შსს–მ გატაცებული მოზარდი ოჯახს გაარიდა: „ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი იყო ფიზიკური ძალადობა...“

2018-10-19 15:45:47
524

 

პოლიციამ ლამბალოდან გატაცებული არასრულწლოვანი გოგონა იპოვა, თუმცა თავშესაფარში გადაიყვანა,– ინფორმაციას შს ავრცელებს.

აღნიშნულის მიზეზად შს თავად არასრულწლოვანის ჩვენებას ასახელებს. კერძოდ, შსს–ს ცნობით, ჩვენებაში არასრულწლოვანი მიუთითებს, ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.


შსს–სვე ცნობით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, თუმცა ვის მიმართ, ამის შესახებ შსს–ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი.    

"17 წლის არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, დაუყოვნებლივ ჩართული იქნა სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია გასცეს არასრულწლოვნის გამოკითხვის თაობაზე. არასრულწლოვანს, ასევე, გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.

გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - .. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ..- და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით. 

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", – აცხადებენ უწყებაში.

„აქცენტი“ დაინტერესდა, რა ბედი ეწია თავად სავარაუდო გამტაცებელს, არის თუ არა დაკავებული. შსს–ში გვიპასუხეს, რომ დამატებით ინფორმაციას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ვერ მოგვაწვდიან და გამოძიება დასრულებული არ არის.  

ცნობისთვის: ინციდენტის შესახებ ცნობილი 12 ოქტომბერს გახდა. მაშინ ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ არასრულწლოვანი სახლიდან 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძალის გამოყენებით გაიტაცა და დახმარებას სამართალდამცველებისგან ითხოვდა.


„ორი უცნობი პიროვნება შემოვარდა სახლში, ხელ-პირი შეუკრეს, ძალით წაიყვანეს, ჩასვეს მანქანაში. გუშინ ექვსი საათის მერე ვეძებთ, მაგრამ არანაირი კვალი... ჩვენ ამ ბავშვს აუცილებლად დავიბრუნებთ, აუცილებლად გააგრძელებს სწავლას, აუცილებლად მიიღებს უმაღლეს განათლებას და ეს იქნება მაგალითი მთლიანად მოსახლეობისთვის. ის მითი, რაც ამ სოფელში არსებობს, რომ მოიტაცებენ და მერე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რიგდებიან, გასდით ბრაზი, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. 21–ე საუკენეში ვართ და გოგონებმაც უნდა ისწავლონ,“ - აცხადებდა მოზარდის ბიძა კაზამფარ მამედოვი.

მოტაცების ფაქტს ადასტურებდნენ 25 წლის ბიჭის ოჯახში:  

„ბიჭმა გოგონა ნამდვილად მოიტაცა, მაგრამ გოგონას ნათესავები ჩვენთან აგრესიით მოვიდნენ, ჩაგვიმტვრიეს შუშები, კართან ბენზინს ასხამდნენ, გვემუქრებოდნენ,“ - განაცხადა ლინონ ისაევამ.

მომხდარს პროტესტი მოჰყვა თბილისშიც. ქალთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.


მსგავსი შემთხვევების დროს არასოდეს არავინ დასჯილა. უფორმებენ ადმინისტრაციულ ჯარიმას და რომ იკითხოთ აზერბაიჯანულ თემში, გეტყვიან რომ, ცოლის მოყვანა 5000 ლარი ღირს და რომ ეს დანაშაული არ არის“, - განაცხადა ქალთა მოძრაობის დამფუძნებელმა ბაია პატარაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.