ვის და როგორ აირჩევს 28 ოქტომბერს საქართველო

2018-10-27 12:48:01
630

ხვალ, 28 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი.

მართალია, ამჯერად მოქალაქეები კონსტიტუციით გათვალისწინებული ფაქტობრივად ნომინალური უფლებების მქონე პრეზიდენტს ირჩევენ, თუმცა ეს 28 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას არამც და არამც არ აკნინებს, ვინაიდან: ა) ამჯერად საქართველო პრეზიდენტს ჩვეულებრივზე ერთი წლით მეტი ვადით ირჩევ და, შესაბამისად, საპრეზიდენტო სავარძლის ახალი მეპატრონე მომავალი 6 წლის განმავლობაში გვეყოლება; ბ) მოსახლეობა უკანასკნელად ირჩევს პრეზიდენტს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით; შემდეგი არჩევნებიდან დაწყებული, ამას ჩვენს ნაცვლად 300-კაციანი საბჭო გააკეთებს; გ) მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” ეს არჩევნები ერთგვარი რეპეტიციაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების; მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ფაქტობრივად, საპროგნოზო მაჩვენებელი გახდება “ოცნებისთვის” იმისა, მოუწევს თუ არა მას ძალაუფლების სხვა გუნდისთვის დათმობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე http://www.accentnews.ge/ge/news/details/35661.

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ისტორია

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოღებულ იქნა 1991 წლის 14 აპრილსსაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, რომლითაც დაწესდა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და შესაბამისი ცვლილებები და დამატებები შევიდა ხანმოქმედ კონსტიტუციაში (დაემატა სპეციალური „თავი 13¹, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“, რომლითაც განისაზღვა მისი უფლებამოსილებები).

იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რეპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.

პრეზიდენტის არჩევნების წესს დეტალურად განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 26 მაისს და მასში ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა.

1991-1992 წწ სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა სამხედრო საბჭომ და დროებითმა მთავრობამ შეაჩერეს გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის მოქმედება. 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომლითაც დაწესდა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. მის ფუნქციებს ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ირჩევდა პარლამენტი.

1995 წელს მიღებული კონსტიტუციით კვლავ დაწესდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებებიც განისაზღვრა კონსტიტუციის მეოთხე თავში.

ახალი კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე, პრეზიდენტის უფლებამოსილებები რამდენჯერმე შეიცვალა. კერძოდ, კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციით, პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ის წარმართავდა და ახორციელებდა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ამასთანავე, იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში; პრეზიდენტს ეკრძალებოდა პარალელურად სხვა თანამდებობის დაკავება.

2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, მთავრობის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდა მთავრობის სასარგებლოდ, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მან გარკვეული ფუნქციები შეინარჩუნა; დაშვებულ იქნა პარალელურად პარტიული თანამდებობის დაკავება; ამავე პერიოდში შემოღებულ იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინსტიტუტი.

2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის უფლებამოსილება კვლავ შეიზღუდა, ამჯერად - მთავრობისა და პარლამენტის სასარგებლოდ; პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა უფლებამოსილება და კვლავ აეკრძალა პარტიული თანამდებობის დაკავება; პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დარჩა სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.

საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელი ფუნქციები

2017 წლის 26 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც მმართველი პარტია “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ (ორ ოპოზიციურ პარტიას – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ) მიიღო ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვით:

  • პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში, თუმცა აღარ ევალება, „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“;

  • პრეზიდენტი კარგავს უფლებას, „მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში“;

  • ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც „სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის“ იქმნება და რომელსაც, წინა კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, აღარ იარსებებს. სანაცვლოდ, ახალი კონსტიტუციით, შეიქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციას განახორციელებს.  ეროვნული თავდაცვის საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური.  

ამრიგად, სადღეისოსაქართველოს პრეზიდენტი  - ეს არის სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში.

პრეზიდენტის უკანასკნელი არჩევნები პირდაპირი წესით

ბოლო დრომდე საქართველოს პრეზიდენტი აირჩეოდა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.

თუმცა 2017 წლის 26 სექტემბრის საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით, მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს 300 ხმოსნის შემადგენლობით, რომელთა შორის იქნებიან დეპუტატები, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები. ამასთან, პრეზიდენტი წინასწარი დებატების გარეშე აირჩევა პარლამენტის სასახლეში ხუთი წლის ვადით (ექვსი წლის ვადით 2018-2024 წლებში). თუმცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, პარლამენტის იმავე გადაწყვეტილებით, კვლავ პირდაპირი წესით გაიმართება.
 

ამრიგად, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობას უკანასკნელად ეძლევა შესაძლებლობა, ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი ხმის მიცემის გზით აირჩიოს.

ვინ შეიძლება, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი

2017 წლის 26 სექტემბრის საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება, აირჩეს საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე 40 წლის ასაკიდან (ნაცვლად მანამდე არსებული 35 წლისა), რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც. თუმცა კანდიდატს არჩევნებამდე ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრება აღარ მოეთხოვება. 

საქართველოს პრეზიდენტები

საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობდა პირველად შემოღებულ იქნა 1991 წელს და დღემდე ქვეყანას 4 პრეზიდენტი ჰყავდა.

 

 

ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თანამდებობას 2013 წლის 17 ნოემბრიდან იკავებს და სულ მალე მას ახალ პრეზიდენტს გადაულოცავს.

საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 46 კანდიდატიდან ცესკო-მ 25 დაარეგისტრირა. მათგან 19 - პოლიტიკური პარტიების, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ასეთია:

1.    დავით ბაქრაძე – პ/გ  „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“, საარჩევნო ნომერი – N2
2.     მიხეილ (გელა) სალუაშვილი  – პ/გ  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – N28
3.    ზვიად ბაღდავაძე  – პ/გ „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“  N27
4.    შალვა ნათელაშვილი –  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“  N10
5.    ირაკლი გორგაძე –  პ/გ  „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ N23
6.    გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ N5
7.    გიორგი ლილუაშვილი – პ/გ  პარტია „საქართველო“ N17
8.    სალომე ზურაბიშვილი –  ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N48
9.    ზვიად მეხატიშვილი – მპგ „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ N13
10.   ვახტანგ გაბუნია – პ/გ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ N4
11.   დავით უსუფაშვილი – პ/გ „თავისუფალი დემოკრატები“ N25
12.   ბესარიონ თედიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N49
13.   ლევან ჩხეიძე – პ/გ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ N40
14.   ზვიად იაშვილი – პ/გ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“  N30
15.   ზურაბ ჯაფარიძე  – „გირჩი“ N 36
16.   აკაკი ასათიანი – ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ N18
17.   გელა ხუციშვილი – პ/გ „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ N35
18.   კახა კუკავა  – პ/გ  „თავისუფალი საქართველო“ N21
19.   თამარ ცხორაგაული – პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება – ზვიად   გამსახურდიას გზა“ N31
20.   გიორგი  ანდრიაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N51
21.   ვლადიმერ ნონიკაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N62
22.   კახაბერ ჭიჭინაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N58
23.   მიხეილ ანთაძე – მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ N1
24.   ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ N22
25.   თეიმურაზ შაშიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N65