"ეკა გიგაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში"

2018-11-08 21:13:30
258

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრის ბიწაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, თავის დროზე, სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. 

ამის შესახებ ბიწაძემ, ჟურნალისტებს დღეს სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განუცხადა. 

საქმე ეხება ეკა გიგაურის სარჩელს რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ. გიგაური მათ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. 

"2007 წლის 7 ნოემბერს არც ერთი მესაზღვრე არ ყოფილა იქ, სადაც დარბევის ადგილი იყო. პრემია აიღეს. ეს პრემია არამხოლოდ 2007 წელს, არამედ ყოველ წელს ესე გრძელდებოდა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებით მძიმედ დასაცავი ობიექტები: 2500–3000 მეტრზე, ამისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციალური დანიშნულების რაზს, ეს იწყება გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომის პერიოდი და მთავრდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში. ყველა სამმართველოდან ვანაწილებთ ჩვენს ხალხს პერიოდულად და შემდგომში თუ ბიუჯეტი მოგვცემდა ჩვენ საშუალებას, მათ ვაძლევდით პრემიას. ქალბატონი გიგაური იყო ლეიტენანტი და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში. განსაკუთრებულად მუშაობდა აშშ-ის სასაზღვრო პროგრამასთან და აქედან გამომდინარე, წავახალისეთ და ჩემი წარდგინებით მივმართე მინისტრს, რომ ერთი საფეხურით მოემატებინა წოდება“ – განუცხადა "რუსთავი 2"–ს ბიწაძემ.  

შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ეკა გიგაურმა კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო. ამასთან, როგორც ხაინდრავა ამბობს, 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ. გიგაურმა სწორედ ამ გამონათქვამების გამო მიმართა სასამართლოს. ბადრი ბიწაძე კი დღეს მოწმის სახით დაიკითხა. 

ანალოგიურმა ბრალდებამ გიგაურის მიმართ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან საერთაშორისო ფურუმზეც გაიჟღერა. 

მინისტრის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამას დოკუმენტებით ხელში ამტკიცებენ, თუმცა ეკა გიგაური კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლოში არ გამოცხადებულა.

თეა წულუკიანის გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ეკა გიგაურიც. 

“ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენს სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში”, – დაწერა მაშინ გიგაურმა.