ვიდეო ▶ აქტივისტებმა რუსეთიდან ჩამოსულ ხელოვანებს აგრესიული „პაემანი“ მოუწყვეს

2018-11-21 21:18:45
489

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტებმა რუსული კინოფესტივალის „პაემანი – კინორომანი“ ფარგლებში თბილისში ჩამოსულ ხელოვანებს ანტისაოკუპაციო სტიკერები გადასცეს და საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.  

ანონსის მიხედვით, საინფორმაციო პორტალი  და რადიო “Sputnik"–ის ოფისში დღეს პრესკონფერენცია ფესტივალის დამფუძნებელსა და გენერალური პროდიუსერს ვლადიმირ პიროჟოკს, ფესტივალის პროდიუსერს იგორ შიბანოვს, კინორეჟისორს ალექსანდრ შეინს, პოეტ ვაზგენ ოგანესიანის და რუსეთში მოღვაწე ქართველ კინორეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს უნდა გაემართათ, თუმცა საბოლოოდ ღონისძიებაზე წარმოდგენილები მხოლოდ იგორ შიბანოვი და ირაკლი კვირიკაძე იყვნენ.

როგორც დღის განმავლობაში გაირკვა, ქართველმა სამართალდამცველებმა რუს კინორეჟისორსა და სცენარისტ ბორის გრაჩევსკის, ასევე მის მეუღლეს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლება ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო არ მისცეს. საქართველოს შსს კიდევ ერთი პირის უკან გაბრუნების შესახებ იუწყება, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც არ აჟღერებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ფესტივალის დამფუძნებელი ვლადიმირ პიროჟოკია.    

რაც შეეხება დღევანდელ პრესკონფერენციას, იგორ შიბანოვსა და ირაკლი კვირიკაძეს სტიკერებთან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების ჟესტი არ ესიამოვნათ. ამასთან, მართალია ვრცლად ისაუბრეს საქართველოს მიმართ მათ თბილ დამოკიდებულებაზე, თუმცა კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, პასუხი არც ერთმა არ გასცა.

 

 

როგორც კვირიკაძემ განაცხადა, რომ სისხლით ხორცამდე ქართველია, გეგმავს 117–გვერდიანი წიგნის გამოცემას, რომლის თითოეულ გვერდზეც საქართველოს უხსნის სიყვარულს, რომ ის ხელოვანია და პოლიტიკური კითხვების ადრესატი ვერ იქნება:

„ხელოვანი ხელოვნებით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოსა და რუსეთში არსებულ პრობლემურ საკითხებზე“.

ამასთან, ის გაუნაწყენდა ქართველ ჟურნალისტებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს და თქვა, რომ დასმული კითხვები ერთგვარი პერფორმანსის მცდელობა იყო.

თავის მხრივ შიბანოვმაც განაცხადა, რომ ასევე არ არის ამ კითხვის ადრესატი, რომ პირველად მხოლოდ დღეს მოისმინა „უცნაური კითხვები და საუბრები“ ოკუპაციაზე.