„აქ თუ არ უყვარხარ, ცდილობენ მაინც, დაგანახონ, როგორი მნიშვნელოვანი ხარ მათთვის და ამ დროს რა ხდება საქართველოში? – სიძულვილი, ზიზღი... რატომ?!“

2018-11-13 11:00:55
312

დავხეტიალობ მე-12 საუკუნის გალავანშემორტყმულ და კარიბჭეებიან ქალაქში, ყველა მხრიდან მადონა და სან ლორენცო-ჯაკომო-მიქელე-ანტონიო-ლუკა და სხვები რომ დაგყურებენ...

ყველა გიცინის, ყველა პატივს გცემს, ყველა გეფერება, თუ არ უყვარხარ, ცდილობენ მაინც დაგანახონ, როგორი მნიშვნელოვანი ხარ მათთვის, შენ და თითოეული აქ მოსული თუნდაც (გავლით ვერა და) შემოვლით იყოს. 8-ის ნახევარზე იკეტება ყველაფერი და უუცნაურესი დიზაინით გაფორმებულ მაღაზიებს მიუხურავენ ხის მასიურ კარს, დილეგივით გადაკეტავენ ხის უზარმაზარი საკეტით, ბოქლომს დაადებენ და გარბიან სავახშმოდ. შენ ნაყინის ტლეკვით მოუყვები სასტუმროსკენ გზას, ხან გარიბალდი გამოჭენდება თავისივე სახელობის პიაცადან, ხან დუომო დაგცხებს ზემოდან ზარებს... ყველაფერი ძველისძველი, მაგრამ თითოეული აგური მოვლილ-გაკრიალებული... მანქანები არ დადის, მხოლოდ ველოები. გინდა, ყველაფერს დააკვირდე, ყველაფერი მოასწრო, მაგრამ ნოემბერი თავისას შვრება, ნაყინმაც თავისი ქნა და ესეც წუწუნისგან თავშეკავებული, მაგრამ გადაქანცული ძლივს მოათრევს ფეხებს.

მოვდივარ სასტუმროში, ვისვენებ, ნეტავ რა ხდება საქართველოში? სიძულვილი, ზიზღი, სიძულვილი ერთმანეთის. რატომ?!

ავტორი: იტალიაში მცხოვრები ერთ–ერთი ქართველი ემიგრანტი