შკლიაროვი, რომელსაც "ოცნება" ვაშაძეს "კომპრომატად" უხსენებს, მანამდე ობამას და მერკელის პიარტექნოლოგი იყო

2018-11-05 17:44:52
1119

საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტირებას იმით, რომ მისი საარჩევნო კამპანიის პიარ-ტექნოლოგი „რუსია და უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში“.  

„გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში და ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ აქ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი რბილ ძალაზე და რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე და წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა, რომ ასეთი ადამიანი არის მხარდაჭერილი პიარული კუთხით რუსი შკლიაროვის მიერ“, – განაცხადა ამჯერად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

თუმცა რეალურად, ვიტალი შკლიაროვი, რომელსაც ბელორუსიის მოქალაქეობა აქვს, ბოლო ათი წელია, აშშ-ში ცხოვრობს, რუსეთში კი პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური ოპონენტების წინასაარჩევნო კამპანიების პიარ-ტექნოლოგი გახლდათ.

„მე ბევრი მიმუშავია რუსეთში, ვმართავდი საარჩევნო კამპანიებს, კონსულტირებას ვწევდი პუტინის წინააღმდეგ, ხელისუფლების შესაცვლელად. თუმცა უპირველესად, მე ერთ–ერთი ვარ იმ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებიდან, თუ არა ერთადერთი რუსულენოვანი სპეციალისტი ამერიკულ პოლიტიკაში, რაც მართლაც დიდი იშვიათობაა. [...] მე თავს უფრო ამერიკელ პოლიტტექნოლოგად მივიჩნევ, რადგან უკვე 10 წელზე მეტია, ვაშინტონში ვცხოვრობ. რუსი პოლიტტექნოლოგი კი ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან მოქალაქეობაც კი ბელორუსიის მაქვს. პოლიტიკური ოპონენტები ამ რიტორიკას იყენებენ, რათა ხალხი დააშინონ და ყურადღება მთავარიდან სხვა რამეზე გადაატანინონ“ - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" შკლიაროვმა.

ირკვევა ისიც, რომ თავის დროზე იგი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც უწევდა წინასაარჩევნო კონსულტაციებს.