პესიმისტების თაობა: რატომ დაკარგა „გამარჯვებულთა ერმა“ იმედი

2018-10-18 12:17:43
416

 

პესიმისტური განწყობა, აფხაზეთში ცხოვრების არსურვილი და არარსებობა ნებისა, რაიმე აკეთო. ყველაფერი ეს ხშირად გვხვდება აფხაზურ ახალგაზრდობაში, რომელსაც მეც წარმოვადგენ. არა, საკითხი ეგზისტენციალურ–ფილოსოფიური არ არის. ვწერ იმაზე, რაც დაგროვდა და მტკივა.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ 20 წელს გადაცილებული ზოგიერთი აფხაზი, რომელსაც საკმაოდ პრესტიჟული განათლება აქვს მიღებული, საკუთარ მომავალს აფხაზეთში ვერ ხედავს. ზოგიერთები მათ არაპატრიოტებად თვლიან, სხვები კი მათ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და ამბობენ, "არ ღირს, თავი დაიღუპო აფხაზეთში, სადაც კარიერული პერსპექტივა არ არსებობს".

20–დან 35 წლამდე ასაკის ჩემს ნაცნობებში გვხვდებიან ისეთები, ვინც უმაღლესის დასრულების შემდეგ აფხაზეთში აღარც დაბრუნებულა, ან დაბრუნდა, თუმცა იმედგაცრუების მეტი, ვერაფერი მიიღო და ახლა ცდილობს, იქაურობას გაეცალოს.

მათი მოტივები, ერთის მხრივ, გასაგებია. მოდით, ვაღიაროთ: ქვეყანაში პრაქტიკულად ფიზიკურ დონეზე იგრძნობა საერთო არაკეთილდღეობა, ყოვლისმშთანთქმელი სტაგნაცია, რომელიც უკვე 25 წელია, გრძელდება. მიზერული ხელფასები, ცხოვრების დაბალი დონე. ამას ემატება უმძიმესი ფსიქოლოგიური ატმოსფერო, რომელსაც ახალგაზრდების თვითმკვლელობების, ნარკოტიკებისგან და გზებზე დაღუპვის შესახებ სისტემატიური ცნობები ქმნის...

ერთ–ერთი მეგობარი მუდმივად მეუბნება, რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდა საზღვარგარეთ და იქ აიწყობდა ცხოვრებას. იგი ღრმად არის დარწმუნებული, რომ აფხაზურ ახალგაზრდობას უფროსმა თაობამ სილა გააწნა და „თანამედროვეობის გემიდან“ გადააგდო.

დიახ, პესიმისტური განწყობები ხშირად ყველას ეუფლება. თუმცა მეგობრებო, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ გაუმართლებლად ვნებდებით, ვოცნებობთ სხვა ქვეყანაში გაჭრაზე და კომფორტს იქ ვეძებთ, გვსურს მაღალი ხელფასები და კარგი ცხოვრება. დამეთანხმებით, თუ ჯიბეში მილიონები არ გიდევს, სადაც არ უნდა იყო, მაინც მოგიწევს მთაზე სიდითის ქვის აგორება.

ხშირად უფროსებისგან გვესმის, როგორ აშენებდნენ თავის ცხოვრებას ნულიდან. შედეგად ყველაფერი გამოსდიოდათ. მაშ რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გამოგვივა?

ერთხელ ეთნოლოგმა მარინა ბარციცმა საუბრისას ძალიან სწორი კითხვა დასვა: „რატომ სხედან აპათიაში გამარჯვებულთა შვილები?!“.

ჩვენმა მშობლებმა მოიგეს ომი. დღეს ვინ, თუ არა ჩვენ, უნდა გავაგრძელოთ ახალგაზრდა აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობა? უნდა მოვახდინოთ ნების, ძალ–ღონის კონსოლიდაცია, ვიმოქმედოთ არა „წყალობით“, არამედ „მიუხედავად“, რათა შევქმნათ საკუთარი „სწორი“ რესპუბლიკა, სადაც არ იქნება კორუფცია, სიცრუე და პესიმიზმი. და ეს უტოპია არ არის! მძიმე ფიქრებს კი თავი დაანებეთ,– ისინი გადამდებია.  

 

სარია კვარაცხელია, "სპუტნიკი"