ბინადრობის უფლება მკაცრდება: სარგებელი თუ ქარის წისქვილებთან ბრძოლა

2018-11-08 13:06:23
182

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილებები საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამავე დღეს ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერისკენ პარლამენტს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოუწოდა.   თუმცა რა აუცილებლობით იყო განპირობებული კალაძის მხრიდან საგანგებო მიმართვის ორგანიზება, უცნობია. და ამან რიგ კომენტატორებს გაუჩინა ეჭვი, საკითხის საარჩევნო თემასთან შესაძლო ბმისა და რიგ ჯგუფებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობის თაობაზე.

რას ითვალისწინებს ცვლილებათა პაკეტი

როგორც კანონმდებლები განმარტავენ, კანონპროექტი საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლების ცვლილებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, არეგულირებს საინვესტიციო, მოკლევადიანი და მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.კერძოდ:

  • იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა;
  • უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე, განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ გაუქმდეს შრომის ბინადრობის ნებართვა;
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად 300 000 ლარისა; 
  • მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს; 
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს, შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, შეეძლება აიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 

ცვლილებების ეკონომიკური სარგებელი

EUGBS–ის ხელმძღვანელის სანდრო ჭუმბურიძის შეფასებით, „ქვეყანას ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში სჭირდება ინვესტიციები, რათა ეკონომიკა განვითარდეს“.

„ხედავთ რა ვითარებაა, ლარის კურსი რა მდგომარეობაშია, მაგრამ ეს არ ნინავს, რომ ჩვენ ყველა კარი გავხსნათ, ყველაფრის უფლება მივცეთ ადამიანებს, ბიზნესმენებს, რომ მარტივად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყონ ბისნესაქტივობა“.

Hotels & Preference Hualing- ის გენერალური მენეჯერი პიტერ ლილვიკი ფიქრობს, რომ ცვლილებები გრძელვადიან პერსპეტივაში ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება:

„ევროპის ყველა ქვეყანამ გაამკაცრა კანონი რეზისტენტების მიღებასთან დაკავშირებით. ლოგიკურია, რომ საქართველოც შესაბამისი ღონისძიებების გატარებას გეგმავს. თუ ადრე საქართველოში ჩამოსასვლელად და დასარჩენად უცხოელისთვის მხოლოდ ტურისტული ვიზა იყო საჭირო, ბოლო პერიოდში, ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ვითარება შეცვლილია. ამ შეზღუდვებს შესაძლოა, გარკვეული გაუგებრობა მოჰყვეს და მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ეფექტი იქონიოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს, რადგან მსგავსი პოლიტიკის გატარება აქტუალური და აპრობირებული მეთოდია მთელს ევროპაში“.

ჯამში ინიციატივის საწინააღმდეგო არაფერი აქვს ეკონომისტი დავით კიკვიძეს:

"ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც უცხოელები ერთი და იგივე უძრავი ქონების საფუძველზე იღებდნენ ბინადრობის მოწმობას. გარდა ამისა, ვფიქრობ, თუ გვაქვს მიმართულება, რომ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველი გახდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმრებისთვის ბინადრობის მოწმობის საკითხი ზედმიწევნით ოპტიმალურად იყოს ორგანიზებული. ადმიანი, რომელიც მხოლოდ 35 000 დოლარს ხარჯავს და აქვს შესაძლებლობა, ბინადრობის მოწმობა მიიღოს, ის ინვესტორი არ არის. ასევ ძალინ სწორია საინვესტიციო მოცულობის 300 000 დოლარამდე გაზრდა. ასეთი მიდგომით ზუსტად შევძლებთ რეალური ინვესტორების იდენტიფიკაციას, შესაბამისად, სეგმენტზე უფრო ნაყოფიერ მუშაობს, რომ მსგავსი ტიპის სტუმრებს მეტი ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემო შევუქმნათ"

განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოს გიორგი გობრონიძეს. ის ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს და ფიქრობს, რომ ცვლილებები საზოგადოების კონსერვატიულ ან მემარჯვენედ განწყობილი ნაწილის გულის მოგებაზეა გათვლილი. ამავე კონტექსტში განიხილავს ანალიტიკოსი წინასაარჩევნო პერიოდში „თემაზე პედალირებასაც“.  

„300 000 ლარი იქნება, თუ 300 000 დოლარი, არც ერთია დიდი ციფრი, როდესაც საქმე ინვესტიციებს ეხება. 300 000 შეიძლება, საკმარისი იყოს პატარა მაღაზიის ასამუშავებლად. ამ ტიპის ბიზნესი ჩვენს ეკონომიკაში, ისევე როგორც პირდაპირი ინვესტიცია, არსებითად ვერაფერს შეცვლის“,– ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ მისი ხედვით, ინიციატივა პოპულისტურია, თუ მის უკან არ დგას უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებები.

უსაფრთხოება თუ ქარის წისქვილებთან ჭიდილი?

„საკითხზე მსჯელობისას ძირითადად აპელირება უსაფრთხოების ინტერესებზე ხდება, თუმცა რამდენად არის ეს არგუმენტირებული, მეორე საკითხია. წარმოსადგენია დეტალური დასაბუთება – ქვეყანაში მთლიანობაში რა იცვლება? გვაქვს სარგებელი, თუ უბრალოდ, თხა ვიყიდეთ და თხა გავყიდეთ ვარიანტია? როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, უარს ვამბობთ რაღაცეებზე – ადამიანების შემოსვლაზე, გახსნილობაზე, ეს რაიმეს უნდა გვაძლევდეს“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას საერთაშორისო უსაფრთხოების სპეცისლისტი გიორგი გობრონიძე.

„არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ირანელებმა იყიდეს ყველაფერი, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს: რეალურად, უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების მხოლოდ 2% შეიძინეს ირანის მოქალაქეებმა და არა 90%, როგორც ამაზე პოპულისტები საუბრობენ. იგივენაირად ხდება აქცენტირება გათურქების ჰიპოთეტურ საფრთხეზე და ა.შ. შევხედოთ, ვინ ახდენს ამ თემის გასაფრთხევებას: ისევ და ისევ პოპულისტი ჯგუფები, რომლებიც სადღაც ხელოვნურ პრობლემებს ეძებენ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვთქვათ, „ვეშაპები საფრთხეს უქმნიან შავი ზღვრის ცოცხალ მრავალფეროვნებასო“ და ვეშაპებზე ნადირობა ლეგალური გავხადოთ. მართალია, შავ ზღვაში ვეშაპს არ უარსებია, მაგრამ ხალხი ხომ შეშინდება?“,– ამბობს გობრონიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რასთანაც ბინადრობის უფლების თემას აკავშირებენ, საქართველოს ევროინტეგრაციაა.

„საკითხს რატომღაც განიხილავენ ევროინტეგრაციის კონტექსტშიც  – „არ შემოვიდეს აქ ხალხი, შემდეგ ქვეყანა არ გამოიყენონ ტრანზიტადო“. მე ვერ ვხვდები, ბინადრობის უფლება, რომელიც მოქალაქეობის მინიჭებას არ გულისხმობს, რა კავშირშია საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჩვენი ინტეგრაციისთვის გაცილებით კარგი იქნებოდა ქვეყნის კანონმდებლობაში სხვა ტიპის ცვლილებების გატარება: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“,– ამბობს ანალიტიკოსი და ასკვნის, რომ საკითხის პარლამენტში ინიცირება, როგორც შემდეგ თემაზე აქცენტირება გათვლილია საზოგადოების სწორედ იმ ნაწილზე, „რომელსაც სჯერა, ან დააჯერეს, რომ ეს ყველაფერი რეალურად საფრთხეა“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ანალიტიკოსი.

ამასთან, როგორც გობრონიძე აღნიშნავს, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა საარჩევნო ხმების მობილიზების მიზნით არასწორი მიმართულებით მოძრაობს:

„აქ სამწუხარო ისაა, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, სტრატეგიული ოპოზიციაც კი ამ მიმართულებით წავიდა. ორივე მხარეს ამაზე თამაშობს, რაც ცოტა სასაცილოა, ერთმანეთს ასწრებენ განცხადებების გაკეთებას. საბოლოო ჯამში, ეს წარმოქმნის სურათს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში არც ერთ პოლიტიკურ ელიტას საზოგადოებისთვის კონკრეტული ხედვის შეთავაზება არ შეუძლია, სანაცვლოდ, სთავაზობენ ქარის წისქვილებთან ბრძოლას“.

რომელი ქვეყნების მოქალაქეებს სურთ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება

 

მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოელების მიერ საკუთრების გაფორმების 37 024 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 53%–ში ახალი მფლობელები რუსეთის მოქალქეები გახდნენ. 5-5% მოდის უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე, 4% – ისრაელის, 3-3 % – აშშ–ის და საბერძნეთის, ხოლო 2-2% – გერმანიის, ირანის, ერაყის და თურქეთის მოქალაქეებზე.

ამასთან, 2015-2016 წლებში საქართველოში ბინადრობის მოწმობა 46 581 უცხოელზე გაიცა, თუმცა შემთხვევების უმრავლესობაში ეს ქვეყანაში მუშაობის უფლებას უკავშირდება: შრომითი მიგრანტების წილი მთლიან რაოდენობაში 41%–ს შეადგენს და ამ მხრივ პირველ სამეულში თურქეთი, ინდოეთი და ჩინეთი მოხვდნენ.

საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლის მსურველთა რაოდენობა 19% შეადგენს. ძირითადში მთხოვნელები არიან რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები. კიდევ 16%–ს შეადგენენ სტუდენტები ინდოეთიდან, ერაყიდან, ნიგერიიდან და სხვა ქვეყნებიდან. 9%–ს კი ბინადრობის მოწმობები ოჯახების გაერთიანების მიზნით აქვს აღებული და ამ მხრივ პირველ სამეულში თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი შედიან.