"რუსეთი ოკუპანტია" – ქართველი ემიგრანტი ქალის პროტესტი იტალიაში

2018-10-20 22:02:34
13941

იტალიის ქალაქ ბარიში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ბანერია გადმოფენილი წარწერით “რუსეთი ოკუპანტია”. აქ ახალგაზრდა ქართველი ქალბატონი ცხოვრობს.

ფოტო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და ჩვენც იქ წავაწყდით.

”აქცენტმა” გადაწყვიტა, ქალბატონს დაჰკავშირებოდა და ამ აქციის მოტივები გამოეკითხა.

“საკუთარი თავის “რეკლამირება” არ მსურს, ამიტომაც ვინაობას ნუ მიუთითებთ. თითოეულმა ქართველმა სამშობლოშიც და უცხოეთშიც ჩვენი წილი საქმე უნდა ვაკეთოთ. მეც იმას ვაკეთებ, რაც შემიძლიაო” - განგვიცხადა ქალბატონმა.

გულისტკივილით ისიც დაამატა, რაოდენ "მძიმე მოსასმენია საქართველოდან "ჩვენ დავიწყეთ ომი”, “ჩვენ დავბომბეთ ჩვენი სოფლები”, “ჩვენი მეზობელი აფხაზეთი" და ა.შ., მაშინ, როცა ის და მისი შვილი გაწვიმებისას ამ ბანერს ხსნიან, რომ არ გაფუჭდეს".

ცოტა ხნის წინ მან ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი სხვა ფორმითაც გამოხატა – გადაწყვეტილებით, შვილი რუსეთის საკონსულოს საზეიმო გახსნაზე არ გაეშვა და შესაბამისი განცხადებით, რომლითაც იტალიაში შვილის სკოლის ადმინისტრაციას მიმართა:

"როგორც უბრალო ქართველი და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, უარი ვთქვა, ჩემმა შვილმა მონაწილეობა მიიღოს ოკუპანტი ქვეყნის საკონსულოს საზეიმო გახსნის ცერემონიაში ქალაქ ბარიში. პატივს ვცემ ამ ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას, მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი შვილი, როგორც განსაკუთრებული მოსწავლე, არჩეულ იქნა პროექტში "სანქტ-პეტერბურგი" მონაწილეობის მისაღებად და მზად არის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავროს და იცხოვროს აღნიშნულ ქალაქში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ოკუპანტები ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველდღიურად წევენ საზღვრებს, იტაცებენ და ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, პროტესტის ნიშნად დღევანდელ ცერემონიას, რომელიც რუსეთის საკონსულოს გახსნას ეძღვნება, არ დავესწრებით. იტალიის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი დღევანდელი პროტესტი უარყოფით გავლენას არ მოახდენს პროექტში მის მონაწილეობაზე".