრე ქუჩაში გახვიდე და ნახევრადცარიელ მოედანზე აღმოჩნდე. საჭიროა, მტკიცედ გააცნობიერონ: სადღეისოდ საქართველოში რევოლუციური განწყობები არ არის. მმართველი ელიტისადმი მიუღებლობა არსებობს, გვაქვს ოპოზიციური განწყობებიც, მაგრამ რევოლუციური – არა.

არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება პრაქტიკულად, ორად არის გაყოფილი. თუ არ გავითვალისწინებთ ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომელმაც სალომეს მხარი ფულის, 5კგ კარტოფილის სანაცვლოდ ან დაშინების გამო დაუჭირა, ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა თანაფარდობა დაახლოებით ტოლია.

არ მინდა, რადიკალებს იმედები გადავუწურო, მაგრამ 50/50–ზე – ეს რევოლუციური სიტუაცია არ არის. მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება სრულად არის გაბანკროტებული, საერთოდ აღარ ჰყავს მომხრეები და სახელმწიფო აპარატიც კი ხმას მის წინააღმდეგ აძლევს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ვერანაირი მშვიდობიანი რევოლუცია ვერ იქნება, ხოლო 50/50–ზე პირობებში, ეს იქნებოდა პირდაპირი სამოქალაქო დაპირისპირება სრულიად არაპროგნოზირებაში შედეგებით.

არ უნდა იფიქრონ, რომ რადიკალი „მეოცნებეები“ მშვიდად იჯდებიან და თვალს მიადევნებენ, როგორ ეცდებიან რადიკალი „ნაციონალები“ ხელისუფლების შეცვლას. იქნება პარალელური მიტინგები, ხელჩართული ბრძოლები, ვინმე ბოთლს გაისვრის, ვინმე დანას გამოიყენებს, მერე ვინმე იარაღიდან გაისვრის – და წავიდა...სწორედ ასე იწყებოდა ყველაფერი სირიასა და ლიბიაში...

ამგვარად, პირველი, რაც უნდა გაითავისოს ოპოზიციამ და მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება – არა უნდა უთხრას რევოლუციას და ქუჩაში ყოველგვარ გასვლას.

არსებობს კიდევ ერთი სავალდებულო რამ. მოველი აღშფოთებისა და გინების ქარიშხალს – თან კლუბის მხრიდან, თუმცა დღევანდელ ვითარებაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს, რამენაირად ჩუმად, „სასხვათაშორისოდ“, მხარდამჭერებს შორის დუღილის გამოწვევის გარეშე დაემშვიდობოს მიშას.

არამც და არამც არ ვაკნინებ მის როლს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, თუმცა ნათელია, რომ სადღეისოდ იგი აშკარად ამუხრუჭებს საკუთარ პარტიას.

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის მიზეზი სააკაშვილის ჰიპერაქტიურობა და წინდაუხედავი განცხადებებია, თუმცა ამ საქმეში თავისი „5 კაპიკი“ მანაც შეიტანა.

აგერ უკვე მერამდენე არჩევნებია, თვალს ვადევნებთ ერთსა და იმავეს. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ფეხზე წამოდგომასა და რეიტინგის აღდგენას იწყებს, მაშინვე ჩნდება მიშა, ამბობს რაღაც საშინელს  – და რეიტინგი ისევ კლებას იწყებს.

და არ ღირს იმ აზრის განვითარება, რომ 800 000 ხმა – ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. 800 000 ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ – ეს უპირველესად, ბიძინას სიბეცის, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის აქტიური მუშაობისა და „რუსთავი 2“–ის აგრესიული პიარ–კამპანიის დამსახურებაა. დამიჯერეთ, მიშას რომ ამ ორი თვლის განმავლობაში ხმა საერთოდ არ ამოეღო, ამის გამო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები არ მოაკლდებოდა.  

თანაც, ნუ დავივიწყებთ, რომ ვაშაძისთვის მიცემული 800 000 ხმიდან თითქმის 200 000 „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლისაა, რომელიც ჰიპერაქტიულ მიშას განერიდა.

რა თქმა უნდა, ეს ძალზედ რთული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი პოტენციალის გაზრდა სურს, მისი მიღება აუცილებელია. და სააკაშვილი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ლიდერი, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს, რომ საკუთარ პარტიას ხელს უშლის.

წინ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი 2 წელია. სისულელეა იმის იმედად ყოფნა, რომ „ოცნება“ ამ ხნის განმავლობაში დაბრძენდება – „ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს“.  ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სალომეს მხარდასაჭერად გადასროლილი რესურსები არაფერია იმასთან შედარებით, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გამოიყრება.

ამიტომაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და „ევროპული საქართველოსთვისაც“ ახლა მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ თანამშრომლობა და არ დაუშვან ახალი განხეთქილება – ახლა უკვე მარადიული დავის საფუძველზე, ვინ არის დამნაშავე?

დამნაშავე არავინაა. დამნაშავე ბიძინას ფულია და ეს მოცემულობა არსად გაქრება 2020 წლისთვის. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ხისტი ბრძოლა ელის და ის ამისთვის მზად უნდა იყოს.

ერთადერთი გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელ „ჭაობს“ უნდა შესძულდეს „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად. მაშინ ფული აზრს დაკარგავს. როგორ მიაღწიოს ამას? – სწორედ ამის განსაზღვრა მოუწევს ოპოზიციას უახლოეს ხანებში.

თენგიზ აბლოთია    

apsny.ge