ფული, რომელიც ბოროტებას ამარცხებს...

2018-11-20 16:18:36
498

19 ნოემბერს, დღისით საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაში, როგორც იქნა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და დასრულებული სახე მიიღო.

მანამდე “ქართული ოცნება” უპირატესობის მოპოვებას უშავესი პიარით (სიძულვილის ყოველდღიური მრავალსაათიანი 5-5-წუთეულები, მოსახლეობის დაშინება “ნაციონალი” კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომით, “ფაშიზმი არ უნდა დაბრუნდეს”-ის ტიპის მოწოდებები, “ანტიფაშისტური” მიტინგები, მხარდამჭერთა მობილიზაცია, - ერთი სიტყვით, სრული “ნო პასარანი”) ცდილობდა.

თუმცა, “ოცნების” მმართველთა მოკრძალებული ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კამპანია არ გამოირჩეოდა არც განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, არც დამაჯერებლობით. მიტინგები, რომელზეც ყველა კუთხე-კუნჭულიდან გიწვევდნენ, მასობრივი ვერ გამოდგა, თანაც ერთი და იგივე პუბლიკის მონაწილეობით ტარდებოდა – პარტიული ბოსებისა და “სისხლიანი 9 წლის” შესახებ პროფესიონალი მომტირლების.

არც დაანონსებულმა “ხალხთან დაახლოებამ” იმუშავა – როგორც გაირკვა, ბიძინას და მისი გუნდის წარმოდგენაში “ხალხი” - ეს მათი მხარდამჭერებია და საჯარო სამსახურების თანამშრომლები, რომელთაგანაც ახლა უკვე ღიად მოითხოვენ სალომეს მხარდაჭერას.

და მთლად კომიკურად გამოიყურებოდა “ოცნების” ექსკლუზიური ნოუ-ჰაუ – წინასაარჩევნო ბანერები, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატის ნაცვლად, თავად ბიძინა და მისი მაღალი რანგის ორი-სამი ხელის ბიჭი იწონებდა თავს. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრათ, რომ იმდენად პოპულარულები არიან ხალხში, რომ გამოჩნდებიან თუ არა ბანერებზე, ამომრჩეველი ჯგროდ გავარდება საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად იმ კაბდიდატისთვის, “ვისთვისაც საჭიროა”. ერთი სიტყვით, ეგონათ, შექმნილი ვითარებიდან შედარებით იოლად გამოძვრნენ, ანუ მცირე ფულით. დახარჯავდნენ ერთი-ორ ათეულ მილიონს უიმედოდ უპერსპექტივო კანდიდატის გასაყვანად – და მორჩა...

აღარც კი ვიცი, რა მოხდა: ან თვითონაც მიხვდნენ, რომ მთელი ეს ტაშ-ფანდური “ფაშისტური რეჟიმის მხილების” ირგვლივ და 7 ნოემბრის გარშემო თავზე ნაცრის დაყრა აღარ მუშაობს, ან საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარეს, ან მათ შორის ვინმე გონიერი გამოჩნდა. საბოლოოდ “მეოცნებეებმა” გადაწყვიტეს, მეწვრილმანეობა დაესრულებინათ და ჯიბიდან მთავარი კოზირი ამოეღოთ: რასაც ფულით ვერ ვიყიდით, შეიძლება, დიდი ფულით ვიყიდოთ, ხოლო რასაც ვერც დიდი ფულით ვყიდულობთ, ძალიან დიდი ფულით ვიყიდითო...

ანუ, საბოლოო ჯამში, “ოცნება” დაუბრუნდა იმას, რითაც დაიწყო და რაც ყველაზე კარგად გამოსდის – ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრაციას. დაახლოებით ასე: “28 ნოემბერს ხმა მიეცით საჭირო კანდიდატს და მწვანე წვიმა დაგაწვიმთო». აქ, ცხადია, უიმედო ვალების ამნისტიას ვგულისხმობ.

რა თქმა უნდა, პირველი აზრი, რომელიც თავში მოგდის, ისაა, რომ “ისევ ჩაშლიან”: რაღაცას დაგვპირდებიან, არჩევნების შემდეგ კი იპოვიან მიზეზს, რათა არ შეასრულონ. ან შეასრულებენ, მაგრამ ზერელედ – ისე, რომ ფორმალურად თითქოს შესრულებულია, მაგრამ რეალური შედეგი მინიმალური იქნება - როგორც 2013 წელს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით გააკეთეს.

თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც: «ოცნება» კუთხეშია მიმწყვდეული. შედეგიანობა მთელი მისი ნაბიჯებისა ელექტორატის გასაზრდელად, მათ შორის რიტუალური ცეკვები “სისხლიანი 9 წლის” ირგვლივ ძალზე საეჭვოა. ამან შეიძლება, შედეგი გამოიღოს, ან არა. ალბათობა 50/50-ზეა. “ოცნებისთვის” ეს მეტისმეტად სარისკო სიტუაციაა, ამიტომაც ახლა ბიძინა ყველაფერზე წავა, ნებისმიერ თანხას დახარჯავს, ოღონდ არ წააგოს.

ახლა “ოცნებისთვის” ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება მათთავის მორალური დარტყმაა, რომლისგანაც იგი ვეღარც განიკურნება. 2020-ში კი – უცილობელი მარცხი, და მაშინ დასრულდება მთელი ეს 4-სართულიანი სასახლეებიც, რომელიც ქალაქის განაპირას 1-ოთახიანი ბინის ფასად აშენდა, შავი ჯიპებიც, მოპარული ფულით შექმნილი მთელი ეს კომფორტიც...

«რაც კი მოვიპოვეთ გაუსაძლისი შრომით, ყველაფერი იკარგება… ორი პორტსიგარიც, ორი კურტკაც, ორი მაგნიტოფონიც...»

ასე, რომ სრულიად შესაძლებელია... გამორიცხული არ არის, ბიძინამ მართლაც დახარჯოს 1,5 იარდი იმაზე, რომ პრეზიდენტის სავარძელში საკუთარი ხუშტურის ობიექტი ჩაუშვას. ეს ყველაზე ძვირადღირებული პრეზიდენტი იქნება ისტორიაში.

ასეა თუ ისე, ფსონები დადებულია... ისევე, როგორც 2012-ში, იჯახირეს რა კომპრომატებით, ადამიანის უფლებებითა და სხვა მსგავსი წვრილმანებით, მხარეები გადავიდნენ მთავარზე. «მხარეები» – რადგან ფულადი დაპირებებით არა მხოლოდ “ოცნებაა” გატაცებული, არამედ “ნაციონალური მოძრაობაც”, რომელსაც ხშირად უყვარს მემარცხენე პოპულიზმში თავით გადაშვება.

ოცნებამდე” ერთი დღით ადრე ანალოგიური დაპირება სააკაშვილმა გააჟღერა. და ეს დიდი შეცდომა იყო – მან დისკუსია ფულის სიბრტყეში გადაიტანა, ანუ ბიძინას ველში და ამ ველზე, ბუნებრივია, დამარცხდება. “ოცნების” ველზე ფულით მოთამაშე “ნაციონალები” - ეს იგივეა, რაც მოჭადრაკე რინგზე: გადარჩენის შანსი ნულის ტოლია. დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ წარმოუდგენლად დიდი ფულია დადებული. საქართველოს ყველაზე მსხვილი კაპიტალები – ივანიშვილისა და პატარკაციშვილის ოჯახის – გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ შეტევაზეა მიმართული. ამ ვითარებაში ფულთან დაკავშირებული რაიმე დაპირების გაცემა სრული უგუნურებაა. მოწინააღმდეგე ხომ წარბშეუხრელად დაჰპირდება ხალხს სამჯერ მეტს...

ასეა თუ ისე, ფსონები დადებულია. ერთ ფინანსურ ამნისტიას მეტის გაკეთება შეუძლია “ოცნების” სასარგებლოდ ხმების მობილიზებისთვის, ვიდრე ყველა ბანერს, ტროლს ან საბრალობელ მიტინგს. რა თქმა უნდა, არსებულ ვითარებაში არც ესაა გარანტია, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, სასწორის თეფში 19 ნოემბმერს ოდნავ მაინც გადაიხარა “ქართული ოცნებისკენ”. ახლა სალომეს შანსები ბევრად უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე 18 ნოემბრის საღამოს. ყოველ შემთხვევაში, უიმედოდ აღარ. და ახლა ნამდვილად აღარ გამაკვირვებს, თუ ის მაინც გაიმარჯვებს – თუნდაც მინიმალური სხვაობით.

ეჰ, არადა, ყველაფერი შეიძლებოდა, სულ სხვაგვარად ყოფილიყო. ნაწვალები, დაუფარავად ნაყიდი გამარჯვება... ნუთუ ასეთ გამარჯვებაზე ოცნებობდა “ოცნება”?

მათ წარმოდგენაში ყველაფერი სხვაგვარად იყო: დახარჯეს რა არაუმეტს 10-მდე ლიმონისა, ხმათა 55%-ის მიღებასა და პირველ ტურში გამარჯვებას მოელოდნენ. დამარცხებული მეტოქე ბრძოლის ველიდან უნდა გაქცეულიყო, საპრეზიდენტო რეზიდენციის თავზე კი ამაყად აფრიალებულიყო “ოცნების” ალამი. ხალხს უნდა ეზეიმა და ყვავილები ეზიდა ახალი დედოფლისთვის.

თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად გამოვიდა. და, საბოლოოდ, ჯანსაღმა პრაგმატიზმმა იმარჯვა. კმარა თავის საყვარელ ჯენტლმენებად წარმოჩენა, - მაინც აღარავის სჯერა. როგორც იტყვიან, «ტკბილი სიტყვა კარგია, მაგრამ ტკბილი სიტყვა პისტოლეტით ხელში - უკეთესი».

და თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - ეს ბოროტებაა, მას არა “ქართული ოცნება” დაამარცხებს თავისი იდიოტური ბანერებითა და 7 ნოემბრისადმი მიძღვნილი თხელი მიტინგებით. ვინ არ ვიცით, რომ ბოროტებას ფული ამარცხებს...

თენგიზ აბლოთია

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას

https://www.ekhokavkaza.com/a/29609069.html