ვიდეო ▶ ადგილი საქართველოში, რომელსაც მტრობა არ შეჰხებია

27 November, 2018   1 კვირის 6 დღის წინ
234

საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულმა სომეხმა სტუდენტებმა ქართველ თანატოლებთან ერთობლივი ვიდეო–რეპორტაჟი მოამზადეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოპიდან [ადგილობრივები მას "ძობს" უწოდებენ], რომელშიც  სომხები და აზერბაიჯანელები, ასევე სხვა ეროვნებების წარმომადგენლები მრავალი ათწლეულია, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. რეპორტაჟი GIPA–ს ჟურნალისტური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  

"ჩვენი ჯგუფის აზერბაიჯანელი ხელმძღვანელი ადგილობრივ აზერბაიჯანელებს ესაუბრება და ცდილობს, გაარკვიოს, სად შეგვიძლია, მივაკვლიოთ აზერბაიჯანელებსა და სომხებს ერთად, რათა მათ ერთობლივად გავესაუბროთ.  ერთ–ერთი, ვისთანაც ჯგუფის ხელმძღვანელს აზერბაიჯანულად მოუწია საუბარი, სომეხი აღმოჩნდა, მე კი სომხურად ერთ–ერთ მოხუც აზერბაიჯანელს ვესაუბრე. ისინი აქ გვერდიგვერდ ცხოვრობენ და დროის ძირითად ნაწილს ერთად ატარებენ: ერთად ჭამენ, სვამენ ყავას, თამაშობენ ნარდს და ა.შ.

 „აქ ყველა ერთი ვართ, ასე იყო და იქნება“

"მე აზერბაიჯანელი ვარ, ეს კი - სომეხი. ორივემ ვიცით სომხურიც და აზერბაიჯანულიც. ჩვენს შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ერთად გავიზარდეთ, ერთ სკოლაში დავდიოდით, ჩვენი ცოლებიც ასე არიან, შვილებიც“, – სომხურად გვიყვება ადგილობრივი აზერბაიჯანელი, რომელსაც სომეხი მეზობლისთვის ხელი აქვს გადახვეული.  - ეს უნიკალური ადგილია, არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვით, რომ მსგავსი სადმე სხვაგანაც არსებობს. აქ ასეთი ადგილია ნამდვილად და მადლობა ღმერთს, რომ ასეა“.

ამასობაში მათი ახალგაზრდა თანასოფლელი მოგვიახლოვდა.

- თქვენ რა ეროვნების ბრძანდებით?

- აზერბაიჯანელი.

მოხუცი აზერბაიჯანელი მიხსნის, რომ ეს ახალგაზრდა სოფელში შედარებით „ახალია", აქ არ დაბადებულა, მეზობელი სოფლიდანაა, "ამიტომაც სომხური ჯერ–ჯერობით არ იცისო".

- არაუშავს, მალე ისწავლის. ვინც ამ სოფელშია დაბადებული, რა ეროვნებებიც კი არიან აქ წარმოდგენილები, ყველას ენაზე სუაბრობენ“.

საუბარში ადგილობრივი ქალიც ერთვება და გვიყვება, რომ მის მეზობლად ერთ მხარეს აზერბაიჯანული ოჯახი სახლობს, მეორე მხარეს - სომხური:

"ერთმანეთში ძალიან კარგად ვართ. არასოდეს გვქონია კონფლიქტი ეროვნულ ნიადაგზე. აქ ყველა ეროვნების წარმომადგენლები თანაცხოვრობენ, ერთად მუშაობენ, კარგი ურთიერთობა აქვთ ბავშვებსაც".

აზერბაიჯანელი მოხუცი კი, რომელიც სომხურად გვესაუბრება, ამბობს:
„ერთი რამ უნდა გითხრათ: ახალგაზრდა ბრძანდებით და შეიძლება, არ იცოდეთ, რომ აზერბაიჯანშიც ცხოვრობენ სომხები, სომხეთში კი – აზერბაიჯანელები. იცით, როგორ ახერხებენ, იცხოვრონ, როგორც ძმებმა? უბრალოდ გარკვეულმა ადამიანებმა წამოიწყეს ეს კონფლიქტი. ვერ იპოვიდით სხვა ორ ერს, იმდენად მეგობრულს ერთმანეთისადმი, როგორებიც სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ. შეგიძლიათ, ჩაბრძანდეთ სომხეთში და ჰკითხოთ ადამიანებს, რომლებსაც აზერბაიჯანელი მეზობლები ჰყავთ, როგორია მათ მიმართ მეზობლების დამოკიდებულება. ისინი გაგიზიარებენ ბედნიერებას და სიკეთეს. ისინი მეგობრები იყვნენ, ჯარშიც კი ერთად დადიოდნენ, მაგრამ გარკვეულმა ადამიანებმა ყველაფერი დაამსხვრიეს და შექმნეს სიტუაცია, რომელსაც დღეს ვხედავთ. აზერბაიჯანელებმა სომხეთში დატოვეს თავისი სახლები, იგივე ეხებათ სომხებსაც. მათაც დატოვეს საკუთარი სახლები, რომლებსაც წლების განმავლობაში აშენებდნენ. ვის სჭირდება ეს ყველაფერი? – არავის! ჩადით და ჰკითხეთ ხალხს გინდ აზერბაიჯანში, გინდ სომხეთში: ორივეგან ხალხი იმაზე ოცნებობს, ოდესმე შინ დაბრუნდეს და კვლავ მშვიდად იცხოვროს ერთად“.

საუბარში კიდევ ერთო მოხუცი ერთვება - ეროვნებით  აზერბაიჯანელი:

„ძალიან კარგი სოფელი გვაქვს, ძალიან მეგობრულად ვცხოვრობთ. ვინც ჩვენს მიმართ კეთილად არის განწყობილი, ყველას იგივეთი ვპასუხობთ. აქ ბერძნებიც გვყავს. ერთად ვიზიარებთ ჭირსაც და ლხინსაც. ჩვენ მათ ვეხმარებით, ისინი - ჩვენ. აქ ხალხს ეროვნების მიხედვით არავინ გამოარჩევსო“.

დასტურად ადგილობრივები ძველ სასაფლაოსაც გვიჩვენებენ, სადაც ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან დაკრძალულები.

მიგვითითებენ შორიახლოს მდებარე სომხურ სოფელ გიულბაკსა და მის გვერდით მდებარე კიდევ ერთ შერეულ - სომხურ-აზერბაიჯანულ სოფელ ხოჯორნზეც.

აქ ქართულად არავინ საუბრობს

თავად წოპში, როგორც უკვე ვთქვი, ყველა საუბრობს სომხურად და აზერბაიჯანულად, მაგრამ არავინ - ქართულად, ამიტომაც ჩემი თანმხლები ქართველი გოგონა დამოუკიდებლად ვერავის ეკონტაქტება და ჩვენთან ერთად ეცნობა ადგილობრივებს.

- იცით ქართული? - ვეკითხები სომეხ და აზერბაიჯანელ მამაკაცებს.

 - ვიცით, მაგრამ არ ვსაუბრობთ...

- რატომ?

- კი ვიცით, მაგრამ არ ვიცით [იცინიან]. იცით, რა არის ყველაზე დადებითი და მნიშვნელოვანი საქართველოში? - აი, ასეთი გასაოცარი ტოლერანტობაა.

საუბარში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ერთვება:

„მე მესმის ქართული, მაგრამ საუბარი მიჭირს. სამაგიეროდ ჩემი შვილები სწავლობენ ქართულს. ერთი პირველ კლასშია, მეორე  – მეორეში. ორივემ იცის ქართულიო“.

- როგორ გრძნობთ თავს საქართველოში? - ვეკითხები, სანამ დავემშვიდობებოდე.

- არაჩვეულებრივად! საქართველო ჩემი უსაყვარლესი ადგილია. ჩვენი სოფელი ხომ - თავისთავად!