„ივანიშვილის შემდეგ მსგავსი რამ საქართველოში აღარ იქნება“

2018-10-17 15:11:04
1897

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, თბილისის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა, პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოცემული საკუთარი წიგნი წარადგინა, რომელშიც საუბარი წარსულს ეხება. „Deutsche Welle“-სთან მისი ინტერვიუს თემა კი საქართველოს აწმყო და მომავალია.

„აქცენტი“ ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

–ლევან, ერთხელ, დაახლოებით 7 წლის წინ, იმ აღფრთოვანებაზე საუბრისას, რომლითაც ქვეყანა თავის მორიგ პრეზიდენტს ეგებებოდა და იმ ვნებაზე, რომლითაც შემდეგ აგდებდა, თქვით: „დროა, ქართველებმა შეწყვიტონ სხვადასხვაგვარ ქარიზმატიკოსებზე ჭკუის კეტვა და დაკავდნენ ნორმალური საპარლამენტო ცხოვრების ორგანიზებით“. ეს დრო უკვე დადგა?

–ვისურვებდი, რა თქმა უნდა, ეს უკვე მომხდარიყო, თუმცა პრეზიდენტებით მთელი იმედგაცრუების შემდეგ საზოგადოებას ერთგვარი ახალი ქარიზმატული ლიდერი გაუჩნდა. რეალურად, მას არანაირი ინტელექტუალური ქარიზმა არ გააჩნია. თუმცა გააჩნია ქარიზმა, ასე ვთქვათ, ფულადი გამოსახულებით. ცხადია, ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობ. მას იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენ ქართველს  – ერთად.

თუმცა ეს ბოლო შემთხვევაა ქვეყნისათვის, როდესაც მას აი, ასეთი ლიდერი ჰყავს, – ამაში დარწმუნებული ვარ. ივანიშვილის შემდეგ იქნება სწორედ ის დემოკრატიული საქართველო, რომელიც, პრინციპში, უკვე დღეს არის შესაძლებელი, რადგან გვყავს ახალგაზრდობა, რომელიც უკვე თავისუფალ დროში დაიბადა. მას არ აქვს საბჭოთა მენტალობა და არ სურს, დამოკიდებული იყოს ვიღაც გადამყიდველებზე.

–და რისი „გადამყიდველია“ ივანიშვილი?

–იგი სულების გადამყიდველია. მან იყიდა მთელი ყოფილი საბჭოთა ინტელიგენცია. ივანიშვილი უბრალოდ იძლევა ფულს, თითქოს არაფრისთვის. ადამიანებს ჰყავთ ოჯახები, აქვთ ხელფასი, აქვთ ბონუსი ივანიშვილისგან: ვიღაცას – 5 000 ლარი, ვიღაცას – 3 000...

–და ის ამაში რამეს ითხოვს?

–თითქოს არაფერს. მაგრამ აი, როცა, მაგალითად, მისი საპრეზიდენტო კანდიდატი დიდად არავის მოეწონა, ივანიშვილმა აიძულა ყველა მისი ინტელიგენტი, ერთ ჯგროდ შეკრებილიყო და განეცხადებინა: „ის კარგი კანდიდატია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“. ამ ადამიანების ავტორიტეტთან დავა რთულია, ეს ასაკოვანი ხალხია, ზოგიერთი მათგანი – ძალიან დამსახურებულიც. თუმცა მსგავსი რაღაცეები ყოველთვის როდი გამოგივა. ივანიშვილის შემდეგ მსგავსი რამ საქართველოში აღარ იქნება.

–იმიტომ, რომ მეორე მისნაირი ქვეყანაში აღარ არის?

–არა მარტო. ხალხი აღარ იქნება ისეთი, ვინც შეიძლება, იყიდო. ეს ხალხი მიდის, ბევრი მათგანი 80, 90 წლისაა. ახალი თაობა კი ივანიშვილთან არ მიდის. ახალგაზრდობა მისგან ფულს არ იღებს და ახალგაზრდება არც თავად მას ენდობა. სამწუხაროდ, მმართველი პარტია ამჟამად ფლობს უპირატოსობას, ისეთ უმრავლესობას პარლამენტში, რომ შეუძლია, ახალგაზრდობას ანგარიში არ გაუწიოს. თუმცა მომავალ არჩევნებზე არ არის მოსალოდნელი, რომელიმე პარტიამ საქართველოში ამდენად ბევრი ხმა მოაგროვოს.

დიდი ალბათობით, ჩვენთან კვლავ ფორმირდება კოალიციური მთავრობა, ისევ დაგვიდგება რთული, თუმცა დემოკრატიული დროება, როგორიც 2012 –2014 წლებში გვქონდა, როცა ისეთი მცირე პარტიაც კი, როგორიც ჩემი – რეპუბლიკურია, რამეს წყვეტდა. საქართველოში ერთპარტიული სისტემა არ იქნება და ვფიქრობ, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც აჩვენებს, რომ საზოგადოება მზად არ არის, 100–ვე პროცენტი ივანიშვილის რომელიმე პროტეჟეს მისცეს.

–რა როლს შეასრულებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში რუსეთის ფაქტორი?

– რუსეთი ცდილობს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მეჩვენება, რომ ის იმავე კანდიდატს უჭერს მხარს, რომელსაც ივანიშვილი, ანუ სალომე ზურაბიშვილს – საფრანგეთის ყოფილ ელჩს საქართველოში, საგარეო საქმეთა ექს–მინიტრს.

საერთოდ, უცნაური და გაუგებარია, როდესაც პარიზში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, რომელიც დასავლეთში აღიზარდა, ანუ დემოკრატიულ ქვეყანაში, უცებ ამბობს, რომ მთელი პოლიტიკოსებიდან მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მოახდინა. ზურაბიშვილი ვერ იტანს ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორც ჩანს, რუსეთმა ფსონი სწორედ მასზე დადო.  

–როგორ ფიქრობთ, იქონიებს თუ არა ზეგავლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე უახლოეს და უფრო შორ მომავალში სააკაშვილი – საკმაოდ სადავო ფიგურა, მათ შორის თავად საქართველოშიც?

–დიახ, ის წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. სააკაშვილმა დაიწყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა, ჩამოაყალიბა სტრუქტურები, რომელიც დღესაც კარგად მუშაობს. განსაკუთრებულად საბუთებთან დაკავშირებულ სფეროს გამოვყოფდი. თუ საქართველოში რაიმე ცნობის აღება დაგჭირდებათ, უძრავი ქონების დარეგისტრირება, ბიზნესის დაწყება, დოკუმენტების გაფორმება – ეს ყველაფერი ძალიან მარტივად და სწრაფად, ერთ ფანჯარასთან შეგიძლიათ, გააკეთოთ ამისათვის სპეციალურად შექმნილ იუსტიციის სახლებში. გარდა ამისა, სააკაშვილი იყო ინიციატორი, მაგალითად, საპატრულო პოლიციის ახალი სისტემის ორგანიზებისა. ჩვენ არ გვაყვს საგზაო პოლიცია, საგზაო უსაფრთხოების ინსპექცია, ჩვენთან პოლიციელები გზებზე ქრთამს არ იღებენ.  

თუმცა გარკვეული რამეები სააკაშვილმა ვერ გააკეთა. მან ვერ დაამარცხა ელიტური კორუფცია და მოახერხა ეს მხოლოდ ქვედა დონეზე. თუმცა მთავარი, რითაც სააკაშვილი ცუდი იყო, ისაა, რომ არ დაიჯერა, რომ ქართველები ოდესმე ყველაფერს მიხვდებოდნენ და გააკეთებდნენ საკუთარ, გააზრებულ არჩევანს. მან გადაწყვიტა, სწრაფად, ძალით შეერეკა ქართველები ნათელ მომავალში, აიძულებდა, ევროპელები ყოფილიყვნენ და ეს კარგ შედეგებს ყოველთვის როდი იძლეოდა.  

სააკაშვილი პოლიტიკურად გაბანკროტდა. თუმცა დღეს საქართველოში არის მთავრობა, რომელსაც საერთოდ არაფერი შეუძლია. მისი ერთადერთი წარმატება ევროპასთან უვიზო რეჟიმია. ამ მხრივ ჩვენ ყველა მოთხოვნა შევასრულეთ.

რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირებას, ამ მხრივ თითქმის არაფერი სრულდება. მე გახლდით ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცი, რა კანონები უნდა მიგვეღო ამ მიმართულებით და ა.შ. არა, ევროპასთან ჰარმონიზაციაში არ მოვდივართ. ვფიქრობ, საქართველოს არც NATO-ში სწრაფი გაწევრიანების იმედი უნდა ჰქონდეს.