ოსი ექსპერტი: „სადღეისოდ, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებებს ჩვენ ვარღვევთ“

2018-11-05 15:09:19
310

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის” სასჯელი გაამკაცრა. ახლა უკვე ოფიციალურად ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, „სახელმწიფო“ საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევა 2-დან 20 000-მდე რუსული რუბლის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯება, თანამდებობის პირთათვის – 30-დან 50 000-მდე რუბლით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 400-დან 800 ათასამდე რუბლით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილი ჯარიმები ცვლილებების ძალაში შესვლამდე ბევრად ადრე იყო ამოქმედებული .

მანამდე მოქმედი ოსური კანონმდებლობის თანახმად, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის განსაზღვრული იყო ჯარიმა 500-დან 1000 რუბლამდე ოდენობით, ხოლო „სახელმწიფო“ საზღვრის კვეთისთვის – 2000-დან 5000 რუბლამდე. კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ჯარიმები „დაბალი იყო და კანონდამრღვევთათვის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენდა“.

ცვლილებების საფუძვლად მათ „დამრღვევთა“ დაკავებების სტატისტიკა მოიყვანეს: ივნისი - 73, ივლისი - 70, აგვისტო - 56, 1 იანვრიდან დღემდე კი - ჯამში 460, რაც, მათი თქმით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%–ით აღემატება.

ერთი საინტერესო დეტალი: როგორც ცვლილებების მიღებისას კანონპროექტის ინიციატორებმა აღნიშნეს, სადღეისოდ არსებული სტატისტიკის თანახმად, ე.წ. საზღვრის დამრღვევთა 90% ან რუსეთის მოქალაქეა, ან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“.

ამასთან, როგორც ოსი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი აღნიშნავს, მათ თითქმის ნახევარს ე.წ. საზღვარი არაერთგზის აქვს დარღვეული, "მაშასადამე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლებს მუდმივად აქვთ მიზეზები, საქართველოში გადადიოდნენ“.

გარდა ამისა, ცხურბატი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ "სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის თანახმად, რესპუბლიკის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უზრუნველყოფილი გადაადგილების თავისუფლება, ხელისუფლება ამის გარანტი უნდა იყოს და არა პირიქით, თავად არღვევდეს ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას".

"სადღეისოდ ამ ადამიანებს ოსური მთავრობა არ ატარებთ. თუ ამას საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს, ეს უკვე სხვა სიტუაცია იქნება, მაშინ შეგვეძლება იმაზე აპელირება, რომ ქართველები არღვევენ ადამიანების უფლებებს, მაგრამ სადღეისოდ, სამწუხაროდ, ამას ჩვენ ვაკეთებთ“,–  ამბობს ცხურბატი.

იგი იმ ფაქტზეც მიუთითებს, რომ სტატისტიკის თანახმად, ე.წ. დამრღვევთა უმრავლესობა „არასადივერსიო" ასაკისაა, ხშირ შემთხვევაში – ხანდაზმულები, რომლებიც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ნათესავების ან ახლობლების დასაკრძალად გადადიან:

„კანონის თანახმად, იმისათვის, რომ, მაგალითად, ზნაურის რაიონის მკვიდრმა საზღვრის მეორე მხარეს, მისი სახლიდან 100 მეტრში მცხოვრები ნათესავი მოინახულოს, მან ჯერ რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს, გავიდეს რუსეთში და იქიდან ზემო ლარსის გავლით შევიდეს საქართველოში. ეს – ოსისთვის. ხოლო საქართველოში მცხოვრები მოხუცისთვის საერთოდ არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა, გადმოვიდეს და ზნაურის რაიონში ნათესავის ან ახლობლის დაკრძალვას დაესწროს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოხუცებიდან არავინ არასდროს აღიარებს სასაზღვრო რეჟიმის პრიორიტეტს ტრადიციებსა და სისხლით ნათესავობაზე“ - ამბობს ცხურბატი.     

ამასთან, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, დაკავების 460 შემთხვევასთან ერთად, არსებობს დე ფაქტო საზღვრის წარმატებით კვეთის ათასობით მაგალითიც – სხვა შემთხვევაში ხალხი უბრალოდ აღარ ივლიდა. ცხურბატის აზრით, იმისათვის, რომ დე ფაქტო საზღვრის ე.წ. დარღვევის შემთხვევები აღმოიფხვრას, საკმარისია, ყველა მოქალაქის მიერ მისი კვეთა მოწესრიგდეს და პირობები ყველასთვის ერთი იყოს:

"ახლა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის სხვა კანონი მოქმედებს, მეორე კატეგორიისთვის – სხვა. მაგალითად, ლენინგორის [ახალგორის] რაიონს ახლა მეტი უფლება აქვს ამ მხრივ, ვიდრე რესპუბლიკის დანარჩენი რაიონების მაცხოვრებლებს. ამასთან, თავად ლენინგორის [ახალგორის] რაიონის ფარგლებშიც სოფლების ორჭოსანისა და წინაგარის მაცხოვრებლები, სხვებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან: თავის დროზე ამ სოფლების მაცხოვრებლებმა საჩივრით მიმართეს რაიონის იმჟამინდელ ხელმძღვანელ ჯემალ ჯიგკაევს, მან კი საპასუხოდ საქართველოში გადასვლა საერთოდ აუკრძალათ. ანუ, არსობრივად, ორჭოსანისა და წინაგარისთვის გააუქმა იმ ბრძანებულების მოქმედება, რომელიც საგანგებოდ მათთვის ჰქონდა მიღებული სამხრეთ ოსეთის მთავრობას. აი, ასეთ თვითნებობებთან გვაქვს საქმე“.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი კი ამბობს, რომ მთლიანობაში, რაიონის მოსახლეობა უფრო მშვიდად იგრძნობდა თავს, ე.წ. დარღვევები რომ არ ხდებოდეს.

"დამრღვევები აღიზიანებენ მესაზღვრეებსა და ძალოვანებს, რომლებიც, თავის მხრივ, შემდეგ ზეწოლას ახდენენ ადგილობრივებზე – თანამონაწილეობაში, კონტრაბანდაში ადანაშაულებენ მათ, დაკითხვებზე დაჰყავთ და სახლებში ჩხრეკას უწყობენ. ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „რაზდახანის“ [ოსური სახელწოდება]  გავლით საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთონ, მსგავსი პრობლემები არაფერში სჭირდებათ" - დასძენს მეარაყიშვილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება.