ქერჩის ინციდენტის გამოძახილი საქართველოში: „რუსეთს აქ რესურსების ხარჯვა არ უწევს“

2018-11-26 15:25:06
489

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში ინციდენტი მოხდა: უკრაინული მხარის ინფორმაციით, მდინარის 2 კატერი და მათი თანმხლები საბუქსირო ხომალდი ქერჩის სრუტის გავლით შავიდან აზოვის ზღვაში გეგმიურ გადაადგილებას ასრულებდა, როდესაც რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო ხომალდი ერთ-ერთ უკრაინულს ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, კიევის ინფორმაციით, დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური, მოსკოვის მტკიცებით - 3. 

უკრაინული ხომალდები და მეზღვაურები ამჟამად რუსული მხარის ტყვეობაში რჩებიან.

უკრაინულ ხომალდებზე, რომელიც რუსულმა მხარემ დააკავა, 23 ადამიანი იმყოფებოდა. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ. Reuters –ის ინფორმაციით დაკავებული გემები ანექსირებული ყირიმის ქერჩის პორტში არიან. 

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტის გიორგი გობრონიძის შეფასებით, რუსეთი უკრაინას საზღვაო ბლოკადას უცხადებს და ეკონომიკურ პრობლემებს უქმის.


„სახეზეა, რომ რუსეთი ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის უკრაინას, რადგან იქ ძალიან მნშვნელოვანი პორტებია, ნახშირის, ფოლადის მომპოვებელი საწარმოები და სატრანსპორტო კვანძები. რუსეთი ცდილობს, მოცემულ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი ვითომ პრაქტიკაში განახორცეილოს და უკრაინა აიძულოს, ეს მოცემულობა მიიღოს“.

ანალირიკოსი უკრაინის შიდაპოლიტიკურ გარემოზეც ამახვილებს ყურადღებას:

„აქ კიდევ ერთი მოცემულობაა – თვითონ პოროშენკოს, რომელსაც წინ ელის საპრეზიდენტო არჩევნები და მაინც და მაიც დიდი შანსები არ აქვს, შეიძლება, სჭირდებოდეს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს“.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე კი რუსეთის მოქმედებებს მის შიდა პოლიტიკას უკავშირებს.

„ეს მოქმედებები უკავშირდება რუსეთის შიდა პოლიტიკას. მოგეხსენებათ, პუტინის რეიტინგი დაეცა“,– აღნიშნავს ანალიტიკოსი.

გიორგი გობრონიძე ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წამოწყებას არ ელის, თუმცა ფიქრობს, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ინტენსიფიკაციას.

არის თუ არა უკრაინა მზად ადეკვატური წინააღმდეგობისთვის

გობრონიძის შეფასებით, სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წარმოების შემთხვევაში უკრაინას, განსაკუთრებით ზღვაზე, ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება:

„ყირიმის ანექსიის პროცესში უკრაინის სამხედრო–საზღვაო ძალების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სარდლითურთ რუსეთის ფედერაციის მხარეს გადავიდა. უკრაინულმა ფლოტმა სერიოზული დარტყმა მიიღო. აქედან გამომდინარე, უკრაინას ზღვაზე წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთმა კასპიის ზღვრის ფლოტილიიდან აზოვის ზღვაში რამოდენიმე სამხედრო ხომალდი დაამატა და კიდევ უფრო გააძლიერა შავ და აზოვის ზღვებში საკუთარი სამხედრო–საზღვაო ყოფნა. ამ ეტაპზე ძალები ცალსახად არათანაბარია“.

რაც შეეხება უკრაინის შიგნით არსებულ ვითარებას, ანალიტიკოსის შეფასებით, გარემო არასტაბილურია:

„კონფლიქტის ინტესიფიკაციამ შეიძლება, რაღაც დოზით უკრაინული პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინოს, მაგრამ მიუხედაად ამისა, როგორც წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება, რადგან ძალები, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან არაანაბარია“.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თორნიკე შარაძენიძის შეფასებით, უკრაინას არსებული მდგომარეობითა და პოლიტიკური ელიტით, თითქმის არ აქვს შანსი, რამე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.


„შევხედოთ ერთ ცოტა კომიკურ ფაქტს – უკრაინას დღემდე არ გაუწყვეტია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ, როდესაც რუსეთმა მას პირდაპირ წაართვა ტერიტორია. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა უფრო რბილი შემთხვევა იყო, აღიარა ჩვენი ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მაშინვე გავწყვიტეთ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. საერთოდ, დსთ-დან უკრაინა რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ... სამწუხაროდ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენგან ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა და ჩვენს კონტექსტში ამ ფაქტს არ განვიხილავდი. თუ  აგრესია შერჩა და ამის შანსი სამწუხაროდ, უკვე არსებობს, რადგან უკრაინის პოლიტიკური ელიტა ძალიან სუსტი და უუნაროა, ეს რუსეთს კიდევ უფრო გაათამამებს და გაათავხედებს და ამ კუთხით არის ცუდი“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძემ.

უკრაინული მოვლენების გავლენა საქართველოზე

გიორგი გობრონიძის შეფასებით, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის პოლიტიკა ერთი მთლიანი სურათის ნაწილია, რაც პოსტსაბჭოთა რეგიონში რუსეთის გააქტიურებას, მისი სამხედრო ყოფნის გაზრდას და საბოლოო ჯამში, აღნიშნული სივრცის რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევას გულისხმობს.

„უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი როგორც კი დაასრულებს უკრაინას, მეტ ძალას მომართავს ჩვენზე“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ანალიტიკოსი.  

ამასთან, გობრონიძე აღნიშნავს, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად საქართველოში რესურსების ხარჯვა არ უწევს:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მთლიანად უკრაინით არის დაკავებული, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ის საქართველოშიც ცდილობს მისთვის საიმედო გარემო შექმნას, თუნდაც პოლიტიკური კრიზისების გამძაფრებისა და გაძლიერების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ამისთვის რუსეთს ბევრი შრომაც არ სჭირდება, რადგან დაბალი პოლიტიკური კულტურიდან და უმწიფარობიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა თავად აძლევს ყველაფერს, რაშიც რუსეთი რესურსებს უნდა ხარჯავდეს“.

ერთ–ერთ მაგალითად ანალიტიკოსს საპრეზიდენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი „ისტერია“ მოჰყავს: 

„მთავრობაც და ოპოზიციაც დაკავებულია „კუდიანებზე ნადირობით“ და ვითომ რუსეთის აგენტების გამოვლენით, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების პოლარიზებას იწვევს. ამას ემატება სატელიტური ჯგუფების მხრიდან სახელმწიფოსთვის მავნე მოქმედებები და ის რეალობა, რომ ერთი მხრიდან [„ნაციონალური მოძრაობის“] შეფარულად, მაგრამ მაინც ისმის გზავნილები რესპრესიაზე, მეორე მხარე [სამთავრობო გუნდი] პირდაპირ იძახის, რომ თუ ხალხი დემოკრატიულად გადაირჩევს ხელისუფლების სასურველ კანდიდატს, ქვეყანაში შეიძლება, სამოქალაქო ომი დაიწყოს“.

ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკური ძალები სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით უნდა შეთანხმდნენ და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ, რა ინტერესი აქვს ქვეყანას და ამისთვის რას აკეთებს.

„პარტიები შეიძლება, შეიცვალონ, სახელმწიფო კი არსად მიდის. რუსეთს რატომ უნდა სჭირდებოდეს ზედმეტი ძალისხმევა საქართველოში, როდესაც ყველა არჩევნების წინაპერიოდი პრაქტიკულად, სამოქალაქო არეულობისთვის მზადებას ემსგავსება?! რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამაში დიდ რესურს მტრულად განწყობილი სახელმწიფო უნდა ხარჯავდეს და ამას ვერ ახორციელებდეს“.

ეკონომიკური გავლენა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაარტყამს“.


მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ესკალაცია ისეთ ფაზაში შევა, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთება მოუწევს.

„ჩვენი ვაჭრობა იზრდება რუსეთთან და ეს მნიშვნელოვანია. 15%-ს მიაღწია ექსპორტმა, ამიტომ ჩვენი დამოკიდებულებაც გაზრდილია ამ ბაზარზე. სანქციების დაწესების შემთხვევაში რუსეთი მიიღებს ადექვატურ ზომებს და ისიც ჩაკეტავს ჩვენთან ვაჭრობას. თუ ისეთ ფაზაში შევიდა ესკალაცია და მოგვიწია სანქციენთან შეერთება მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დაარყამს ჩვენს ეკონომიკას. არამგონია რუსეთმა ნაწილობრივი სანქციები დაგვიწესოს, ალბათ რუსეთი მთლიანად გადაგვიკეტავს საიმპორტო შესაძლებლობებს და, რა თქმა უნდა, ეს მოგვაყენებს მნიშვნელოვან ზიანს“-აცხადებს კახა გოგოლაშვილი. 

მაღალია თუ არა რუსული საფრთხე

გობრონიძე არ იზიარებს მოზარებას, რომ ამ ეტაპისთვის რუსული საფრთხე შემცირებულია:

„რუსული საფრთხე ყოველთვის არსებობს. პრობლემა იმაშია, ჩვენ რამდენად მომზადებული ვხვდებით მას. რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს ქართულ სახელმწიფოს რა დღისწესრიგი აქვს მის წინააღმდეგ. უკანასკნელ მოვლენებიდან გამომდინარე მეეჭვება, ჩვენ რაიმე სერიოზული ხედვა გვქონდეს“.  

შემდეგი ფაზა

გობრონიძე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოლოდინშია:

„დასავლეთის მხრიდან იქნება სამხედრო, ფინანსური მხარდაჭერა, განცხადებები, სანქციები, ეს კიდევ უფრო მეტად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას, შესაბამისად, რუსეთი შეეცდება კრიზისის ფონზე მეტად მოახდინოს მასების მობილიზება. აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება – 1998 წლის რუსულ დეფოლს მოჰყვა ჩეჩნეთის მოერე კამპანია; 2008 წელს რუსეთმა თავის ფარგლებს გარეთ – საქართველოში განახორციელა აგრესია; აქ დაუსჯელობამ გამოიწვია უკრაინის კონფლიქტი; შემდეგ მივიღეთ რუსეთის ჩარევა სირიაში, შემდეგი ფაზა კი იქნება ის, რომ რაც დაიწყო უკრაინაში საბოლოოდ მიიყვანოს ბოლომდე. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის სახელმწიფო კონფლიქტების შემდეგ ისე არ დაზარალებულა, როგორც რუსეთს წარმოედგინა – გარკვეული მდგრადობის ნიშნები გამოავლინა. რუსეთისთვის ეს მიუღებელია. გარდა ამისა, შავ ზღვაზე მისი პოზიციები სათანადოდ გამყარებული არაა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჰქონდეს გასასვლელი“.