კრემლის საიდუმლო გეგმა: "რუსოფობური რეჟიმების დელეგიტიმიზაცია, დისკრედიტაცია და განადგურება"

2018-11-27 15:37:34
722

უკრაინული "კიბერალიანსი" რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, სერგეი გლაზიევის საიდუმლო წერილს აქვეყნებს. ვლადიმირ პუტინისადმი გზავნილი დასავლურ სანქციებზე მოსკოვის საპასუხო ნაბიჯების გეგმას ასახავს. მის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია "აშშ–ის კონტროლს დაქვემდებარებული რუსოფობური რეჟიმების დელეგიტიმაციაზე, დისკრედიტაციასა და განადგურებაზე".  

„აქცენტი“ მოპოვებული დოკუმენტების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

 

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ბ-ნ ვ.ვ. პუტინს

აშშ-ის  სასანქციო აგრესიაზე

რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ

 

პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმირის ძევ!

გთავაზობთ, აშშ-ის სასანქციო ომზე პასუხი ორგანიზებულ იქნას ერთდროულად სავალუტო-ფინანსური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინფორმაციო და დიპლომატიური მიმართულებით. აშშ-ის მხრიდან რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ საფრთხეების სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, საპასუხო ზომებმა უნდა მოშალოს აშშ-ის სიძლიერისა და მსოფლიო გავლენის  ძირითადი მექანიზმები.

მთავარი დარტყმა უნდა განხორციელდეს ამერიკული გლობალური ჰეგემონიის დაფინანსების წყაროზე,  რაც  მსოფლიო ვალუტების ემისიაში დოლარის როლის  მორყევის გზით უნდა იქნას მიღწეული. გთავაზობთ,  განხორციელდეს დელეგიტიმაცია დოლარისა, როგორც აგრესორი ქვეყნის ვალუტისა, რომელსაც ის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის იყენებს, სამხედრო ინტერვენციებისა და დანაშაულების, ტერორისტული ორგანიზაციების, სპეკულატიური შეტევებისა და სხვა ძირგამომხთხრელი  საქმიანობების დაფინანსების ჩათვლით; ასევე მოხდეს მათი აქტივების კონფისკაცია და ანგარიშსწორებების ბლოკირება.

აუცილებელია სასწრაფოდ ზომების მიღება რუსული ეკონომიკის დედოლარიზებისათვის, დოლარზე დამოკიდებულების ლიკვიდაცია ვაჭრობაში, ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიჩს-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ქვეყნებთან ერთობლივ საინვესტიციო საქმიანობაში, დოლარის, როგორც ტოქსიკური ვალუტის გაძევება ევრაზიიდან (დანართი 1).

დანართი #1 გადაუდებელი ღონისძიებები სავალუტო აქტივების გადასარჩენად

  1. სასწრაფოდ გაიყიდოს ოქროს რეზერვებიდან აშშ–ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის ვალის ვალდებულებები, ასევე ამ ქვეყნების ვალუტებში ნომინირებული ფასიანი ქაღალდები, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიჩს-ის ქვეყნების აქტივების ექვივალენტური მოცულობისა და ოქროს შესყიდვით. ოქროს წილი რეზერვებში ამჟამინდელი 20%–დან 55%–მდე (როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია) გაიზარდოს;
  2. ოქროს რეზერვში რუსეთის ბანკის მიზნობრივი საკრედიტო ემისიის გზით განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკებისა და კორპორაციების სავალუტო აქტივების (50 მილიარდ დოლარზე მეტი) ცენტრალიზება;  
  3. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შეწყვიტოს უცხოური ვალუტის შესყიდვა და გაუქმდეს „საბიუჯეტო წესი“;
  4. შეწყდეს შენატანების დაზღვევის სისტემის მოქმედება უცხოურ ვალუტაში გახსნილი დეპოზიტების ნაწილში. მოქალაქეებს მიემართოთ წინადადებით, გადაცვალონ ეს შენატანები რუბლისაზე საბაზრო პირობებით, ხოლო კომერციულ ბანკებს – მიჰყიდონ მათ ხელთ არსებული უცხოური ვალუტა რუსეთის ბანკს მიმდინარე კურსით;
  5. NATO–ს ქვეყნების დეპოზიტარიებიდან გამოთხოვილ იქნას რუსული ემიტენტების ფასიანი ქაღალდები. რუსეთის ბანკმა შეწყვიტოს რეფინანსირების უზრუნველსაყოფად უცხოურ დეპოზიტარიებში არსებული ფასიანი ქაღალდების მიღება;
  6. შეიზღუდოს კომერციული ბანკების სავალუტო პოზიცია. შეწყდეს ოპერაციები რეგულატორის ნებართვის გარეშე კაპიტალური ხასიათის ოპერაციებისათვის უცხოური ვალუტების შესაძენად;
  7. დაწესდეს სავალუტო ანგარიშებზე სახსრების გაზრდილი დარეზერვება, მათ შორის დოლარში – 100%–მდე;
  8. ნება დაერთოთ შემნახველებს, გამოიყენონ ფორს-მაჟორი იმ კრედიტების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების შემომღები ქვეყნების სუბიექტებზეა გაცემული. სასანქციო ზომების ესკალაციის შემთხვევაში შემოღებულ იქნას მორატორიუმი ამ ქვეყნებიდან მიღებული კრედიტებისა და ინვესტიციების მომსახურება–დაფარვაზე. სასანქციო ზომების მოქმედების პერიოდისთვის რუსულ საბანკო შუამავლებს, რომლებიც ამერიკული და ევროპული ბანკების შვილობილ ქვედანაყოფებს წარმოადგენენ, რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების ახალი სახსრების მიზიდვა აეკრძალოთ.    

ჩამოთვლილი ზომები ასევე რუსეთის სავალუტო რეზერვებისა და საგარეო აქტივების დაცვას უზრუნველჰყოფს. ამ ნაბიჯებს თან უნდა დაერთოს რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები, სპეკულატიური შეტევებისგან სავალუტო-საფინანსო ბაზრის დაცვის, რუბლის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ეკონომიკის დეოფშორიზაციის ჩათვლით (დანართი2).  

 

                                                                        2

 

სავაჭრო–ეკონომიკურ დარგში შემოღებულ იქნას ემბარგო ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მგრძნობიარე საქონელსა და მომსახურებაზე. კერძოდ, აიკრძალოს რუსეთში ამერიკული საფინანსო, აუდიტორული, საკონსალტინგო, იურიდიული, საინჟინირინგო კომპანიების, სარეიტინგო სააგენტოებისა და სხვა იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც რუსეთიდან კაპიტალის გატანასა და რუსულ საწარმოებზე საგარეო კონტროლის დაწესებას ემსახურებიან. სახელმწიფო კორპორაციებსა და სახელმწიფო დამკვეთებს დაევალოთ, თავი შეიკავონ ამერიკული წარმოების საქონლის შეძენისგან.

NATO-ს ქვეყნებიდან და აშშ–დან სამოქალაქო თვითმფრინავების იმპორტზე ზეკრიტიკული დამოკიდებულების განეიტრალების მიზნით გაუქმდეს მათ შემოტანაზე მოქმედი უკანონო შეღავათები, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ უფლებამოსილების გადაჭარბებითა და რუსული ინტერესების უგულებელყოფით დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხაზე დააწესა. იმავდროულად მიღებულ იქნას უკვე სერტიფიცირებული რუსული ხომალდების – Ту-204.214, Ту-334, Ил-114, Ил-96-300 (400), Ан-148 წარმოების მკვეთრი ზრდის გეგმა, სახელმწიფო-საბანკო სისტემის მიერ მათი წარმოებისა და ლიზინგის  მიზნობრივი დაკრედიტებით (დანართი#3).

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად აუცილებელია, უარი ითქვას სახელმწიფოს, სახელმწიფო კორპორაციებისა და ბანკების, სამხედრო მრეწველობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომპლექსების საჭიროებებისთვის  ამერიკული გამომთვლელი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ამერიკული დომინირების მოსარყევად აუცილებელია, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციში ინიცირებულ იქნას კიბერუსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერა (დანართი4).

სხვა დიპლომატიურ ინიციატივად შეიძლება, იქცეს წინადადება დიდი ევრაზიული პარტნიორობის საშეთანხმებო სამართლებრივი ბაზის შემუშავების შესახებ, რომელიც ევრაზიის სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას მესამე ქვეყნების მხრიდან ძირგამომთხრელი მოქმედებისგან დაიცავდა. ის ასევე შეიძლება, იქცეს საფუძვლად  ფართო ანტისაომარი კოალიციის ფორმირებისთვის (დანართი5).

აშშ–ის მხრიდან უახლოეს საზღვრებზე საფრთხის ნეიტრალიზებისთვის რეკომენდირებულია, მის კონტროლს დაქვემდებარებული რუსოფობური რეჟიმების, უპირველესად უკრაინაში მოქმედი ნაცისტური რეჟიმის დელეგიტიმიზაცია, დისკრედიტაცია და განადგურება (დანართი#6).  

------------------------------------------------------------------------------   

პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმირის ძევ,

ეკონომიკის დარგში ამერიკული აგრესიის მოსაგერიებლად ამ და სხვა წინადადებების შემუშავების მიზნით გთავაზობთ, შეიქმნას რუსეთის ფინანსური დაზვერვა (რფდ) – დამოუკიდებელი ფედერალური სამსახური, რომელიც უშუალოდ თქვენ დაგექვემდებარებათ. ამ სამუშაოს სტრუქტურირებისთვის მიზანშეწონილია, შემუშავდეს გეგმა «ფინანსური სუვერენიტეტი», რომელიც გაითვალისწინებდა რიგი ზომების განხორციელებას საკვანძო ფინანსური (მათ შორის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მომსახურე) ინფრასტრუქტურის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად სადოლარო სისტემიდან რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ბანკის გარიცხვის შემთხვევისთვის, ასევე  რუსეთის იურისდიქციაში სტრატეგიული კომპანიების შესანარჩუნებლად.

დასავლეთის მზარდ ფინანსურ აგრესიაზე რეაგირების ოპერატიული გეგმის რეალიზების შემდეგ აუცილებელია კონცენტრირება ეროვნული სავალუტო-საფინანსო სისტემის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, გადასვლა ეკონომიკური განვითარების დაკრედიტებაზე შიდა წყაროების გაფართოების მეშვეობით (დანართი 7).

 

რუსეთის ფედერაციის

პრეზიდენტის მრჩეველი                                      ს. გლაზიევი"