რას მოუტანს ზურაბიშვილს "ჩაგრული ქალის" მანტია, რომლის ნარატივმა ევროპარლამენტამდე მიაღწია

2018-11-14 18:07:53
515

საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ცოტას თუ ესმის, როდის და რა ვითარებაში "დაიჩაგრა" გენდერული ნიშნით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ამის დამადასტურებელი არც ფაქტი, არც მტკიცებულება დღემდე არავის უნახავს ანმოუსმენია, მათ შორის - არც ქალთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების ამ ერთ-ერთი ცენტრალური წინასაარჩევნო ნარატივით დაინტერესდნენ შემდგომი რეაგირების მიზნით დამადასტურებელი მასალების წარდგენა ითხოვეს. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჯიუტად აგრძელებენ ზურაბიშვილისთვის "მსხვერპლი ქალის" მანტიის მორგებას და მეტიც, ეს წინასაარჩევნო ნარატივი ევროპარლამენტშიც ჩაიტანეს: ევროპარლამენტარმა ანა გომესმა განაცხადა, რომ "მასობრივი თავდასხმები საქართველოს პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს". დღეს ანალოგიური მოსაზრება ჯერ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა, ხოლო შემდეგ - პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ამ კონტექსტში "აზიატიურ [სტილი დაცულია] მენტალობას" გაუსვა ხაზი.  

რას ეფუძნება მსგავსი განცხადებები - გაუგებარია იმ ფონზე, რომ ზურაბიშვილზე საკუთრივ გენდერული ნიშნით თავდასხმის მოწმე ქვეყანაში დღემდე ვერ მოიძებნა.

როგორც "აქცენტს" არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა, ორიოდ დღის წინ არასამთავრობოებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე მან პირადად სთხოვა პრეზიდენტობის კანდიდატს, მასზე გენდერული ნიშნით განხორციელებული საჯარო თავდასხმის თუნდაც ერთი მაგალითი დაესახელებინა, საპასუხოდ ზურაბიშვილმა მიუგო, რომ „ასეთი ბევრია და მტკიცებულებებს მისი ადვოკატი მიაწვდიდა“, თუმცა უფლებადამცველს ამ დრომდე არაფერი მიუღია.

მშვენიერაძე ახლაც ამ მასალების მოლოდინშია, თუმცა იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი არ გულისხმობდა ვიდეორგოლს, რომელიც სოციალურ ქსელში ყალბი გვერდით გავრცელდა.

„არა მხოლოდ მე, არამედ დანარჩენ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს ან სწავლობენ წინასაარჩევნო გარემოს, არ დაგვიფიქსირებია ფაქტი, რომ მასთან პოლიტიკურ ოპონირებაში გენდერული საკითხი არგუმენტად ყოფილიყო გამოყენებული. თეორიულად შეიძლება, არსებობდეს, რამე, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ, დაესახელებინა, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი მიგვიღია“ - ამბობს მშვენიერაძე.

რაც შეეხება გომესის განცხადებას, უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა:

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალბატონი გომესი შეცდომაშია შეყვანილი, ან ის მასალა მიაწოდეს, რომელიც ქალბატონმა სალომემ ჩვენ არ გაგვიმხილაო“.

ზურაბიშვილთან მიმართებაში გენდერული ნიშნით თავდასხმების თემაზე აქცენტირება გაუგებარია ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელ ბაია პატარაიასთვისაც.

როგორც მან „აქცენტთან“ საუბრისას განმარტა, სექსიზმის თემა აზიანებს არა ქალ პოლიტიკოსს, არამედ მთლიანად პროცესს, ამიტომ მისი ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება პროცესს და იმას, არის თუ არა გამოყენებული ეს თემა პოლიტიკურ იარაღად .

„აქამდე სულ პრობლემა გვქონდა და სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ამ არჩევნებზე უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე – კანდიდატს სქესის გამო თავს არ ესხმიან. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“, სალომე ზურაბიშვილს გენდერულად დაჩაგრული ქალის მანტია მოასხას, როდესაც რეალურად ასე არ არის. ქალი პოლიტიკოსი არ ნიშნავს სუსტს და არც ზურაბიშვილია ასეთი. მუდმივად გვესმის, რომ არის თავდასხმები, მაგრამ არ არის ფაქტები. იყო ერთი–ორი შემთხვევა რიგითი მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ზრდილობაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პარტია ვერ იქნება“,– განაცხადა პატარაიამ.

მისივე განმარტებით, ზურაბიშვილის მიმართ ნამდვილად ისმის მწვავე კრიტიკა, თუმცა ეს არა გენდერულ იდენტობას, არამედ მის პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება.

"მმართველი გუნდის მიერ ამგვარად დასმული აქცენტები, რომელიც არაფერს ეფუძნება, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას არ უწყობს ხელს და მთლიან პროცესს აზიანებს: წარმოაჩენს იმას, თითქოს ქალი პოლიტიკოსი აუცილებლად გახდება პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი. ეს სხვა ქალებისთვის, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ამ სფეროში წასვლაზე ფიქრობენ, შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს“.