ხელშეუხებელი „დედა ენა“ – „პოპულისტური აბსურდი“

2018-11-26 18:03:29
705

„დედა ენა“ ანონით ხელშეუხებელი ხდება. რას ნიშნავს მმართველი გუნდის წარმომადგენლების ინიციატივა, საჭიროებს თუ არა სახელმძღვანელო კანონით დაცვას, ვინ "აძევებს" მას სკოლიდან, ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ განათლების მკვლევარ რევაზ აფხაზავას ესაუბრა.   

ბატონო რევაზ, დეპუტატმა მმართველი გუნდიდან გვამცნო, „დედა ენა“ კანონის დონეზე იქნება ხელშეუხებელიო. როგორ ფიქრობთ, ეს ერთგვარი პოპულისტური განცხადებაა, თუ რეალურად საჭიროებს „დედა ენა“ მსგავს დაცვას?

ცალსახად პოპულისტური ნაბიჯია. მესმის, თავად არ კითხულობენ, მაგრამ მცოდნე ადამიანებს მაინც დაეკითხონ. რეალურად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია მე–19 საუკუნეში საქართველოში წიგნიერების განვითარებისთვის. მაგრამ მიმაჩნია, რომ მე–19 საუკუნის დროინდელი სახელმძღვანელოს აღება და დღეს დანეგრვა, აბსურდია. ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რაზეა საუბარი. ალბათ, დამატებით განმარტებებს გააკეთებენ.

მთავარი პრინციპი, რაც იაკობ გოგებაშვილმა აიღო და რამაც რეალურად იმუშავა, იყო ის, რომ სინთეზურიდან ანალიზურ მეთოდზე გადავიდა. ამასთან, მან სახელმძღვანელო იმ პერიოდის ბავშვებისთვის ახლობელი და მნიშვნელოვანი ტექსტებით შეადგინა. რას ნიშნავს „ხელშეუხებელი“? ჯერ კიდევ თავად იაკობ გოგებაშვილმა ძალიან ბევრჯერ შეახო ხელი და გააკეთა ჰიბრიდული, სინთეზურ–ანალიზური მეთოდი.

ვეღარ გააძევებენ სკოლებიდანო...

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ შეიძლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყოს, მაგრამ თანამედროვეობაში ვერ იმუშავებს. ხელშეუხებელი რას ნიშნავს, რედაქტირებაც არ შეიძლება? თუ რედაქტირება მოხდება,  გამოიყენებენ გოგებაშვილისეულ მიდგომებს, აიღებენ სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე პრინციპებს, არსებულ რეალობაზე მორგებული ტექსტებით შეაზავებენ და შექმნიან ახალ სახელმძღვანელოს, ბუნებრივია, ეს კარგი იქნება. შეიძლება, რომ „დედა ენა“ მასაც ერქვას.

ფიქრობთ, რომ მოდერნიზებას საჭიროებს...

„დედა ენის“ პირველი გამოცემა 1865 წელს გამოვიდა და როგორც უკვე ვთქვი, თავად იაკობ გოგებაშვილმა მოკლე პერიოდში 30–ზე მეტჯერ შეასწორა, განავითარა. თუ ეს სახელმძღვანელო მე–19 საუკუნის შემდეგ მოდერნიზებას აღარ საჭიროებს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.  

მაშ ჩვენს დეპუტატებს რისი თქმა უნდათ?

უნდათ, იმ ადამიანების გული მოიგონ, რომლებსაც არ აქვთ პედაგოგიური განათლება, არ იციან, რა არის დიდაქტიკა, სწავლების მეთოდები... ამის შესახებ არ იციან, ქმნიან აბსურდულ საშიშროებას – თითქოს საქართველოს ვიღაც ართმევს იაკობ გოგებაშვილს და „დედა ენას“ და შემდეგ თავადვე გადადიან მის დაცვაზე. მთლიანობაში კი ჩვენ პოპულისტური აბსურდის მომსწრენი ვართ.

სახიფათოც ხომ არ არის? დეტალები არ ვიცით, მაგრამ თუ კანონის დონეზე იქნება დაცული, ეს ალბათ, მოდერნიზებასაც შეუქმნის პრობლემას...

იაკობ გოგებაშვილი ისეთ ტერმინებს იყენებდა, მაშინვე გახდა კრიტიკის საგანი. იმ ტერმინებით უნდა ვისაუბროთ? დიმიტრი ყიფიანმა მაშინვე დაწერა სერიოზული კრიტიკული წერილი. წაიკითხონ ეს ტექსტები და შემდეგ ისაუბრონ. ხაზგასმით ვამბობ, ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე გონიერმა ადამიანმა მოინდომოს, თუნდაც საბოლოოდ რედაქტირებული სახელმძღვანელოს პირდაპირ გადმოღება. ვიმეორებ, თუ პირვანდელი „დედა ენის“ ნორმალური მოდერნიზება მოხდება, დარჩება გოგებაშვილისეული პრინციპი, რომელსაც თავის დროზე ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა და დიდი როლი შეასრულა წიგნიერებისა და ქვეყნის განვითარებაში.

ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ამით იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი იკარგება. არადა თავად ამბობს გოგებაშვილი, „ეს ჩემი მეთოდი არ არისო“. დღეს რატომ შეეშინდათ და გოგებაშვილის პრინციპების წინააღმდეგ რატომ მიდიან? სწავლის მეთოდოლოგია, სპეციფიკა, დიდაქტიკა მეცნიერებაა. საგანმანათლებლო სისტემის მიმართ ასეთი ანაქრონისტული მიდგომა შეუძლებელია.

არ ვიცი რა მოხდება, დაელაპარაკებიან თუ არა გონიერ ადამიანებს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არის წინასაარჩევნო, პოპულისტური, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხული განცხადებები.

ჩემი შემდეგი კითხვა უშუალოდ „დედა ენას“ არა, მაგრამ განათლების დონეს ეხება და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება: საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ნაცვლად პროგრამების ჭიდილისა, აქცენტი აგრესიაზე გაკეთდა. როგორ ფიქრობთ, რატომ იქნა ეს მეთოდი არჩეული?

ჩვენი არა კომპეტენტური, არამედ იმპულსური ამომრჩეველი გვყავს. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს კრიტიკული აზროვნების  – ინფორმაციის ანალიზის, საწინააღმდეგო პოზიციების განხილვის და დასკვნის შემდეგ გამოტანის უნარი არ აქვს. საბჭოთა სკოლა ამ უნარის განვითარებას მიზანმიმართულად უშლიდა ხელს.  საზოგადოების ეს ნაწილი რეაგირებს მოკლე, პოპულისტურ მესიჯებზე, აგრესიაზე, უარყოფით გზავნილებზე. ამას იყენებენ პოლიტიკური გუნდები. რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ამ ვითარებაში, უფრო ხშირად მივიღებთ მსგავს კამპანიებს. მეორეს მხრივ, პოლიტიკური ელიტა, მათ შორის – მმართველი ძალა მოთხოვნა–მოწოდების გზით არ უნდა მოქმედებდეს. თავად უნდა ქმნიდნენ სწორ მოთხოვნებსაც და უნდა იყვნენ მაგალითი. მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს პოლიტიკოსებს არა ქვეყნის განვითარება, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა აინტერესებთ.

მოზარდები უყურებენ, როგორ მეთოდებს იყენებენ ძლიერნი ამაქვეყნისანი ერთმანეთთან ურთიერთობისას და იგივე გზას მიმართავენ თავადაც. შემდეგ ნუ გვიკვირს, ასეთი ტრაგედიების მომსწრენი რომ ვხდებით.  უფროსები უმცროს თაობას სიძულვილის, დაქუცმაცების, დაპირისპირების კატასტროფულ მაგალითს აძლევენ.