აფეთქება ვლადიკავკაზში და ახალი შესაძლო გამოწვევა საქართველოს მოსახლეობისთვის

2018-10-22 16:07:42
2429


ვლადიკავკაზში, მსხვილ მეტალურგიულ ქარხანაში „ელექტროცინკი“ მომხდარ აფეთქებას ქალაქში პანიკა მოჰყვა – მოსახლეობამ ქალაქიდან მასობრივი გასვლა დაიწყო. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, 100–ობით მანქანამ ქალაქის გასასვლელში საცობები შექმნა. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად არსებობდა მომწამლველი ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევის საფრთხე.

მოქალაქეები ვლადიკავკაზიდან გარბიან


ადგილობრივები ყვებიან, რომ 21 ოქტომბრის გამთენიისას მომხდარი ინციდენტის შესახებ მოსახლეობისთვის დილით გახდა ცნობილი, თუმცა შექმნილი ვითარების თაობაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან განცხადება დღის მეორე ნახევრამდე არ გაკეთებულა. მოგვიანებით ხელისუფლებამ მოქალაქეებს ურჩია, შინ დარჩნენ და ფანჯრები დახურული იქონიონ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის კერა ელექტროლიზის ცეხში იყო. ცეცხლს 150–მდე მეხანძრე 12 საათის განმავლობაში აქრობდა. დაიღუპა 2 მეხანძრე, ხოლო და დაშავდა რამდენიმე, განადგურებულია  4 500 კვ.მეტრი ფართობი.

პასუხსიმგებელი პირების მხრიდან შექმნილი სიტუაციის აღმწერი დეტალური განცხადებები ამ დრომდე არ კეთდება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ჰაერში ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნივთიერებების გაფრქვევა არ მომხდარა. დღეს განცხადება გააკეთა "როსპოტრებნადზორმა". ორგანიზაციის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ვლადიკავკაზში ჰაერის 100–მდე სინჯი აიღეს და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ამ დროისთვის ნორმის ფარგლებშია. თავად მოქალაქეები ხელისუფლების დამაიმედებელ განცხადებებს უნდობლად ეკიდებიან და ისევე როგორც წლების განმავლობაში, ცინკის ქარხნის ლიკვიდაციას ან ქალაქიდან გატანას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ადგილობრივები ქალაქის ცენტრში დღესაც შეიკრიბნენ. 

 

ზოგადი საფრთხე

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მეტალურგიული საწარმოები წარმოადგენს ეკოლოგიური რისკების შემცველ წარმოებებს, რადგან გამოიყენება სხვადასხვა შედგენილობის საკაზმე მასალები (ნედლეული), რომელთაგან ზოგიერთი მეტად ტოქსიკურია. თვით ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის პირობებში და ამ დროს გამოიყოფა როგორც მტვრის ნაწილაკები, ისე ტოქსიკური აირები გოგირდის, ფოსფორის, აზოტის ოქსიდები სახით. ასევე ტექნოლოგიური პროცესის დროს ძირითად პროდუქტებთან ერთად მიიღება საკმაოდ დიდ რაოდენობით წიდა, რომელიც შეიცავს ზოგიერთ ტოქსიკურ ნაერთებს ფოსფორთან, გოგირდთან, ფტორთან.

თუ ატმოსფეროში გამოიყოფა მტვრის ნაწილაკები, რომელიც შეიცავს SiO2-ს, მაშინ ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება ზემო სასუნთქი ორგანოების დაავადებები.

თუ გამოიყოფა MnO2 – ის არის ძლიერ ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერება და იწვევს ნერვიული სისტემის და გულის სისხლძარღვთა დაავადებებს, ორგანიზმში მისი კონცენტრაციის ზედმიწევნით მაღალი დონის შემთხვევაში ვითარდება პარეზია (დამბლა).

ეკოლოგ ნინო ჩხობაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, დაზუსტდეს, რა მოჰყვა აფეთქებას – რა სახის ნივთიერებები მოხვდა ჰაერში, რისი დადგენაც ატმოსფერული ჰაერის შესწავლის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

ეკოლოგის აზრით, რომ ვინაიდან აფეთქება მეტალურგიულ ქარხანაში მოხდა, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქარხანაში სამხედრო ნივთიერებები ყოფილიყო შეტანილი და აფეთქების წყაროც აღნიშნული გახდა:

„გააჩნია რა გაიფრქვა.  მაგალითად, ერთ–ერთ ქვეყანაში იყო შემთხვევა, როდესაც მეტალურგიულ ქარხანაში რადიაციული წყარო შეიყვანეს და ფაქტობრივად, მთელი ზონა რადიოაქტიური გახდა, რადგან მისი დადნობა არ შეიძლებოდა. ამდენად, ყოველთვის არის საშიში ჯართში რაიმეს მოხვედრა. როგორც ვხვდები, მაგრამ არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში მინა იყო ან რაღაც სხვა – სამხედრო დანიშნულების. არ მგონია, რომ რადიაციული იყოს“.

რაც შეეხება საფრთხეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩხობაძის თქმით, ვინაიდან საქართველოს ვლადიკავკაზთან ქედი ჰქოფს, არსებობს შესაძლებლობა, გაფრქვეული ნივთიერებები ქედზევე დაილექოს და საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს.

რას ამბობენ საქართველოს გარემოსდაცვით უწყებაში

მოგეხსენებათ ჩრდილოეთ ოსეთი საქართველოს ყაზბეგის მხრიდან ესაზღვრება. „აქცენტი“ დაინტერესდა, ექმნება თუ არა საფრთხე საქართველოს მოსახლეობას ვლადიკავკაზში მომხდარი ინციდენის შედეგად და შესაბამისი კითხვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ატმოსფეროში ცვლილებები არ შეინიშნება:

„სინოპტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიაზე არაფერი შემოსულა. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს“.