ამერიკელი ანალიტიკოსები - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე და მომავალზე

2018-11-08 12:03:29
618

აქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების 28 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურს, რომლის შედეგად მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მეტოქემ - გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, არაერთი დარღვევა, არათანაბარი სათამაშო ველი და პოლარიზებული მედიაგარეო ახასიათებდა. დამკვირვებლები მიუთითებდნენ საარჩევნო ეტაპზე ძალადობის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზეც. როგორ აფასებენ I ტურს და რა პროგნოზები აქვთ ამერიკელ ექსპერტებს? - ამ თემებზე მათ “ამერიკის ხმა” ესაუბრა.

გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსი ჯონათან კაცი, რომელიც ამ არჩევნებს საქართველოში აკვირდებოდა, ამბობს, რომ დარღვევებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ეს ყველაფერი როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნუსხეს.

მთლიანობაში, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ პარტიებს კარგი შესაძლებლობა აქვთ, შეეჯიბრონ ერთმანეთს, თუმცა კონკურენცია ხშირად არათანაბარ პირობებში ვითარდებოდა, რაც დამოუკიდებელი მედიისა და კამპანიის განვითარებისთვის ოფიციალურ რესურსებზე წვდომის ნაკლებობის შედეგია" – განაცხადა ჯონათან კაცმა.

ექსპერტის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, მეორე ტური ძალადობის ფაქტების გარეშე ჩატარდეს:

მთავრობამ პირობა დადო, რომ ამ არჩევნებზე თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე პირობებს უზრუნველყოფს. ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელი იქნება. მე მჯერა მთავრობის და ქართველი ხალხის, მჯერა, რომ ეს არჩევნები ხალხის რეალური სურვილის გამომხატველი იქნება. ძალადობის შემთხვევები კი შეშფოთების საგანი უნდა იყოს ყველასთვის. მეორე ტური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩატარდეს".

ამასთან, ჯონათან კაცის თქმით, არჩევნები დემოკრატიის ხარისხის მხოლდ ერთი მაჩვენებელია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეტი რეფორმა ესაჭიროება:

საქართველოს ბოლო პერიოდში არჩევნების რამდენიმე ციკლი ჰქონდა, რომლებიც დამკვირვებლებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. თუმცა ის, რაც საქართველოს ახლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესაჭიროება, არის მეტი რეფორმა - სასამართლო და სხვა კუთხით. ამას ევროკავშირიც ითხოვს და თავად საქართველოსვე სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებს, ბევრი მსგავსი გამოწვევა აქვს. მისი წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-სთვის ამ გარდამავალი ეტაპისა და მთლიანობაში, სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. საქართველოსთვის ამის კეთება მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ამ პროცესში მასთან იყვნენ".

კაცი საქართველოს პოლიტიკურ გარემოს დინამიურად აფასებს და იმასაც აღნიშნავს, რომ "არსებობს სხვადასხვა პარტიული ხმები ქვეყნის მომავლის შესახებ დისკურსში”, თუმცა ხაზს უსვამს ეკონომიკური სიდუხჭირის ფაქტორსა და სამოქალაქო სექტორის სიძლიერის მნიშვნელობას:

სხვადასხვა კვლევების შედეგები ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირს ადასტურებს. თუმცა ხალხს ეკონომიკური სიდუხჭირე აწუხებს. განსხვავებული შეხედულებებია რუსეთის ფაქტორზეც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება პარტნიორად აღიქმებოდეს და, რაც ბოლო დროს გვესმოდა, მას არასდროს შეხვდნენ მუქარით. ჩემთვის, როგორც საქართველოს მკვლევარისთვის, ძლიერ სამოქალაქო სექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ინტეგრაციისა და პროგრესისთვის".

კარნეგის მშვიდობის ფონდის მკვლევარი ვაშინგტონში პოლ სტრონსკი აღნიშნავს, რომ "არჩევნებს თითქმის ყოველთვის თან ახლავს საპროცედურო დარღვევები, საზოგადოების პოლარიზება კი დღეს, სამწუხაროდ, ევროპის მასშტაბით ლამის ნორმადაა ქცეული და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს”.

მისი შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის რამდენიმე მონაკვეთი “ძალიან სასტიკი და ბინძურიც კი იყო, თუმცა საპროცედურო დარღვევები და არათანაბარი ველი მხოლოდ მაშინაა აღსანიშნავი, თუ შედეგზე რადიკალურად ახდენს გავლენას”.

არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ამას ჰქონდა ადგილი” - აღნიშნავს სტრონსკი.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციიგან განსხვავებით, არცთუ სახარბიელოდ წარმოჩინდა და “მთლიანობაში, ოპოზიციურმა ძალამ საკმაოდ დამაჯერებლად გაუსწრო ზურაბიშვილს”.

ზურაბიშვილი იმაზე ცუდად გამოიყურებოდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მან დაამტკიცა, რომ სუსტი კანდიდატია: არაერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა, უხერხული განცხადება გააკეთა და შეცდომები გაიმეორა კამპანიის დროს, რამაც შეუძლებელი გახადა ამომრჩეველთან მისი კავშირი. ხანდახან ის თავდაცვით პოზიციაში ჩანდა წინასაარჩევნო ეტაპზე. მისი კომენტარები ომზე და ივანიშვილის მხარდაჭერა არაადექვატური აღმოჩნდა პრეზიდენტობის მოსაპოვებლად. უფრო მეტიც, ეს არ იყო საკმარისი საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების ფონზე. არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილის გულდასაწყვეტი მარცხი რაღაც დოზით ჰილარი კლინტონის მარცხს მაგონებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში: ორივე კანდიდატმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა კამპანიის დროს, უფრო სუსტად გამოჩნდნენ, ვიდრე ამას ელოდნენ და ვერც იმას აცნობიერებდნენ, რომ მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ელიტის გვერდში დგომა უფრო ფართო საარჩევნო მხარდაჭერაში არ გამოიხატებოდა. ამიტომაც ორივეს არასასიამოვნო საარჩევნო ღამის სიურპრიზი ჰქონდა. “ნაციონალურ მოძრაობას” კი კარგი სტრატეგია ჰქონდა და მან წარადაგინა პატივსაცემი კანდიდატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სისუსტეების გათვალისწინებით, მყარ არჩევანს წარმოადგენდა. სალომე ზურაბიშვილი ძალიან იყო დამოკიდებული ივანიშვილზე, ვაშაძე კი ძლიერი კანდიდატი აღმოჩნდა, მიუხედავად ყველაფრისა. ოპოზიცია საკმაოდ კარგად წარმოჩინდა. მთლიანობაში, მან დამაჯერებლად გაუსწრო ზურაბიშვილს. თუ ოპოზიცია ერთიანი დარჩება, მას ანალოგიურად ძალიან კარგი შედეგი ექნება მეორე ტურშიც" – თვლის სტრონსკი.

მისივე შეფასებით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის და “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება, თუ ასე მოხდება, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიაზე მაღალი ნიშნული იქნება”.

"მთლიანობაში, არ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია ხდება მანამ, ვიდრე იქ არჩევნების გზით ორჯერ არ მოხდება მმართველი პარტიის ცვლილება. საქართველომ ეს პირველად 2012 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნების გზით დამარცხებით გააკეთა. ქვეყანას სჭირდება მეორე ასეთი შემთხვევა საკუთარი დემოკრატიული მონაპოვარის ხაზგასასმელად. თუ “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტობას მიაღწევს, ეს შესაძლოა, იყოს იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით წავა".

ამასთან, კარნეგის ფონდის ანალიტიკოსის რწმენით, "ივანიშვილმა და სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის თანდათანობით დემოკრატიზაციაში, მაგრამ ახლა საქართველოში არაერთი ადამიანია, ვისაც ქვეყნის გაძღოლა შეუძლია”:

ბოლო 15 წელია, საქართველო ინვესტიციას დებდა საკუთარ ხალხში, მას ჰყავს კარგად განათლებული, გლობალურად ჩართული კადრები და ძლიერი მოქალაქეები. დროა, ამ ხალხს მიეცეს საშუალება, მეტი აკეთოს - არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ სექტორში არიან ისინი".

გავლენიანი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი პოლ გობლი, რომელიც ევრაზიის რეგიონში მნიშვნელოვან მოვლენებს უკვე ათწლეულებია, აკვირდება, ამბობს, რომ "საქართველომ ამ არჩევნებით ნამდვილ პროგრესს მიაღწია, თუმცა იმისათვის, რომ შემდეგი ეტაპი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება იყოს, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, მეტი გამჭვირვალობა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გაზრდა წამყვან ქვეყნებში”.

ამასთან, მისი ვარაუდით, “ქართული ოცნება” შთაბეჭდილების მოხდენას შეეცადა წარსულში ფრანგი დიპლომატისა და განათლებული ქალის მხარდაჭერით”.

შესაძლოა, არჩევის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილმა ბევრი შეძლოს მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე" – დასძინა მან.