„ძალა ერთობაშია“ საგანგებო რეჟიმზე გადადის

2018-11-07 19:02:42
381

 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის  „ძალა ერთობაშიას“  წევრები სოფელ ატოცის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის პროცესს 24–საათიან რეჟიმში განახორციელებენ და იგივე ქმედებისკენ მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს.

როგორც მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, მოძრაობის წევრები ადგილზე მანამ დარჩებიან, ვიდრე რუსეთის ქმედებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხი არ გაეცემა. 

„ვფიქრობ, აქ ყველა პოლიტიკოსი უნდა იყოს მობილიზებული. აქედან უნდა იმართებოდეს ბრიფინგები. აქ უნდა ვიწვევდეთ დიპლომატიურ კორპუსს. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. სამწუხაროდ, დღეს მიშვებულები არიან რუსები და ვფიქრობ, რომ ისევ სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა ივაჟკაცოს,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღეს ადგილზე იმყოფებოდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა, არც ერთ მტერს არ შეულახავს ისე, როგორც ეს გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მოვუწოდებ საქართველოს უსაქმურ პარლამენტს, მასში მოკალათებულ 41 მილიონერ დეპუტატს, ჩამობრძანდით და აქ გააკეთეთ ჯდომითი აქცია. აქ, ამ მიწაზე, სადაც თქვენ მილიონები იშოვეთ. სხვა ქვეყანაში თქვენ კაპიკს ვერ გააკეთებდით ისეთი უტვინოები ხართ, არავის არ სჭირდებით. ამით მაინც გამოხატეთ მადლიერება, აი აქ დასხედით და მთელი მსოფლიოს პრესა ჩამოიყვანეთ და CNN-ს ჩაართვევინეთ პირდაპირში ტრაგედია, რომელიც აქ ხდება,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის: სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება დილიდან მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. 30 ჰექტარი მიწა უკვე მავთულხლართებს მიღმა, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.