ევროკავშირი თბილისური ასამბლეის ირგვლივ აზერბაიჯანულ მედიაში აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა

2018-11-23 13:40:24
434

ბაქოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური კომენტარი გაავრცელა აზერბაიჯანულ მედიაში აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც 11–12 დეკემბერს თბილისში„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მე–10 ასამბლეაზე „აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის არმიწვევასა და ღონისძიების რეზოლუციაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პუნქტის არშეტანას“ უკავშირდებოდა.

„თბილისურ შეხვედრაზე თავს მოიყრიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი 6–ვე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები; მსგავსი შეხვედრები ყოველწლიურად 2009 წლიდან იმართება. თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეულები არიან ამოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები აზერბაიჯანის ჩათვლით. ამასთან, არავითარი რეზოლუცია ჯერ–ჯერობით არა თუ მიღებული, შეთანხმებულიც არ არის. ორგანიზატორები ამ საკითხზე მუშაობენ. ევროკავშირის სტრუქტურები დოკუმენტის მომზადების პროცესში არანაირად არ არიან ჩართულები და ჩვენთვის რეზოლუციის ტექსტზე თანხმობის მისაცემად არავის მოუმართავს“,– განაცხადეს ევროკავშირის ბაქოს მისიაში.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია არაერთგზის გამოიხატა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების დეკლარაციებში, რომელთაგან უკანასკნელი 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში იქნა მიღებული.

თავის მხრივ, აღმოსალეთ პარნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყოველწლიური ასამბლეის მზადება და სტუმრების სიის შედგენა ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის: დღემდე ბაქო მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას თავს არიდებდა და არ მიესალმებოდა ევროპელი დონორების საქმიანობას აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე იგნორირებას უწევდა ფორუმის მოწოდებებს, ხლი არ შეეშალა ადგილორბრივი არასამთავრობო სექტორის მუშაობისთვის,– აღნიშნავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მმართველ კომიტეტში.

შეგახსენებთ, რომ თბილისური ასამბლეის ირგვლივ სკანდალი აზერბაიჯანულ მედიაში გუშინ აგორდა. როგორც ბაქოში გამომავალი გამოცემები აღნიშნავდნენ, თბილისურ შეხვედრაზე აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები არ მიიწვიეს და აზერბაიჯანი ასამბლეაზე მხოლოდ საქართველოში მისი ელჩით იქნებოდა წარმოდგენილი. ამსსთან, აზერბაიჯანული მედიის მტკიცებით, ასამბლეის რეზოლუციაში შეტანილი იყო პუნქტები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, აზერბაიჯანთან მიმართებაში კი მსგავსი პუნქტი არ ფიგურირებდა.