„რუსეთთან პაემანი“ პერფორმანსის ფონზე ჩაივლის

2018-11-21 14:53:48
302

თბილისში დაგეგმილი რუსული კინოს ფესტივალი “პაემანი – კინორომანი” საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.

როგორც „აქცენტს“ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა აცნობეს, აქტივისტები ღონისძიებას დაესწრებიან და მისი მონაწილეებისგან მოითხოვენ, აღიარონ, რომ რუსეთი ოკუპანტია, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი  – საქართველო.   

„ეს არის კრემლის რბილი ძალა, რომელსაც სურს, ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს მოსახლეობაზე კულტურული ურთიერთობებით“,– აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

რუსეთიდან დელეგაციას თბილისში დღეს ელოდებიან, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, საზღვარზე არ შემოუშვეს.

ცნობისთვის: რუსული კინოს ფესტივალი თბილისში 21–23–მდე გაიმართება. ღონისძიება ნაწილია ფესტივალისა “პაემანი რუსეთთან”, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში. ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია კრემლის მიერ დაფინანსებული “Россия сегодня”-ს დაარსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო “Sputnik–საქართველო”.

სწორედ “Sputnik–საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში არის დაგეგმილი ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პრესკონფერენცია. კინოფესტივალის პროგრამის შესახებ ისაუბრებენ:

  • ფესტივალის „პაემანი რუსეთთან“ დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი;
  • ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, პედაგოგი ირაკლი კვირიკაძე;
  • რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი;
  • რუსი პროდიუსერი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, კინოჯგუფის 2ПЛАN2 გენერალური პროდიუსერი ალექსანდრ შეინი;
  • რუსი მომღერალი და მსახიობი ეკატერინა ბელოცერკოვსკაია;
  • პოეტი ვაზგენ ოგანესიანი;
  • კინომსახიობი, მომღერალი ელგუჯა ბურდული

თბილისში ბოლო პერიოდში რამდენიმე რუსული ფორუმი დაიგეგმა. 5-7 სექტემბერს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან დაფინანსებული სამხრეთ კავკასიის  ფორუმი, სახელწოდებით “მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში”, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული “გორჩაკოვის ფონდის” მხარდაჭერით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში უნდა გამართულიყო “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი”, თუმცა ღონისძიება ჩაიშალა და მიზეზად ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მედიის მხრიდან “არამოტივირებული აგრესიის გამოვლენა” დასახელდა.