პანკისში ბრაზობენ: „ეს იყო კოორდინატორების ოჯახების არჩევნები"

2018-10-31 16:17:17
714

„ვფიქრობ, პანკისი დააფიქსირებს პროტესტს. მთელს ხეობაში ძირითადად „ოცნების“ მომხრეები იყვნენ, მაგრამ თემირლანის მკვლელობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მე აქ ვარ, დუისის ორივე უბანზე დავდივარ. მაინტერესებს, ქისტებიდან ვინ აქტიურობს „ოცნების“ სასარგებლოდ, ვინ მოაწერს ხელს თემირლანის მკვლელობას“, - ეს განცხადება პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულებამდე გააკეთა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ კი ასეთი სურათი დადგა:  ამომრჩეველთა დაახლოებით 65% საარჩევნო უბანზე არ მივიდა; „ქართული ოცნების“ და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა ჯამში 25% მიიღეს. საბოლოოდ, პანკისში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

ეს ფორმულირება რიგ ადგილობრივებში გაღიზიანებას იწვევს და ისინი აქტიურად გამოხატავენ პროტესტს სოციალურ ქსელში.

რა გახდა მსგავსი შედეგის საფუძველი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხეობაში საპროტესტო მუხტი ჩაცხრა? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ პანკისის მკვიდრს,  სამოქალაქო აქტივისტ სულხან ბორძიკაშვილს ესაუბრა.

-სულხან, თქვენ იყავით არჩევნებზე?

- ვიყავი და ხმა არავისთვის მიმიცია. ბიულეტენს მივაწერე #არა ჰესებს! #ნუ მომკლავ! აღმოჩნდა, რომ იგივე გააკეთა ბევრმა, ყველა უბანზე აღმოჩნდა მსგავსი ბიულეტენები.

- როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა გამოხატული მძლავრი პროტესტის შემდეგ დამდგარი ასეთი საარჩევნო შედეგი?

- ძალიან ბევრი აგიტატორი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით დუისში აქტიურობდნენ, მიიყვანეს თავიანთი ოჯახის წევრები, ახლობლები. მოკლედ, ეს იყო კოორდინატორების ოჯახების არჩევნები. მაგრამ მე საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეების რაოდენობამაც გამაკვირვა.

ზოგადად კი, შეიძლება, ვთქვათ, რომ პანკისში არჩევნები ახალაგაზრდებმა ჩააგდეს –  არ წავიდნენ არჩევნებზე და ამ ფორმით გამოხატეს საკუთარი პროტესტი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიცოდი მათი გადაწყვეტილების შესახებ. თავად წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მათ ასე გადაწყვიტეს.

- ანუ, ეს შეთანხმებული პოზიცია იყო?

- დიახ, ეს შეთანხმებული პოზიცია იყო. ჩემი არგუმენტი გახლდათ, „კი, თქვენ გამოაცხადებთ პროტესტს, მაგრამ სხვები პანკისის სახელით იტყვიან თავიანთ სათქმელს“. ასეც მოხდა. შემდეგ ბევრმა ინანა კიდეც, „ამათ გარდა [ზურაბიშვილის და ვაშაძის] ნებისმიერს შემოვხაზავდით და ასე გამოვხატავდით ჩვენს პროტესტსო“,– ასეთი მოსაზრება გაჩნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რეალურად, არ არის პანკისის ხეობაში ის ფონი, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა მოიგოს. არ არის ისეთი მარტივი სიტუაცია, როგორც ჩანს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის დაძაბულია. ახალგაზრდები სვამენ კითხვებს და ისინი მირბიან. პირადად მახსენდება დეპუტატ გელა სამხარაულთან რამდენიმე შეხვედრა, რომელმაც ძალიან უსიამოვნოდ ჩაიარა. იცით, რომ ჰესებთან დაკავშირებით პროტესტია, გადაიბირეს რამდენიმე ადამიანი და მათ ახლობლებზე მუშაობენ. ძალიან ცუდად იქცევიან. ახლა რამდენიმე სოფელში კარდაკარ დადიან, მიდის პროპაგანდა, „მაინც აშენდებაო“, აგროვებენ ხელმოწერებს. არ ვიცი, პროცესი როგორ გაგრძელდება, მაგრამ  ხელისუფლება ამ გზებით ხალხში ნიჰილიზმს თესავს, „ჩვენ არაფერი გამოგვივა, მაინც ააშენებენ, ჩვენ არავინ გვეკითხებაო“. თუ ხალხს არაფერი ეკითხება, მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ ააშენეს? რატომ მოუწიათ გაჩერება? ამ ყველაფერმა არჩევნებზეც ხომ იმოქმედა?! ჩვენ ვცდილობთ ამის შეცვლას, „შენი ხმა მნიშვნელოვანია!“, ხელისუფლება კი - პირიქით.  

- ზეწოლას ჰქონდა ადგილი?

- იმდენად არა, უფრო აგიტაციას, დაპირებებს. მაგალითად, ერთ–ერთ ახალგაზრდას, რომელიც ამ დროისთვის პირობით სასჯელს იხდის, დაჰპირდნენ, „პირობითს მოგიხსნითო“. იყო შემთხვევები, როდესაც დახმარების საჭიროების არმქონე ადამიანებს სოციალური დახმარების დანიშნვას ჰპირდებოდნენ და ა.შ. თუმცა ჯამში შედეგი, როგორც უკვე ვთქვი, კოორდინატორების და აგიტატორების ახლობლებმა დადეს.

- ანუ, ამ შედეგებით ვერ ვიმსჯელებთ, პანკისში საპროტესტო მუხტი ჩაცხრა თუ არა...

- რა თქმა უნდა, არა! მაგალითად, რომ დაიწყონ ჰესების მშენებლობა, პროტესტს მერე ნახავენ. ეს იციან კიდეც და ამიტომ მიმართავენ სხვადასხვა გზებს. მაგალითად, ჩემს სოფელში ჯოყოლოს არჩევანი 200–მდე კაცმა გადაწყვიტა, მათ ზურაბიშვილს მისცეს ხმა, ამ დროს ამ უბანზე 1000–მდე ამომრჩეველია. ისინი რომ მისულიყვნენ არჩევნებზე, სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ამდენად, პროტესტის ამ ფორმის  – არჩევნებზე არმისვლის ცუდი მხარე სწორედ ესაა: მათი ხმები დაიკარგა.   

- მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, განვმარტოთ, რა იყო პროტესტის საფუძვლები?

- პანკისში სერიოზული საპროტესტო მუხტია ჰესების, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამო. ამომრჩეველს ჰქონდა მეორე ვარიანტი – „ნაციონალური მოძრაობა“. ამ საკითხზეც აქტიურად მიდიოდა მუშაობა – ლაფანყურის სპეც–ოპერაცია! ლაფანყური! ამდენად, ადამიანებს ასე ჰქონდათ წარმოდგენილი, რომ ხმა ან ერისთვის უნდა მიეცათ, ან მეორესთვის, სხვა მოქმედება საარჩევნო უბანზე უბრალოდ მისვლა და წამოსვლა იქნებოდა. ეს ყველაფერი მათთვის მიუღებელი იყო და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

- თქვი, რომ ეს გადაწყვეტილება ინანესო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია. როგორ ფიქრობ, ამ ჯერზეც მსგავსი პასიურობა იქნება?

- არის საუბარი, რომ „ახლა არჩევნებს მით უმეტეს უნდა გამოვუცხადოთ პროტესტი“, რადგან ორივე კანდიდატი მათთვის მიუღებელია, – „სხვა არჩევანი არ გვაქვსო“. ამასთან, ბევრია გაბრაზებული, რადგან იწერება, „პანკისმა მმართველი გუნდი აირჩიაო“, არადა ასე ნამდვილად არ იყო. ველი, რომ ისევ იმუშავებენ კოორდინატორები. აი მეორე მხარე რას იზამს, რომელიც უფრო წაგებულშია, - არ ვიცი. ეს თავისუფალი ხმებია, ვიღაც ამ ადამიანებამდე უნდა მივიდეს.

 

ავტორი: დიანა მუსელიანი