კიდევ ერთხელ, უკრაინის ავტოკეფალია და აფხაზეთი

2018-10-16 15:32:47
697

თუკი რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭებაზე საუბრისას ვერ გავერკვევით, კონკრეტულად რა პროცესებთან გვაქვს საქმე, საშუალებას მივცემთ რუსული იდეოლოგიის რუპორებს, საკუთარი აბსურდული აზრებით ჩვენზე გავლენა მოახდინონ.

უპირველესად, გავიგოთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ პროცესში.

ამ ეტაპზე საქართველოს არავინ სთხოვს პოზიციის დაფიქსირებას, ისევე, როგორც სხვა რომელიმე ეკლესიას. უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება-არმინიჭებას წყვეტს მხოლოდ კონსტანტინოპოლი, ჩვენ კი ამ პროცესის შემდეგ ‘’შევდივართ მოქმედებაში’’.

ოკუპანტური ნარატივია, რომ ,,რუსეთის ეკლესია აფხაზეთსკანონიკურად საქართველოს იურისდიქციაში განიხილავს’’. არავინ მოგატყუოთ და ეს სისულელე არავინ დაგაჯეროთ! ამისთვის ამ ბლოგის კითხვა საჭირო არაა, უბრალოდ "დაგუგლეთ" ინტერნეტში რუსეთის პატრარქისა და საპატრიარქოსგან საქართველოს უნეტარესი პატრიარქისადმი გამოგზავნილი ოფიციალური წერილები და ნახავთ, რომ მას არსად, არასდროს მოიხსენიებენ ,,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად’’! შესაბამისად, რეალობა ისაა, რომ რუსეთის ეკლესია არც დე ფაქტოდ და არც დე იურედ განიხილავს აფხაზეთს საქართველოს ნაწილად და უწმინდეს პატრიარქს მის მმართველ ეპისკოპოსად. ამავდროულად, შეგიძლიათ, ნახოთ მსოფლიო პატრიარქის, უნეტარესი ბართლომეოსის მიმართვები და ოფიციალური წერილები, სადაც ჩვენი უწმინდესი სრული ტიტულატურით, ე.ი. აფხაზეთის მმართველ ეპისკოპოსად მოიხსენიება.

უკვე წლებია, სწორედ რუსეთის გამო ვერ ახორციელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთში ღვთისმსახურებას  და ვერც იქ განთავსებულ ტაძრებს ვუვლით.

შესაბამოსად, პრაქტიკული კუთხით, რუსეთის ეკლესიას აფხაზეთი ჩვენთვის ასეც და ისეც წართმეული აქვს.

ახლა კანონიკურ და იურიდიულ მხარეს დავაკვირდეთ.

  • ავტოკეფალიის მინიჭებას სჭირდება საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული პროცედურები, რომელშიც უმთავრესი დედაეკლესიის საკითხია: სწორედ მისგან უნდა მოდიოდეს ავტოკეფალიის აღიარების ინიციატივა. რუსეთი კი არანაირად, ვერასდროს და ვერანაირად იქნება აფხაზეთის დედაეკლესია და, შესაბამისად, ვერც მიანიჭებს, ან მინიჭების ინიციატივით გამოვა;
  • ავტოკეფალიის მინიჭებისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ე.წ. ,,ფოტიოსის პრინციპი’’, რომელიც, თავის მხრივ, მეოთხე მს. კრების მე-17 და ტრულის კრების 38-ე კანონებს ეყრდნობა: საეკლესიო მოწმობა საეროს უნდა მიჰყვებოდეს. ე.ი., შეუძლებელია, ავტოკეფალია მიენიჭოს რომელიმე ისეთი ქვეყნის ეკლესიას, რომლის სახელმწიფოს საზღვრებიც არაა აღიარებული. ვინაიდან და რადგანაც აფხაზეთის ტერიტორია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო თანამეგობრობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს დე იურე ტერიტორიაა, შეუძლებელია, ამ ტერიტორიაზე საქართველოს გარდა, სხვა რომელიმე ეკლესიას ,,ავტოკეფალია მიენიჭოს";
  • რა მოხდება, თუკი, ამ ყოველივეს მიუხედავად, რუსეთი მაინც ,,აღიარებს’’ აფხაზეთის ავტოკეფალიას? - ეს იქნება კანონიკურად ზუსტად იგივე ,,ძალმოსილების’’ შემთხვევა, რაც ნაურუს, ნიკარაგუასა და ვანუატუს მიერ აფხაზეთის "სახელმწიფოს" ცნობა,- ე.ი., ცალმხრივი და უკანონო ,,ავტოკეფალია’’;
  • გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ რუსეთი თავადაც არ იჩქარებს აფხაზეთის ავტოკეფალიის ცალმხრივ ცნობას. საქართველოს საზოგადოებაში მკაფიოდ გამოცხადებული ანტირუსული განწყობის გამო მისი ,,ერთმორწმუნეობა’’ რჩება იმ ერთადერთ იარაღად, რომლითაც დღემდე აგრძელებს საქართველოთი მანიპულირებას. შესაბამისად, აფხაზეთის ცნობა მისი მხრიდან იქნება ამ ერთადერთი იარაღის გადაგდება და იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზის. ასე, რომ ამ მხრივაც ჩვენ მასზე ძლიერი ბერკეტი გვაქვს;
  • სრულიად გაუმართლებელია და უპრინციპობის მაჩვენებელი, რომ ჩვენი კანონიკური ტერიტორიის ცნობა რაიმე მხრივ ,,რუსულ კეთილ ნებაზე’’ დავამყაროთ. აფხაზეთის საკითხის დაცვის გარანტორი უნდა ვიყოთ უპირველესად ჩვენ და არა ის რუსული ,,დერჟავა’’, რომელმაც უკვე წაგვართვა და დღემდე არ გვაკარებს ამ ტერიტორიას;
  • დღევანდელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები არცერთი წამით არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საყდართა შორის არსებულ დაპირისპირებად. უკრაინის საკითხმა ნათლად წარმოაჩინა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებებს ეთანხმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო თანამეგობრობა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია მხოლოდ კრემლის ნარატივით იკვებება. შესაბამისად, როდესაც ერთ მხარეს დგას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო მეორე მხარეს - კრემლი, ვფიქრობ, კითხვაც არ უნდა გაგვიჩნდეს, აფხაზეთის საკითხზე რომელი მხარე რა პოზიციას უჭერს მხარს;
  • ზემოთ ფოტიოსის პრინციპი ვახსენეთ: ავტოკეფალიის მინიჭება არა ეთნიკური, არამედ ტერიტორიული ნიშნით ხდება, ხოლო ეთნიკური ნიშნით მინიჭება ‘’ეთნოფილეტიზმია’’. შეგახსენებთ, რომ ესაა ერესი, რომელიც 1872 წლის კონსტანტინოპოლის კრებით დაიგმო. ე.ი., ამ ნიშნით აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის ცალმხრივი მინიჭება, საეკლესიო სამართლის მიხედვით, იქნება ერესი, ხოლო აწ უკვე მინიჭებული კრებული - ერეტიკოსი.

უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ რუსეთის ეკლესიას არანაირი კანონიკური ბერკეტი არ აქვს, თუნდაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკურ პროცესებში ჩაერიოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკლესიის საერთაშორისო პროცესებს წყვეტს კონსტანტინოპოლი და აფხაზეთის პრობლემის ჩვენს სასიკეთოდ გადაჭრა სწორედ მასთან ახლო კავშირებით უნდა შევძლოთ.

დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, გამოვასწოროთ 2016 წლის კრეტას კრების ბოიკოტით შექმნილი საზიანო სიტუაცია და კონსტანტინოპოლის კანონიკური თუ პოლიტიკური გავლენები გამოვიყენოთ ერთის მხრივ, აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად, ხოლო მეორეს მხრივ, ტაო-კლარჯეთის საკითხის საჩვენოდ შემობრუნებისთვის. მოგეხსენებათ, მსოფლიო საპატრიარქო სტამბულში მდებარეობს და შეგვიძლია, მისი შუამავლობით თურქეთის ხელისუფლებასთან დიალოგით რეალურ შედეგს მივაღწიოთ.

თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი