ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს პოლიტიკურ ძალებს და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას მუშაობის საშუალება

2018-11-28 13:29:38
233

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტის მიმართ გამხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხმიანება და  მიმართავს პოლიტიკურ ძალებს და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას მუშაობის საშუალება.

"ყურადღებით აკვირდება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა. როგორც ცნობილი გახდა, ტვ პირველის ჟურნალისტს, თათია ჩაფიჩაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უცნობმა პირებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც მოიცავს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.

ქარტია მიმართავს პოლიტიკურ ძალებს და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას მუშაობის საშუალება, ასევე, შეახსენებს ყველა პირს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

არჩევნების დღეს მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ის უზრუნველყოფს აუდიტორიის ინფორმირებას ამ დემოკრატიული პროცესის შესახებ. მისი მოვალეობაა, აჩვენოს ყველა ხარვეზი და კანონდარღვევა, ამიტომაც აუცილებელია, ჟურნალისტებმა შეძლონ მშვიდ ვითარებაში მუშაობა და პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება.

იმედი გვაქვს, თათია ჩაფიჩაძის შემთხვევა გამონაკლისი იქნება და მსგავსი ინცინდენტები აღარ დაფიქსირდება", – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.