"ოცნების" "მსოფლიო რეკორდები": პიარ-ტექნოლოგიები - გონიერების ზღვარზე

2018-11-16 20:14:53
602

სოციალურ ქსელში “მემების” ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემად კვლავ სალომე ზურაბიშვილის ახალი წინასაარჩევნო ბილბორდები რჩება თავად ზურაბიშვილის გარეშე. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში კი მმართველი გუნდის ეს წინასაარჩევნო პიარ-სვლა კაზუსურად და “ახალ მსოფლიო რეკორდად” მოინათლა.


 

ახალი ბილბორდები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 15 ნოემბერს გაჩნდა და მაშინვე იქცა ყველაზე განხილვად თემად. მათზე ახალი სლოგანიცაა - “პრინციპული არჩევანი”, ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც – 48 და მისი გვარ-სახელიც, ანუ ყველაფერი, თავად ზურაბიშვილის გარდა. მის ნაცვლად ამომრჩევლებს ბილბორდებიდან მმართველი გუნდის წარმომადგენელი მამაკაცები უღიმიან.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა სატირისტული “მემები” ამ ბილბორდებით, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის საყვარელი მსხვილი საყურეებით იყვნენ გამოსახულები. “მემების” ნაწილში კი პრეზიდენტობის კანდიდატის ნაცვლად მის საარჩევნო ბილბორდზე დაბნეული ტრავოლტა, ჰიტლერი, კიმ ჩენ ინი და სხვები იყვნენ გამოსახულები, ხოლო ახალ საარჩევნო სლოგანად “პრინციპული არჩევანის” ნაცვლად, დატანილი იყო წარწერა: «არა დიქტატურას. აირჩიე თავისუფლება».

გუშინვე ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ახალ სააგიტაციო კლიპიც და მასში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ბოლოში, ორიოდ წამით ჩნდება. ვიდეოში ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ ხალხს აქაც ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა ბახტაძე, კახა კალაძე და დავით სერგეენკო მოუწოდებენ. 


არაფერია გასაკვირი”?

ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ ამ წინასაარჩევნო სვლაში გასაკვირი არაფერია.

«რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ “ქართული ოცნება”, პირველი ტურის მსგავსად, მეორეშიც განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას? ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის - “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც. დიახ, დამზადდა ახალი ბანერები, მაგრამ არსებობს ბანერები სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებითაც», – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი“, - განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.

ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო!.

გუშინ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, თუმცა დღეს ძალიან მოკლე განმარტება მაინც გააკეთა თავად სალომე ზურაბიშვილმა:

ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო.

ქართული ოცნება” ზურაბიშვილსა და საკუთარ თავს აშარჟებს?

აი, ანალიტიკოსები კი ასე ნამდვილად არ თვლიან. მათი აზრით, ამომრჩევლებისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემით ისინი “ქართულ ოცნებას”აძლევდნენ ხმას და ამის შეხსენების აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა თუ ხელისუფლებამ მაინც საჭიროდ ჩათვალა ვინმესთვის ამის შეხსენება, ამისთვის ერთობლივი ფოტოს გამოყენება მაინც შეეძლო, მსგავსი ნაბიჯებით კი მმართველი ძალა თავად აქცევს ზურაბიშვილსა და საკუთარ თავს დაცინვის ობიექტად და დამატებით შესაძლებლობებს უქმნის პოლიტიკურ ოპონენტებს.

რომ არ ვიცოდეთ, რომ ამ ბილბორდების ავტორი "ოცნებაა", შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ ეს ოპოზიციის ხრიკია

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, “ოცნების” ახალი სტრატეგიის ეს ასპექტი უფრო კარიკატურას ჰგავს და რომ არ ვიცოდეთ, რომ ახალი ბილბორდების ავტორი მმართველი გუნდია, შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ ეს ოპოზიციის ხრიკები იყო:

«ანუ, რას გვეუბნებიან ამით? სურთ, ბიძინა ივანიშვილში სალომე ზურაბიშვილი დავინახოთ? მაშინ სჯობდა, მათი ერთობლივი ფოტო მაინც დაებეჭდათ».

ქართული ოცნება“ შეცდომებით მსოფლიო რეკორდებს ამყარებს”

ქართული ოცნება“ აგრძელებს ჩვენს განცვიფრებას და ამმხრივ მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. არ გამიგია და არ მგონია, მსგავსი რამ მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში ყოფილიყოს, რომ ბანერი ითხოვდეს, „სალომე ზურაბიშვილი აირჩიეთო“ და ზედ ვინმე სხვა ეხატოს. ამით ისინი ეუბნებიან ამომრჩევლებს, „ჩვენი კანდიდატი არ ვარგა, მაგრამ მაინც მას მიეცით ხმაო“. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ მან კანდიდატის შერჩევისას კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ასეთი არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ის კიდევ უფრო უარესია, ვიდრე საწყისი შეცდომა [კანდიდატის შერჩევა]. მივიღეთ აბსურდი“, – თვლის ანალიტიკოსი გია ნოდია.

აზუსური პიარ-სვლა კანონის თვალსაზრისით

კაზუსურია ეს პიარ-სვლა საარჩევნო კანონმდებლობის, კერძოდ, დამოუკიდებელი კანდიდატისთვის შემოწირულობების გაღების გამსაზღვრელი კანონის თვალსაზრისითაც.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე განმარტავს, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატსა და მმართველ გუნდს შორის საზღვარი, რომელსაც, იდეაში, მკრთალი კონტურები მაინც ბოლომდე უნდა შეენარჩუნებინა, საბოლოოდ წაშლილია:

«კანონის თანახმად, ნებისმიერ პარტიას ეკრძალება შემოწირულობების გაღება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ. მაგრამ აქ საქმე გვაქვს უცნაურ შემთხვევასთან: სახსრები ბილბორდების დასამზადებლად, დიდი ალბათობით, სალომეზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოიყო, გამოსახულები კი მათზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან. კანონი მათ აგიტაციაში მონაწილეობას არ უკრძალავს, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალზე უცნაური ფორმა მიიღო და საბოლოოდ მოშალა ისედაც მკრთალი ზღვარი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატსა და მმართველ პარტიას შორის».

ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით დაადასტურა, რომ ქალები მხოლოდ ფასადად სჭირდებიან”

ამ წინასაარჩევნო სვლას კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი აქვს “ოცნებისთვის”: ეს მართლაც შეიძლება, გამოყენებულ იქნას საფუძვლად ქალი კანდიდატის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრებისთვის- კანდიდატისა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერით მონაწილეობს და რომლის “გენდერული ნიშნით ჩაგრულობის” შესახებ ნარატივს მთელი ეს დღეები თავად “ოცნება” ავრცელებდა, თანაც არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპარლამენტშიც.

როგორც ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია აღნიშნავს, “ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით ერთგვარად დაადასტურა, რომ ქალები მხოლოდ ფასადად სჭირდებიან და როდესაც პოლიტიკური ბრძოლა გადამწვეტ ფაზაში შედის, ის მათ უკანა პლანზე სწევს, რათა გზა მამაკაცებს გაუთავისუფლოს”.

ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, თავადაც არ სჯერა სალომე ზურაბიშვილის შესაძლებლობების და ფაქტობრივად, გააძევა ქალი კანდიდატი მისივე საარჩევნო კამპანიიდან. ეს ყველაფერი პოლიტიკაში ქალთა მარგინალიზაციას, სექსიზმსა და დისკრიმინაციას უწყობს ხელს” - აღნიშნავს პატარაია.

დღეს ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

"მმართველი პოლიტიკური გუნდი ამ დრომდე გამუდმებით ცდილობდაის მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლად წარმოჩენას კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე. მსგავსი მიდგომა, ხოლო შემდეგ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, გაექრო მის მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის კამპანიიდან და სარეკლამო ბილბორდებზეც კი ჩაენაცვლებინა იგი კაცი პოლიტიკოსებით, აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხაზგასმით კი მმართველ პოლიტიკურ ძალას "ქართულ ოცნებას", გამოიჩინოს მეტი გენდერული მგრძნობელობა, არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად, კაცებთან შედარებით სუსტ პოლიტიკოსად და არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპი ქალი პოლიტიკოსების მიმართ. მსგავსი რიტორიკა აზიანებს ზოგადად საარჩევნო გარემოს და კიდევ უფრო აფერხებს ქალების პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი ავტორები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები არაერთი წელია, იბრძვიან ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისათვის, მათ შორის - გენდერული კვოტის ადვოკატირებით და, სამწუხაროდ, ექვსი წლის განმავლობაში არაერთგზის ინიცირებულ კვოტების კანონპროექტს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა.