ლანა ღვინჯილიას მიერ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკის საფუძვლად იქცა

2018-11-08 20:32:52
345

დღეს საუკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ატოცთან მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ლანა ღვინჯილიამ საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკის მორიგ საფუძვლად იქცა.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განაცხადა, "ეს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა".

ამასთან, ვოლსკიმ თავად საოკუპაციო ხაზის არსებობას "ნაციონალური მოძრაობის" "დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილი" უწოდა:  

„დღეს ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა - სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს!“.