„ზურაბიშვილი საფრანგეთში ივანიშვილის „კრიშაა“, ამდენად, ყველაფერი გაკეთდება, რომ პარიზი არ გავაღიზიანოთ“

2018-11-29 15:06:35
889

რუსულმა ოპოზიციურმა ტელეარხმა „დოჟდმა“ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს გადაცემა მიუძღვნა, რომლის ფარგლებშიც თბილისიდან ჩართულ ექსპერტ გელა ვასაძესაც ესაუბრა. „აქცენტი“  ამ გადაცემის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.   

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – კოლორიტული სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძვიან. წარსულში ორივე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, თანაც ორივე – მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. დღეს ორივე ადანაშაულებს ერთმანეთს პრორუსულ პოზიციაში. ამასთან, ზურაბიშვილი წარსულში საფრანგეთის დიპლომატია, იგი პარიზში დაიბადა, არ ფლობს რუსულ ენას, თუმცა მაინც პრორუსულად ითვლება. საგულისხმოა, რომ მას მხას უჭერს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ხშირად ასევე პრორუსულობაში ადანაშაულებენ. აი, გრიგოლ ვაშაძე კი უფრო ხშირად პროდასავლელ კანდიდატად მოიხსენიება და ასოცირდება მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. არადა, შორეულ წარსულში ის საბჭოთა დიპლომატია, დიდხანს ცხოვრობდა მოსკოვში და რუსეთის მოქალაქეობაც კი ჰქონდა. ასე, რომ ყველაფერი აირია. ქართული ტახტისთვის ამ დაძაბულ ბრძოლას ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე ადევნებს თვალს. მისი შეფასებით, ამ არჩევნებს ფორმის თვალსაზრისით შეიძლება, დემოკრატიული ეწოდოს, მაგრამ შინაარსობრივად დაცინვა იყო. იგი ფინანსურ გავლენას, ადმინისტრაციულ წნეხსა და ამომრჩევლების მოსყიდვაზე მიუთითებს, თუმცა ადასტურებს, რომ კანდიდატებს შორის რეალური ბრძოლა მიმდინარეობდა“.

გელა ვასაძე: არითმეტიკული თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილმა ამ არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა და ფორმით ამ არჩევნებს შეიძლება, დემოკრატიული დაერქვას, თუმცა შინაარსობრივად ეს ნამდვილი დაცინვა იყო: ადმინისტრაციული ზეწოლის, ფინანსური ზეგავლენის, ამომრჩეველთა პირდაპირი მოსყიდვის (მათ შორის საბანკო კრედიტების დაფარვის დაპირებით), დაშინების (განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში) დონემ დაადასტურა, რომ საქართველო სადღეისოდ ნაწილობრივ დემოკრატიული ქვეყანაა. მაგრამ თავისუფლება ნაწილობრივი არ არსებობს.

ვინ აწარმოებდა ამომრჩევლის მოსყიდვას?

ხელისუფლება.

მაგრამ რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოში რეფორმის შემდეგ არცთუ ფართოა...

დიახ, პრეზიდენტის უფლებამოსილებები არათუ ფართოა, არამედ – სიმბოლური. ბევრად ნაკლები, ვიდრე ბრიტანეთის დედოფალს გააჩნია, თუმცა ეს არჩევნები ჯერ ოპოზიციამ აქცია რეფერენდუმად მოქმედი ხელისუფლების ნდობის შესახებ, შემდეგ კი ხელისუფლებამაც მიიღო თამაშის ეს წესები და ეს არჩევნები თავის სიცოცხლე–სიკვდილის საკითხად გადააქცია. ანუ, ამ არჩევნებზე ფაქტობრივად, მოქმედი ხელისუფლების მომავალი წყდებოდა. არაერთხელ ითქვა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგებოდა დღისწესრიგში. ამიტომაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნების მოსაგებად მთელი ძალები და რესურსები მიმართა. თუმცა არც თავად ოპოზიციას ეყო ძალა – მოდით, ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძის უკან ოპოზიციური გაერთიანება იდგა და ოპოზიცია შეეცადა, ერთიანი ძალებით შეეტია „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ საქართველოში ასე ხდება: არსებობს საარჩევნო ციკლი, ხელისუფლება რაღაც ისტორიული კანონის მიხედვით იცვლება და „ქართულ ოცნებას“ ეს ვადა ჯერ არ ამოსწურვია – 2020 წელს ეწურება, როდესაც საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. შესაბამისად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო.

შემიძლია, ვთქვა, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ეს არჩევნები წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება, შეფასდეს, რადგან ვიხილეთ რეალური ბრძოლა, თუმცა ამავდროულად, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ჩვენი დემოკრატიის, ასე ვთქვათ, სამშობიარო ტრავმები.

ვინაიდან რუსეთიდან გიკავშირდებით, გკითხავთ, მოსალოდნელია თუ არა ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული დათბობა – თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ქალი, დიპლომატი, თანაც ევროპული გამოცდილებით. თანაც ადამიანი, რომელმაც აღიარა, რომ 2008 წელს თავდასხმა მაინც საქართველომ დაიწყო?

დავიწყოთ იმით, რომ არჩევნებში გაიმარჯვა საფრანგეთში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე დიპლომატმა. მეტსაც გეტყვით, სწორედ ფრანგი დიპლომატის სტატუსით იმყოფებოდა იგი თავის დროზე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. ერთ რამეზე მინდა, გავამახვილო ყურადღება: იმხანად თქვენს [რუსეთის] საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარს ზურაბიშვილი იწყებდა ფრაზით: „რუსეთს საქართველო 200 წლის განმავლობაში ჰყავდა წნეხის ქვეშ. ახლა დავიწყოთ საუბარიო“.

რაც შეეხება დათბობას, ეს დიდწილად რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პარიზზეა დამოკიდებული: რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე და რატომ შეაჩერა მოულოდნელად სწორედ მასზე არჩევანი ქვეყნის რეალურმა მეპატრონემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიუხედავად თავად მმართველ პარტიაში არსებული წინააღმდეგობისა? – სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთში პოლიტიკურ „კრიშას“ უზრუნველყოფს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. შესაბამისად, პარიზზე ვექტორი ძალიან მკაფიოდ იქნება აღებული. ანუ, მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ პარიზი არ გააღიზიანოს.

რაც შეეხება ვაშინგტონს, ჩემი აზრით, მასთან ურთიერთობაში იქნება გარკვეული სირთულეები, თუმცა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, საქართველოი ვაშინგტონის გავლენის დონე მაინც მაღალი დარჩება.

ქართველებს თუ გაუმარტივდებათ, მაგალითად, რუსეთში უვიზოდ ჩასვლა?

ამ კითხვის ადრესატი უფრო მოსკოვია. სხვათა შორის, სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილამდე იყო შემოღებული 2001 წელს. მინდა, გითხრათ, საქართველოსა და რუსეთს შორის არ იყო და არც ამჟამად არსებობს სხვა პრობლემები, ორის გარდა: მათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჰქვია. სანამ ეს ორი პრობლემა არ მოგვარდება, არანაირი კარდინალური ცვლილება ორმხრივ ურთიერთობაში არ მოხდება.

და ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თუ შეძლებს, ბოლოს და ბოლოს დაბრუნებას? ის ხომ ეხლა ევროპის მასშტაბით დაიარება მგზავრივით?

სააკაშვილი დარჩება კიდეც პოლიტიკურ მოგზაურად, რადგან იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში შენი პოლიტიკური ოპონენტები არიან, საქართველოში სამართლიანი სასამართლოს მიწევა რთულია. არ ვიცი, სხვათა შორის, რით დასრულდება სასამართლო პროცესი, სააკაშვილის გამართლებით თუ გამტყუნებით, მაგრამ მისთვის საქართველოში იმგვარი სასამართლოს მიღწევა, რომლის მიმართაც სააკაშვილი ნდობით განეწყობოდა, პრაქტიკულად შეუძლებელია.