საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები აზერბაიჯანული ტოპონიმების აღდგენას ითხოვენ

2018-11-23 15:19:44
571

ბაქოს პრეს–ცენტრში საქართველოს ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლების პრეს–კონფერენცია გაიმართა. როგორც ღონისძიების ერთ–ერთმა მონაწილემ – კავკასიელი ხალხების საკითხთა ექსპერტმა ქიამრან რამაზანლიმ განაცხადა, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს საკუთარი ისტორიული ტოპონიმების დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.

„თავის დროზე ბევრი აზერბაიჯანული ტოპონიმი ქართულით შეიცვალა, თუმცა სადღეისოდ საქართველოს რიგი საერთაშორისო დოკუმენტები აქვს ხელმოწერილი, რომელთა საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენი ისტორიული ტოპონიმების დაბრუნებას“,– აღნიშნა მან.

ექსპერტის მტკიცებით, აზერბაიჯანული სახელწოდებების შეცვლის მცდელობები დღესაც ხორციელდება:

„მაგალითად, მარნეულის კულტურის სახლი საბჭოთა დროის ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერალ ნარიმან ნარიმანოვის სახელს ატარებს, თუმცა რაიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რაკი ნარიმანოვი კომუნისტი იყო, კულტურის სახლს სახელი უნდა შესცვლოდა. ნარიმან ნარიმანოვი საქართველოში დაიბადა და მრავალი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუშაობდა. სოფელ ყიზილაჯლოში დააარსა სკოლა მუსლიმი გოგოებისთვის. თავის ნაწარმოებებში იგი განადიდებდა ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას ... ამავდროულად, მარნეულის რაიონში ასევე კომუნისტ შაუმიანის სახელობის დაბაც არსებობს, თუმცა ეს რაიონის ხელმძღვანელობის ყურადღებას რატომღაც არ იქცევს. ჩვენ მათ მივწერეთ და კულტურის სახლისთვის ნარიმანოვის სახელის დაბრუნება ვთხოვეთ“.

ამ განცხადებებს საზოგადოებრივი გაერთიანება „ბორჩალის“ ხელმძღვანელი შარიფ ქერიმლი გამოეხმაურა. მისი თქმით, „აზერბაიჯანული ტოპონიმების ქართულით ჩანაცვლება ფართოდ იყო გავრცელებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს და ეს ტენდენცია ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც შენარჩუნდა“:

„სხვათა შორის, როდესაც შევარდნაძე ბაქოში იყო ჩამოსული, ჩვენ მას შევხვდით და დაგვპირდა, რომ ზომებს მიიღებდა, თუმცა დაპირება არ შეასრულა. დღეს ჩვენი სახელმწიფო ნავთობ–კომპანია „სოკარი“ საქართველოში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. გარდა ამისა, მან აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის სტიპენდიები გამოყო, თუმცა აზერბაიჯანული ტოპონიმების აღდგენის მიმართულებით ოფიციალურ ბაქოს ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია“.      

აზერბაიჯანულმა მედიამ კომენტარისთვის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ–ჯერობით არ მიუღია.