"კრემლი კავკასიაში კონფლიქტების გეოგრაფიას აფართოებს"

2018-10-18 18:10:21
777

პოლიტოლოგი ავრაამ შმულევიჩი ინგუშეთის მოვლენებსა და ჩეჩნეთის მიწებზე კაზაკების პრეტენზიებს კრემლის მიერ ინიცირებულად მიიჩნევს.

„ინგუშეთის მიწების ჩეჩნეთისთვის გადაცემის სიტუაცია იმგვარად იყო ორგანიზებული, რომ მასშტაბური „აფეთქების“ გარდა, სხვა შედეგის მოლოდინს არ ქმნიდა. ყველაფერი მაქსიმალურად პროვოკაციულად იყო ორგანიზებული და ერთადერთი კითხვა, თანაც ალბათ მთავარიც, იმაში მდგომარეობდა, ვინ იდგა მთელი ამ ქმედებების უკან. ეჭვი იმთავითვე კრემლზე მქონდა და ახლაც, რამდენიმე დღის შემდეგ ის მხოლოდ გამიმყარდა. საექსპერტო წრეებში გაიჟღერა მოსაზრებებმა, რომ ამ მოვლენების უკან შესაძლოა, ადგილობრივი ხელისუფლება ან კადიროვი მდგარიყვნენ, თუმცა რეალურად, მიმდინარე მოვლენები სანქცირებული იყო კრემლის მიერ, თანაც უმაღლეს დონეზე“,– თვლის შმულევიჩი.

ამგვარად ფიქრის საფუძველს ექსპერტს რამდენიმე გარემოება უქმნის:

  • ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებს შორის 26 სექტემბერს ადმინისტრაციული საზღვრის ახლებური დადგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში;
  • ინგუშ საზოგადო მოღვაწეებს მოლაპარაკებებზე მოუწიათ ურთიერთობა კავკასიაში პუტინის მიერ ხელდასმულ პირთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელ ანდრეი იარინთან. ფორმალურად, ეს უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც შიდა პრობლემებითაა დაკავებული. სხვათა შორის, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები ფაქტობრივად, ჩაშალეს, ვინაიდან არ დაეთანხმნენ არც ერთ მოთხოვნას მომიტინგეების მხრიდან, რომლებიც მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის;  
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე არჩევნების ფალსიფიცირების უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინეს, თუმცა უმაღლესი თანამდებობის პირებმა, რომლებიც ქვეყანაში კანონის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, ამ ფაქტებს უბრალოდ იგნორირება გაუწიეს.

„ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ეჭვიც აღარ რჩება, რომ ამ ყველაფრის უკან მოსკოვი დგას“,– ასკვნის შმულევიჩი და იქვე სვამს კითხვას, რა მიზანს ისახავდნენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები? 

პოლიტოლოგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და იგი რატიფიცირებული არ არის, თუმცა ჩეჩნეთის ხელისუფლებამ იგი უკვე ძალაში შესულად გამოაცხადა და მიაყოლა, რომ ამას თითქოს ინგუშეთის ხელისუფლებაც ეთანხმება.

„ეს სრულიად გაუგონარი რამაა. როგორ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იგნორირება გაუწიო, თანაც იმ პირობებში, როდესაც ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება ინგუშეთის საზოგადოების 80% და ჯერ არაფერი დასრულებულა, სიტუაცია ცხელ ფაზაში რჩება!“,– ამბობს შმულევიჩი.

გარდა ამისა, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ინგუშეთის მოვლენებამდე 2 დღით ადრე სტავროპოლის საზღვარზე რუსეთის ფედერაციის ძალების მანევრები დაიწყო, ხოლო უშუალოდ მოვლენების მიმდინარეობისას ანალოგიური მანევრები წამოიწყეს ჩრდილოეთ ოსეთში, ინგუშეთის საზღვრის სიახლოვეს.

„სოციალურ ქსელებში თვითმხილველები აქვეყნებდნენ ვიდეომასალებს, რომელიც ასახავდა, როგორ გადაადგილდებოდნენ სამხედრო ტექნიკის კოლონები დაღესტნიდან ინგუშეთის მიმართულებით. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება სამომავლოდ მოვლენები, თუმცა უდავოდ, ეს ყველაფერი მოსკოვის მიერ არის ინიცირებული და ისევე აგრძელებს“   - დარწმუნებულია შმულევიჩი. 

რაც შეეხება კაზაკების პრეტენზიებს ჩეჩნეთის ორ რაიონზე და განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი რესპუბლიკას თავის დროზე უკანონოდ გადაეცა, პოლიტოლოგი ადასტურებს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის შემადგენლობაში მართლაც არსებობს ორი რაიონი, რომელიც ოდესღაც კაზაკებს ეკუთვნოდათ და 1954 წელს სტავროპოლის მხარიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის შემადგენლობაში გადაიყვანეს.  

„კაზაკების საუბრები იმის შესახებ, რომ ეს ტერიტორიები დასაბრუნებელია, პირველად არ ისმის. მათი უკანასკნელი შეკრება სრულიად თავისუფლად, ყოველგვარი წინაღობების გარეშე ჩატარდა, ხოლო იმ ორგანიზაციების სათავეში, რომლებმაც ამ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რუსეთის მთავრობის მოქმედი ჩინოსნები დგანან. ამდენად, სრულიად ნათელია, რომ ესეც მოსკოვის მიერ არის სანქცირებული“,– ამბობს პოლიტოლოგი.

შმულევიჩი ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ კავკასიაში კონფლიქტების კერების გეოგრაფია გაფართოებას განაგრძობს:

„ყველაფერი ყაბარდო–ბალყარეთიდან დაიწყო, ორიოდ დღეში განვითარდა ჩეჩნეთ–ინგუშეთის სიტუაცია, ახლა ამას ჩეჩნებსა და კაზაკებს შორის კონფლიქტი მოჰყვა...ყველა ეს მოვლენა კრემლის ან უშუალო მითითებით, ან მისი მდუმარე თანხმობით ხდება“.

რაც შეეხება ჩეჩნეთის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის სავარაუდო რეაქციას, შმულევიჩი მისგან განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ელის და აღნიშნავს, რომ „კადიროვი, როგორც უპირველესად ფედერალური ჩინოსანი, ყოველთვის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების ნებას ასრულებდა და, მაშასადამე, ახლაც იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან“:

„კადიროვი დამოუკიდებელია ზუსტად იმდენად, რამდენადაც რეგიონების სხვა გუბერნატორები. სხვაობა იმაშია, რომ მას უფრო მეტის მისაკუთრების ნებას რთავენ, ვიდრე სხვებს. მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ კადიროვის სასახლე პირადი ზოოპარკით. ვერ ვიტყვით, რომ კადიროვი რაღაც საკუთარ, მოსკოვისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. პუტინი მას სხვადასხვა დიპლომატიური და სამხედრო საკითხების გადასაჭრელად იყენებს. სწორედ კადიროვის ხალხი იყო გარეული უამრავ გახმაურებულ პოლიტიკურ მკვლელობაში. იგი კრემლის მმართველი ელიტის ნაწილია და მის ინტერესებში მოქმედებს. გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ ჯერ–ჯერობით არავის არავისთვის არაფერი [იგულისხმება მიწები - რედ.] გადაუცია და ამ ეტაპზე სახეზეა მხოლოდ მართული კონფლიქტების შექმნის ტაქტიკის დემონსტრაცია ეროვნული უმცირესობებისთვის იმის საჩვენებლად, რომ მოსკოვის გარეშე მათ არაფერი შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, კრემლის სანქცირების გარეშე ჩეჩნეთს რეალურად, არცთუ ბევრი შანსი აქვს“.

შმულევიჩის თქმით, იგივე ტაქტიკა გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ეს „ბოლშევიკების საყვარელი ტაქტიკაა: ჯერ შექმნა კონფლიქტი, ხოლო შემდეგ თავად წყვეტდე“.

„ზოგჯერ ეს ტაქტიკა მუშაობს, ზოგჯერ – არა, როგორც 1980–იან წლებში მოხდა, როცა მოვლენები კონტროლიდან გავიდა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. რა მოხდება ამჯერად, შეძლებს თუ არა მოსკოვი ამ პარტიის ბოლომდე მიყვანას, ჯერ–ჯერობით გაურკვეველია“,– ამბობს პოლიტოლოგი. 

შმულევიჩი ასევე იხსენებს, რომ ჩეჩენ–ინგუშეთის დაპირისპირების დაწყებამდე 3 დღით ადრე რუსეთის „ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ჟირინოვსკი გამოვიდა ინიციატივით რუსეთის ფედერაციაში ეროვნული რესპუბლიკებისა და ოლქების გაუქმებისა და ქვეყნის უნიტარულად გადაქცევის შესახებ.

„ჟირინოვსკი დიდი ხანია, კრემლის „მოლაპარაკე თავად“ გვევლინება და ულტიმატუმის ფორმით აჟღერებს ინიციატივებს, რომელთა განხორციელებაც კრემლს სურს, თუმცა მანამდე ნიადაგის მოსინჯვა სჭირდება. კავკასიაში ყველა კონფლიქტის შედეგებზე დაყრდნობით მოსკოვს ახლა თავისუფლად შეუძლია, განაცხადოს, რომ რაკი მხარეები საზღვრების საკითხებზე ვერ ყალიბდებიან, სჯობს, ისინი საერთოდ მოიშალოს. ამ გზით პუტინს შეუძლია, სიტუაცია საკუთარი ავტორიტეტის განსამტკიცებლად გამოიყენოს. თუმცა ცნობილია, რომ კრემლმა სერიოზული საკონსტიტუციო რეფორმა წამოიწყო, რომელიც, როგორც უკვე ღიად განაცხადეს, რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. მათ ხომ სჭირდებათ გარკვეული დასაბუთებები ხელისუფლებაში დასარჩენად. შესაძლოა, მოვლენათა ეს „წარმოებაში ჩაშვებული“ ჯაჭვი გამოყენებული იყოს საბაბად მსგავსი ცვლილებების გატარებისთვის. ასეა თუ ისე, სადღეისოდ ნათელია, რომ დღევანდელი კონფლიქტებიც და მათი მომზადებაც ფედერალური ცენტრის მიერ იყო რეჟისირებული, მაშასადამე, ეს მას რაღაცისთვის სჭირდება“,– ასკვნის შმულევიჩი.