ძალოვანებმა ინგუშეთის სუნჟის სასაზღვრო რაიონში, სოფელ დატიხის ბლოკირება მოახდინეს

2018-11-21 16:42:47
345

ძალოვანებმა ინგუშეთის სუნჟის სასაზღვრო რაიონში, სოფელ დატიხის ბლოკირება მოახდინეს ,– ამის შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლები სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, სოფელში ფედერალური საჯარისო დაჯგუფების მობილიზება ხორციელდება, ჩეჩნეთ–ინგუშეთის საზღვრის გასწვრივ სიმაღლეებზე “თავდაცვითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს“,– წერს ადგილობრივი ისლამ ძანგიევი.

სოფელი დატიხი მოსახლეობამ 2015 წელს მომხდარი შეაიარღებული ინციდენტის შემდეგ დატოვა, თუმცა ადგილობრივებს იქ მეურნეობა, შინაუირი პირუტყვი, სკები და ა.შ. დარჩათ, რაც პერიოდულად ადგილზე ჩასვლას მოითხოვს. გარდა ამისა, დროდადრო ისინი დატიხში ახლობლების საფლავების მოსანახულებლად ჩადიან.

„კავკასკი უზელის“ ინფორმაციით, 20 ნოემბერს მსურველები დატიხში არ შეუშვეს, უკან გააბრუნეს იმ მოტივით, რომ იქ რაღაც ღონისძიება იმართებოდა. როგორც ამასთან დაკავშირებით დატიხის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე მაგომედ ფიდიევი განმარტავს, სოფელში მხოლოდ ჩაწერის მიხედვით უშვებენ – მათ ვისაც იქ სახლ–კარი გააჩნია, თუმცა იქ ყოფნა მხოლოდ 16:00 საათამდეა დაშვებული.  

„ეს პირველად არ ხდება. როდესაც ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეოდა, ჩვენთან მუდმივად იდგნენ ძალოვანები და სპეცღონისძიებებიც არაერთგზის ჩატარებულა. ეს ხომ ჩეჩნეთთან მოსაზღვრე ტერიტორიაა, გარშეორტყმული ტყის მასივით. მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში სოფელი ასევე იყო ბლოკირებული. მაშინ იქ საერთოდ არავის გვიშვებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ზომები შეიძლება, ჩეჩნეთ–ინგუშეთის საზღვართან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასაც უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ ამას ოფიციალურად მაინც არავინ გვეტყვის“,– განუცხადა „კავკაზ. რეალიის“ ძანგიევმა.

16 ნოემბერს ინგუშეთში მოქმედმა ოპერატიულნა შტაბმა შეახსენა ადგილობრივებს, რომ 2014 წლიდან რესპუბლიკის მთიან, ტყით დაფარულ რაიონებში – ნაზრანსა და სუნჟში ტერაქტებისა და ტერორისტული მიმართულების სხვა დანაშაულების აღსაკვეთად საგანგებო რეჟიმია შემოღებული. მის ფარგლებში დაშვებულია მოქალაქეთათვის საბუთების შემოწმება, ცალკეულ მონაკვეთებზე ქვეითებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა, უსაფრთხოების სხვა ზომები,– იუწყება გაზეთი „ინგუშეტია“.

ცნობისთვის: 2015 წლის 2 აგვისტოს ძალოვანებმა სოფელ დატიხში სპეცოპერაცია დაიწყეს, რომლის დროსაც 8 სავარაუდო ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული. ყველა მათგანი ჩეჩნეთის მკვიდრი იყო და ხელისუფლების მტკიცებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი. ძალოვანების ინფორმაციით, ისინი „აჩხოი–მარტანის სექტორს“ განეკუთვნებოდნენ და უშუალოდ ემორჩილებოდნენ საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევს. სპეცოპერაციის ფარგლებში დაიჭრა სოფელ დატიხის მკვიდრი ვახა ისლამოვიც, დაზიანდა არაერთი სახლი.