ვაცალოთ პრეზიდენტობის კანდიდატებს – თავად წააგებენ?

2018-10-31 18:51:21
242

საქართველო წინასაარჩევნო მდგომარეობაში რჩება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება. ორივე გუნდს ესაჭიროება, დარჩენილ დროში ამომრჩევლის ის საკმაოდ მოცულობითი პასიური ნაწილი მიიზიდოს, რომელიც 28 ოქტომბერს, არჩევნების I ტურზე ხმის მისაცემად არ გავიდა. ითვლება, რომ დიდწილად სწორედ ეს ელექტორატი გადაწყვეტს II ტურის შედეგად, რომელი გახდება საქართველოს პრეზიდენტი – მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, თუ გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მეტოქემ, ბევრად მეტი რესურსის მიუხედავად, I ტურში მხოლოდ 1%-ით გადაუსწრო.

წარსულში ორივე დიპლომატი, ორივე – ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ორივეს ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, დიპლომატებს კი, როგორც ცნობილია, სიფიცხე და გაუაზრებელი განცხადებები არ ახასიათებთ ხოლმე. თუმცა თუ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი გუნდების წარმომადგენლების განცხადებებს დავაკვირდებით, შეიძლება, შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი თავად ცდილობენ, წააგონ.

ფაქტი ჯიუტი რამაა და მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ღეის მდგომარეობით, სალომე ზურაბიშვილს ამ მხრივ მეტოქეზე მეტი “ლაფსუსი” აქვს დაშვებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი მის მიერ გაკეთებული და შემდეგ, საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, კიდევ არაერთგზის გამეორებული განცხადებაა თემაზე, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ამას ემატება სამცხე-ჯავახეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება მოქალაქეობის თემაზე, სამღვდელოების მიმართ ერთგვარი მუქარისშემცველი გამონათქვამი, მოსაზრება, რომ პრეზიდენტი “ხალხთან, მაგრამ მაინც ხალხზე ცოტა მაღლა დგას” და სხვები.

უცნაურია, თუ წაგება არ სურს, რატომ უნდა აკეთებდეს მსგავს (საკითხის მორალურ მხარეს რომ მოვეშვათ) წამგებიან განცხადებებს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას 30-წლიანი დიპლომატიური კარიერის მქონე ადამიანი… იმის გარკვევა, თუ რაშია აქ საქმე – ფსიქოლოგების, პიარ- და პოლიტ-ტექნოლოგებისთვის მიგვინდვია.

ახლა, როცა II ტურია დანიშნული, ქ-ნი სალომე მედიასთან ზედმეტ კონტაქტს თავს არიდებს, გუშინდელ – არჩევნების შემდგომი 2-დღიანი პაუზის შემდეგ პირველ ბრიფინგზე კი სიტყვაძუნწი იყო, აშკარად წინასწარ დაწერილ ტექსტს მიჰყვებოდა და ოფიციალური განცხადების დასრულებისთანავე მედიას გაეცალა.

ამაგიეროდ თავი “ისახელა” ზურაბიშვილის მხარდამჭერი მმართველი გუნდის წევრმა გედი ფოფხაძემ: მან აშკარად გადაამეტა სწრაფვაში, აღესრულებინა “ქართული ოცნების” სამეორეტურო სტრატეგია – ზურაბიშვილის შესაძლო წაგება “ნაციონალების” შესაძლო რევანშს გაუთანაბროს და ამით მოსახლეობა მაქსიმალურად დააშინოს - და ამ კონტექსტში “სამოქალაქო ომი” ახსენა.

 

თუ პრეზიდენტი ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გახდება, ეს სამოქალაქო ომის დაწყებისკენ რეალური ნაბიჯი იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენენ. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება, ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა“, ბრძანა ფოფაძემ, რითაც მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა, დააშინა კიდეც, თუმცა უფრო დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

 

აღშფოთებულთა რიგებში აღმოჩნდა ზოგიერთი ექსპერტიც.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილი აზრით, ხელისულება სამოქალაქო ომსა და ქაოსზე აპელირებით საკუთარ სისუსტეს უსვამს ხაზს, განსაკუთრებით - იმ ფონზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მექანიზმები მისსავე ხელშია.

ამასთან, სოციოლოგისთვის გაუგებარია, ვინ ერთვება ფოფხაძის მიერ ნახსენებ სამოქალაქო ომში:

თუ ამომრჩეველთა 60% ოპოზიციურადაა განწყობილი, ხოლო ხელისუფლების მიმართ ლოიალურთა 40%-ში 15% მაინც ადმინისტრაციული რესურსია, რომელიც პოლიტიკური ამინდის ცვლილებისას ლერწამივით იხრება, ვინ იწყებს და ვინ ერთვება სამოქალაქო ომში?! არაადეკვატურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ომზე ფოკუსირება! ნაცვლად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში რეალური პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრონ, კვლავ ამ გზას ადგანან“.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი კი გედევან ფოფხაძის განცხადებას არა მხოლოდ უპასუხისმგებლოს, არამედ საგანგაშოსაც უწოდებს:

მესმის, რომ პოლიტიკოსები არ არიან შეზღუდულნი, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის, ამოცანების მიხედვით გაავცელონ მოსაზრებები, რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი, იქნება ის ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ასეთ განცხადებას კონსტიტუციური უმრავლესობის მფლობელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი აკეთებსგასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, რას ნიშნავს ეს განცხადება: ძალაზე, იარაღზე, სპეცსამსახურებზე სწორედ მმართველ გუნდს მიუწვდება ხელი და ამ გუნდის წარმომადგენელი ამბობს, „თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს, საქმოქალაქო ომი იქნებაო“... სამოქალაქო ომი ნიშნავს საზოგადოების შიგნით ძალადობრივ დაპირისპირებას, რომელიც უნდა აღკვეთოს ხელისუფლებაში მყოფმა პირმა. ფოფხაძე კი ამბობს, „ხელისუფლება იქნება ერთ მხარესო“. სწორედ ეს არის სახიფათო. ამას სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრა ჰქვია“.

ფოფხაძის განცხადების წამგებიანობა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაშიც“ გაიაზრეს და დღის ბოლოს აღშფოთებული საზოგადოების დამშვიდება სცადეს:

"არანაირი სამოქალაქო ომი არ იქნება. არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამქართული ოცნება“ ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, ამის გარანტი არის პარტიაქართული ოცნება“, ამის გარანტი არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება", - განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

 

ცოტახანში კი ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ - იმ დამატებით, რომ ფოფხაძის პროგნოზს “კერძო შეფასება” უწოდა . http://www.accentnews.ge/ge/news/details/61856.

შეცდომებს უშვებს პრეზიდენტის სავარძლისთვის მებრძოლი მეორე გუნდიც.

კერძოდ, მიზნისთვის საზიანოდ მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი არჩევნებთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თვალშისაცემ აქტიურობას, მით უფრო – იმ ფონზე, რომ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად არა ცალკე აღებულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინა, არამედ ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელშიც ისიც შედის.

ახლა, როცა “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობით” მოსახლეობის დაშინება მეორე ტურისთვის მთავარ იარაღად შეარჩია, საარჩევნო კამპანიისთვის საზიანო გამოდგა თავად კანდიდატის – გრიგოლ ვაშაძის განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებს, ექს-პრეზიდენტიც შეიწყალოს და რიგი სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

ა მართალია, გრიგოლ ვაშაძემ დამაზუსტებელი განცხადება გააკეთა, “ამასერთპიროვნულად მე კი არა, სახელმწიფო გააკეთებს”, თანაც კანონმდებლობის დაცვითო, თუმცა “ოცნება”, რომლისთვისაც “სისხლიანი 9 წელი” მთელი 6 წლის განმავლობაში მთავარი “ფარდა” იყო საკუთარი შეცდომების, წარუმატებლობების და შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გადასაფარად, ცხადია, შეეცდება, ეს კიდევ დიდხანს გამოიყენოს კონკურენტის საწინააღმდეგოდ.

ამგვარად, დღემდე პრეზიდენტობისთვის მებრძოლი გუნდები შეცდომოები ნამდვილად არ იყვნენ. ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ ისინი მათთვის თავის არიდებას II ტურამდე დარჩენილ დროში.